სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა გუბერნატორის ინსტიტუტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიების შესახებ

სამუშაო ჯგუფი: ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი: 2014 წლის19 მაისი – IV სხდომა

სრული შემადგენლობა: 16

დამსწრეთა რაოდენობა: 7 (კვორუმი არ შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა განიხილა ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გარანტიები და უფლებამოსილების ფარგლები.

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის („საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ“) გადატანაზე გარდამავალი დებულებების თავში. კონსტიტუციას შესაძლებელია დაემატოს ახალი თავი, სადაც აისახება ტერიტორიული მოწყობის არსებული მოდელი, თვითმმართველობის თავში კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მათი დათხოვნის კონსტიტუციურ გარანტიებზე. გამოითქვა მოსაზრება აღნიშნულ საკითხში ჩაერთოს საკონსტიტუციო სასამართლო.

სამუშაო ჯგუფმა განიხილა სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის საკითხი. რამდენიმე წევრის აზრით, აღნიშნული ინსტიტუტის არსებული ფორმით კონსტიტუციაში ასახვა დაუშვებელია, ვინაიდან იგი სერიოზულ საფრთხეს შეიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისთვის. ალტერნატივად შეთავაზებულ იქნა გუბერნატორის, როგორც არჩევითი თანამდებობის პირის შემოღება.

განსხვავებული მოსაზრებით, გუბერნატორის არჩევითობით და სხვადასხვა ინსტიტუციური გარანტიის მინიჭებით თვითმმართველობების გაძლიერებამ შეიძლება წარმოშვას საფრთხეები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. საწინააღმდეგო პოზიციით, რეგიონებისთვის რეალური თვითმმართველობის შესაძლებლობის მიუცემლობა უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს.

სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ შემდეგ სხდომამდე წარმოადგენდნენ თავიანთ კონცეფციებს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

კვორუმის არარსებობის გამო, სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com