სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიისა და რეალური კონტროლის შესახებ

სამუშაო ჯგუფი: ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.

სხდომის თარიღი: 2014 წლის 26 აპრილი – II სხდომა

სრული შემადგენლობა: 31

დამსწრეთა რაოდენობა: 13 (კვორუმი არ შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის და რეალური კონტროლის შესახებ. განიხილა უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოდგენილი სასამართლო ხელისუფლების თავის პროექტი.

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც ექნება სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების უფლებამოსილებაც. ალტერნატიულ ვარიანტად დასახელდა გენერალური ინსპექციების დამოუკიდებლობის გაძლიერება (მაგ: მათი თავმჯდომარის პარლამენტის მიერ დანიშვნით). აქვე აღინიშნა, რომ საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების სამუშაო ჯგუფთან ერთად, შესაბამისად, განსახილველი საკითხი ღიად დარჩა.

სამუშაო ჯგუფმა განიხილა სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოსადმი რეალური კონტროლის მინიჭებასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის მიხედვით, ე.წ. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის ალტერნატიული მექანიზმის შექმნისათვის, რეალურ კონტროლს ენიჭება უკუძალა 5 წლამდე. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ვადა არ არის დასაბუთებული და უმჯობესია დაუკავშირდეს კონსტიტუციის მიღების თარიღს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის მე-4 ინსტანცია და უნდა დაზუსტდეს რის ფარგლებში მოწმდება საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება და აუცილებელია მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს გადატვირთვა გარდაუვალი იქნება.

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა სასამართლო ხელისუფლების თავის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგინა კონსტანტინე კუბლაშვილმა. ზედაპირული დისკუსიის შედეგად, გამოითქვა შემდეგი ძირითადი შენიშვნები: გაჩნდეს სპეციალური ჩანაწერი სპეციალიზებული სასამართლოების შესახებ; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სისხლის სამართლებრივ დევნაზე თანხმობას უნდა აძლევდეს პარლამენტი და თავად პლენუმი; მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა უნდა შენარჩუნდეს; უზენაესი სასამართლოს წევრებს დასამტკიცებლად უნდა წარადგენდეს პრეზიდენტი და არა პლენუმი.

სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს განესაზღვრათ დრო თავიანთი მოსაზრებების წარმოდგენისთვის.  საკონსტიტუციო სასამართლოს ეთხოვა მოსაზრებების წარმოდგენა ძირითად უფლებებთან, ხოლო იუსტიციის სამინისტროს სასამართლოსთან და პროკურატურასთან დაკავშირებით.

კვორუმის არ არსებობის გამო, სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფელბების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com.