სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა აჭარის ავტონომიური რესოუბლიკისა და კონფლიქტური ტერიტორიული ერთეულების შესახებ

სამუშაო ჯგუფი: ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი: 2014 წლის 8 მაისი – III სხდომა

სრული შემადგენლობა: 16

დამსწრეთა რაოდენობა: 6 (კვორუმი არ შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური სტატუსის შესახებ, გაანალიზდა კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი.

 

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ ორგანული კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, ან სულ ცოტა, მასში გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რაც განპირობებულია 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმის შედეგად პრეზიდენტის სტატუსის ცვლილებით. რამდენიმე წევრის აზრით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის განსაზღვრა უნდა მოხდეს თავად კონსტიტუციითვე და ცალკე კონსტიტუციური კანონი საჭირო არ არის. გამოითქვა მოსაზრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციაში ცალკე თავის შექმნის შესახებ.

სამუშაო ჯგუფში გამოითქვა მოსაზრება, კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის (“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ”) გადატანაზე გარდამავალ დებულებებში, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება მე-2 მუხლს (”საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ”), ვინაიდან, პირველი ნორმა განსაზღვრავს ტერიტორიული ერთეული სტატუსს მაშინ, როდესაც მეორე ნორმის მიხედვით, ეს უნდა მოხდეს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდგომ.

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა აჭარისა და კონფლიქტური რეგიონების სტატუსის ფორმალურ განსაზღვრებასთან დაკავშირებით (რა ტერმინით უნდა გამოყენებული კონსტიტუციაში მათ აღსანიშნად). გამოითქვა, მოსაზრება, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ტერმინი ოკუპირებული ტერიტორიები.

კვორუმის არარსებობის გამო სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com.