სამუშაო ჯგუფმა კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ იმსჯელა

სამუშაო ჯგუფი: ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი: 2014 წლის 6 აპრილი – I სხდომა

სრული შემადგენლობა: 11

დამსწრეთა რაოდენობა: 6 (კვორუმი შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა განიხილა პრეამბულის შეცვლის საკითხი და მასში განსახორციელებელი შესაძლო ცვლილებები, აგრეთვე კონსტიტუციის გადასინჯვის მოდელები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კონსტიტუციური ცვლილების მიღებაზე რეფერენდუმითა და პლურალური ვოტუმით.

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა იმ თემების იდენტიფიცირება მოახდინა რომლებიც შეიძლება გახდეს მათი მსჯელობის საგანი, თუმცა შეთანხმდნენ, რომ ეს არ იქნებოდა რეფორმის საკითხების ამომწურავი ჩამონათვალი.

სამუშაო ჯგუფმა განიხლია პრეამბულაში ტერმინის „ქართველი ხალხი“ შემოტანის საკითხი, რასაც წევრთა უმრავლესობის მხრიდან მოჰყვა წინააღმდეგობა, რამდენიმე მათგანის აზრით, ეს ტერმინი შეიძლება გაგებული იქნეს ვიწროდ, როგორც მხოლოდ ეთნიკურად ქართველები. დამატებითი არგუმენტის მიხედვით, პრეამბულის მიზანი კონსტიტუციის გამოცხადებაა და რაკი ის უკვე არსებობს, პრეამბულაში ცვლილებების საჭიროება აღარ დგას.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს, პრეამბულაში სოციალური და ეკონომიკური სახელმწიფოს ურთიერთმიმართების საკითხზე. რამდენიმე წევრის აზრით, სოციალური სახელმწიფო არის მემარცხენე იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი პრინციპი, რაც უნდა გაძლიერდეს პრეამბულის სოციალური ნაწილის გაძლიერებისა და მეორე თავში შესაბამისი უფლებების ასახვის თვალსაზრისით. განსხვავებული მოსაზრებით, რაიმე სოციალური უფლების კონსტიტუციურ დონეზე ასახვა გაუმართლებელია, ვინაიდან ეს იქნება სახელმწიფოს ვალდებულება, რომელიც შეიძლება ობიექტური მიზეზების გამო ვერ შესრულდეს, ამასთან შებოჭოს საზოგადოების განვითარება მემარცხენე კურსით.

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა, კონსტიტუციის გადასინჯვაზე რეფერენდუმის გზით, ვინაიდან ეს უზრუნველყოფს კონსტიტუციის ლეგიტმაციის შენარჩუნებას. საწინააღმდეგო პოზიციით, რეფერენდუმზე არსებობს პოპულისტური კონსტიტუციის, ან კონკრეტული დომინანტი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე მორგებული კონსტიტუციის მიღების რისკი. ამასთან, რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამან შეიძლება გამოიწვიოს კონსტიტუციის ლეგიტიმიაციის დაკარგვა. ალტერნატივად შემოთავაზებულ იქნა, კონსტიტუციის მიღება პლურალური ვოტუმით (სკანდინავიური მოდელი – პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციური ცვლილების დადასტურება მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ).

სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ შემდეგ სხდომაზე წარმოადგენდნენ კონსტიტუციის მე-2 და მე-3 მუხლის პროექტს („საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ“).

სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com.