სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა ტერიტორიული მოწყობის შესახებ

სამუშაო ჯგუფი: ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი: 2014 წლის 23 აპრილი – II სხდომა

სრული შემადგენლობა: 11

დამსწრეთა რაოდენობა: 7 (კვორუმი შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა განიხილა ტერიტორიული მოწყობის მოდელთან დაკავშირებით წარმოდგენილი პროექტი. იმსჯელა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან მომდინარე კონსტიტუციის შესაძლო ცვლილებებისა და კონსტიტუციის ზოგადი და ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ.

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა განიხილა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის პროექტის ორი ვერსია, რომელიც შეეხება ტერიტორიული მოწყობის განსაზღვრის საკითხს. პროექტის მიხედვით მოხსნილია ტერიტორიული მოწყობის ფორმის განსაზღვრა იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ, წარმოდგენილი პროექტი შეიცავს მითითებს 4 განსაკუთრებულ ტერიტორიულ სუბიექტზე – აფხაზეთი, აჭარა, სამხრეთ ოსეთი, თბილისი. სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს უნდა განისაზღვროს თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსად ავტონომიური რესპუბლიკა/ოლქი. გამოითქვა მოსაზრება, რომ სტატუსის წინასწარი განსაზღვრა ოკუპირებული ტერიტორიებთან დიალოგის გარეშე რთულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ თემაზე მუშაობა უნდა წარიმართოს ტერიტორიული მოწყობის სამუშაო ჯგუფთან ერთად.

სამუშაო ჯგუფმა განიხილა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებების საკითხი. შეთანხმდნენ, რომ ეს თემა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციით გადაწყდებოდა. სამუშაო ჯგუფის წევრმა დასვა საქართველოს ტერიტორიების გასხვისებისა და უცხო მოქალაქეთათვის სასოფლო მიწის საკუთრების უფლების სუვერენიტეტთან მიმართების საკითხი. პოზიციის მიხედვით, უნდა მოხდეს საკუთრების უფლების ამ კომპონენტის შეზღუდვა. გამოითქვა საწინააღმდეგო პოზიცია, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულს სუვერენიტეტთან კავშირი არ აქვს და სამუშაო ჯგუფის კომპეტენციას არ წარმოადგენს.

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა ზოგადი და ნაწილობრივი გადასინჯვის საკითხზე. სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, რომ  ტერმინოლოგია ბუნდოვანია და მათი გამიჯვნა არის შეუძლებელი. ალტერნატიული მოსაზრებით, ზოგადი გადასინჯვა შეიძლება მიუთითებდეს კონსტიტუციის ზოგადი პრინციპების გადასინჯვაზე, ხოლო ნაწილობრივ ორდინალურ ნორმებზე.

სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com