სამუშაო ჯგუფმა სპეციალიზირებულ და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ იმსჯელა

სამუშაო ჯგუფი: ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.

სხდომის თარიღი: 2014 წლის 3 მაისი – III სხდომა

სრული შემადგენლობა: 31

დამსწრეთა რაოდენობა: 18 (კვორუმი შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა განიხლა სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების, ნაფიცი მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე იმსჯელა სამხედრო და სპეციალიზებული სასამართლოების შესახებ.

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა მუშაობის პროცედურულ მხარეზე და შეთანხმდა, რომ განხილვა დაიწყებოდა სასამართლო ხელისუფლების თავით და გაგრძელდებოდა მუხლობრივად.

სამუშაო ჯგუფმა განიხილა სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხი და პასუხისმგებლობა მათი შეუსრულებლობისთვის. დისკუსიისას ხაზი გაესვა, რომ პირთა წრის ჩამოთვლა (სახელმწიფო დაწესებულებები, იურიდიული და ფიზიკური პირები) არ არის აუცილებელი და ყურადღება უნდა გამახვილდეს პერსონალურ იურისდიქციაზე, აგრეთვე არ უნდა დაიკარგოს ჩანაწერი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“ ვინაიდან იგი პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით. სკ-ის 82-ე მუხლი მე-2 პუნქტის პროექტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „სასამართლოს აქტი სავალდებულოა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ასევე მათთვის ვინც ექვემდებარება საქართველოს იურისდიქციას. სასამართლოს აქტის შეუსრულებლობა ან მისი აღსრულებისთვის ხელისშეშლა ისჯება კანონით“.

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ. მისი გაუქმების მომხრეთა მოსაზრებით, აღნიშნული ინსტიტუტი არღვევს სამართლიანი სასამართლო უფლებას, განსაკუთრებით იმ ფორმულირებით, როგორც ეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშია. საწინააღმდეგო მოსაზრებით, აღნიშნული ინსტიტუტს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია და ამ ეტაპზე მისი გაუქმება მიზანშეუწონელია, ამასთან მიმდინარეობს მუშაობა მის დასახვეწად. ალტერნატიული მოსაზრებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მუხლი ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ პარლამენტს მიენიჭოს დისკრეცია თავად გადაწყვიტოს სურს თუ არა განსახილველი ინსტიტუტი. სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ კენჭისყრაზე დადგებოდე სამივე ვარიანტი.

შემოთავაზებული ვარიანტების ინიციატორები:

  1. ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება – ჯონი ხეცურიანი;
  2. ნაფიც-მსაჯულთა შენარჩუნება – თეა წულუკიანი;
  3. ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოს დისკრეციული იმპლემენტაცია – ვახტანგ ნაცვლიშვილი;

სამუშაო ჯგუფმა განიხილა საომარი მდგომარეობის ალტერნატიული ტერმინის შემოღების საკითხი, რასაც შეიძლება დაუკავშირდეს სამხედრო სასამართლოს შექმნა. აღინიშნა, რომ ხშირად, თუნდაც ომის დროს, სახელმწიფომ შეიძლება თავი შეიკავოს საომარი მდგომარეობის გამოცხადებისგან, რადგან იგი აჩერებს მთელ პროცესებს (მაგ: არჩევნებს).  კომისია შეთანხმდა, რომ საომარი და საგანგებო მდგომარეობა არის საერთაშორისოდ აღიარებული ტერმინები და მათი ალტერნატივების დაწესებამ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს, თუმცა 82-ე მუხლის მე-3 პუნქტს უნდა დაემატოს სამხედრო სასამართლოს შექმნის წესის კანონის მოწესრიგების ვალდებულება.

სამუშაო კომისიამ იმსჯელა სპეციალური სასამართლოების (მაგ: არასრულწლოვანთა სასამართლო) შესახებ. აღინიშნა, რომ მართალია ამგვარი სასამართლოს შექმნა კონსტიტუციით არ არის აკრძალული, მაგრამ ბუნდოვანების გასაქრობად კონსტიტუციური საფუძველი აუცილებელია.

სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფელბების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
Email: inc.commission@gmail.com