სასამართლო ხელისუფლების ფინანსური გარანტიები და მოსამართლეთა სამოქმედო ტეროტრიის განსაზღვრა

სამუშაო ჯგუფი: ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.

სხდომის თარიღი: 2014 წლის 10 მაისი – IV სხდომა

სრული შემადგენლობა: 31

დამსწრეთა რაოდენობა: 13 (კვორუმი არ შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის, სასამართლოს ფინანსური გარანტიების, აგრეთვე მოსამართლის სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და საქმის განხილვისგან ჩამოცილების წესის შესახებ.

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა განიხლია მოსამართლეთა სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გადაცემის საკითხი (კონსტანტინე კუბლაშვილის პროექტი) დისკუსიისას აღინიშნა, რომ კონსტიტუციურ დონეზე აღნიშნულის დარეგულირებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს სასამართლოს რეფორმის პროცესი მომავალში, შესაბამისად, ის ორგანული კანონით უნდა მოწესრიგდეს და არა კონსტიტუციით.

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა სასამართლო ხელისუფლების ფინანსურ გარანტიებთან დაკავშირებით. შემოთავაზებული ვერსიით, წინა წლის ბიუჯეტის შემცირება დასაშვებია მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში. გამოითქვა მოსაზრება, რომ მხოლოდ ეს მექანიზმი არ არის საკმარისი სასამართლოს ფინანსური დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, შესაბამისად, უნდა ჩაიდოს ვალდებულება „ჯეროვანი“ დაფინანსების მიღების შესახებ (დებულება კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტთა ჯგუფის პროექტიდან). სამუშაო ჯგუფმა ფინანსური გარანტიის დაწესების საჭიროება გაიზიარა „ჯეროვანი“ დაფინანსების მიღების უფლების გამოკლებით.

სამუშაო ჯგუფმა განიხილა მოსამართლეთა სხვა სასამართლოში გადაყვანისა და საქმისგან ჩამოცილების წესი. წარმოდგენილ იქნა ორი თანმხვედრი პროექტი, (კონსტანტინე კუბლაშვილისა და კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტთა ჯგუფის პროექტი) რომელთა მიხედვითაც, გადაყვანა მხოლოდ სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საქმისგან ჩამოცილება მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია სასამართლო ხელისუფლების ჯეროვანი განხორციელებისთვის. ამასთან, თუ საქმეების რაოდენობის შემცირება-გაზრდა წარმოშობს რეორგანიზაციით მოსამართლის თანამდებობის ცვლის საჭიროებას ეს შესაძლებელი იქნება თანხმობით, ამგვარი მკაცრი სტანდარტი კი გამართლებულია  მოსამართლის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შენარჩუნებით. სამუშაო ჯგუფმა ეს ხედვა გაიზიარა და პროექტის სამუშაო ვერსია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

„მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისგან დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, თუ ეს აუცილებელია სასამართლო ხელისუფლების ჯეროვანი განხორციელების უზრუნველსაყოფად.

დაუშვებელია მოსამართლის გადაყვანა სხვა სასამართლოში ან სხვა თანამდებობაზე მისი თანხმობის გარეშე გარდა სასამართლოს ლიკვიდაციისა. ამ შემთხვევაში, მოსამართლის სოციალური მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს“.

კვორუმის არარსებობის გამო, სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com.