სამუშაო ჯგუფმა საქმიანობის პროცედურული მხარე განიხილა

სამუშაო ჯგუფი: ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.

სხდომის თარიღი: 2014 წლის 5 აპრილი – I სხდომა

სრული შემადგენლობა: 31

დამსწრეთა რაოდენობა: 11 (კვორუმი არ შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს მუშაობის პროცედურულ მხარეზე, აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შესახებ და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის რეალური კონტროლის უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით.

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა განიხილა მუშაობის პროცედურული მხარე. არ იქნა გაზიარებული პოზიცია, რომ, უპირველესად, ჯგუფი უნდა შეჯერდეს კონცეპტუალურ საკითხებზე. სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ თავდაპირველად განიხილავდნენ სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს მუხლობრივად.

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის მიმართებაზე სასამართლო ხელისუფლებასთან. გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული ინსტიტუტთა სიძლიერე წარმოშობს მკვეთრ დისბალანსს სასამართლოსთან მიმართებით, რაც ართულებს ამ უკანასკნელის მიერ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ამიტომაც აუცილებელია პროკურატურის გამოყოფა იუსტიციის სამინისტროდან და შსს დეცენტრალიზაცია.

დისკუსიის დროს, დაისვა ადამიანის უფლებების თავში სოციალური უფლებების დამატების საკითხი, რაზეც წევრთა აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სოციალური უფლებები დაკავშირებულია სახელმწიფოს ფინანსურ შესაძლებლობასთან, რაც ცვალებადია, შესაბამისად, სოციალური ვალდებულებებს კონსტიტუცია არ უნდა შეიცავდეს და ის უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი. განსხვავებული მოსაზრებით, სოციალური უფლებების (მინიმალური გარანტიების მაინც) კონსტიტუციაში ასახვა აუცილებელია და გამომდინარეობს სოციალური სახელმწიფოს კონცეფციიდან.

სამუშაო ჯგუფი შეეხო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობის თემას, რომელიც გამოიძიებს სახელმწიფო მოხელეთა მიერ შესაძლოდ ჩადენილ გარკვეული კატეგორიის დანაშაულებს. პირველადი სამუშაო ვერსიის მიხედვით, აღნიშნული ორგანო იქნება საპარლამენტო კონტროლის ორგანო სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებამოსილებით.

წარიმართა მსჯელობა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის რეალური კონტროლის მინიჭებასთან დაკავშირებით (რეალური კონტროლი გულისხმობს საერთო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ). სამუშაო ჯგუფის აზრით, ეს შეამცირებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ საჩივართა ოდენობას, ხოლო საკონსტიტუციოს გადატვირთვის პრობლემა მოიხსნება დასაშვებობის სტადიის გამკაცრებით, რაც შეიძლება მოიაზრებდეს გარკვეულ ჯარიმებს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებისთვის.

კვორუმის არარსებობის გამო სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფელბების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com.