სამუშაო ჯგუფმა მსჯელა რეფორმის პროცესში განსახილველ საკითხა ნუსხის შესახებ

სამუშაო ჯგუფი: ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი: 2014 წლის 5 აპრილი – I სხდომა

სრული შემადგენლობა: 16

დამსწრეთა რაოდენობა: 9 (კვორუმი შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა  საკითხთა ნუსხაზე, რომელიც განხილვას უნდა დაექვემდებაროს. კომისიის წევრებმა ტერიტორიული მოწყობის მოდელები ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკასთან კავშირში განიხილეს.

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფის წევრებმა თავდაპირველად განიხილეს მუშაობის პროცედურული მხარე და ჩამოთვალეს საკითხები, რომლებიც სამუშაო ჯგუფის თემატიკაში თავსდებოდა. ამასთან, შეთანხმდნენ, რომ ეს საკითხები არ იქნებოდა ამომწურავი.

სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ აგრეთვე უნდა განიხილონ  ორპალატიანი პარლამენტის საკითხი, ვინაიდან მას მჭიდრო კავშირი აქვს ტერიტორიულ მოწყობასთან. სამუშაო ჯგუფი გეგმავს, შესაბამის სამუშაო ჯგუფს წარუდგინონ წინადადებები ორპალატიან პარლამენტთან დაკავშირებით.

სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა შემოიტანა წინადადება ემსჯელათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის თაობაზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან საკონსტიტუციო კომისიის მანდატი მხოლოდ კონსტიტუციით ამოიწურება.

ამის შემდგომ, სამუშაო ჯგუფმა განიხილა ტერიტორიული მოწყობის შესაძლო მოდელი. გამოითქვა მოსაზრება, რეგიონალიზმის, ხოლო თუ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გაიხსნება ფედერალური მოწყობის მოდელის დანერგვის შესახებ. საპირისპიროდ აღინიშნა, რომ ამგვარი მოწყობა შეიძლება გახდეს სხვა საფრთხის წყარო და ამასთან ფედერალიზმი ვერც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებს მოაგვარებს. დამატებით აღნიშნა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემის გასახსნელად შეიძლება არ არსებობდეს მზაობა, რის გარეშეც ტერიტორიული მოწყობის განსაზღვრა რთული იქნება, ამიტომაც რთულია რომელიმე კლასიკური მოდელის საქართველოზე მორგება, შესაბამისად, უნიტარიზმისა და ფედერალიზმის ელემენტების შერწყმა გახდება საჭირო. ალტერნატიული მოსაზრებით სულ ცოტა ძლიერი თვითმმართველობის მოდელი უნდა ჩამოყალიბდეს, რისი ორიენტირიც თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონი ვერ იქნება.

ერთ-ერთმა წევრმა ჯგუფს შესთავაზა, თავდაპირველად განესაზღვრათ ის მიზანი, რის საფუძველზეც შემუშავდებოდა თვითმმართველობის მოდელი. ასეთ შესაძლო მიზნად მან დაასახელა: ეფექტური მმართველობა, კონფლიქტების მოგვარება და ხალხთან ახლოს მყოფი მმართველობა.

სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ შემდეგ სხდომაზე წარმოადგენდნენ მოსაზრებებს ტერიტორიული მოწყობისა და ბიკამერალიზმის საკითხებზე.

 

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com