სამუშაო ჯგუფმა ვენეციის კომისიასთან გასამართ შეხვედრაზე განსახილველი საკითხების შესახებ იმსჯელა

სამუშაო ჯგუფი: ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი: 2014 წლის 21 მაისი – IV სხდომა

სრული შემადგენლობა: 11

დამსწრეთა რაოდენობა: 4 (კვორუმი არ შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფის სხდომა დაეთმო ვენეციის კომისიასთან განსახილველი საკითხების მომზადებას. სამუშაო ჯგუფმა ასევე იმსჯელა აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

 

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა განიხილა საკითხთა ჩამონათვალი, რომლებზეც ვენეციის კომისიის ვიზიტისას უნდა ემსჯელათ. გამოითქვა მოსაზრება, რომ ვინაიდან სამუშაო ჯგუფში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა კონსტიტუციური ცვლილების მიღების ფორმაზე, ეს საკითხი უნდა მოხვედრილიყო ნუსხაში. დაფიქსირდა ცალკეული პოზიცია, მიმდინარე კონსტიტუციურ ცვლილებებით ერთჯერადად რეფერენდუმით მიღების შესახებაც.

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა მუდმივი ნორმების (დებულებები, რომლებიც გადასინჯვას არ დაექვემდებარება) საკითხთან დაკავშირებით. გამოითქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება სუვერენიტეტის შეზღუდვა, რის შესახებაც კონსტიტუციაში უნდა მოიპოვებოდეს შესაბამისი ჩანაწერი.

სამუშაო ჯგუფის რამდენიმე წევრის აზრით, დისკუსიისას ყურადღება უნდა გამახვილდეს აგრეთვე ბიკამერალიზმის საკითხებზეც.

კომისიამ განიხილა ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის განსაზღვრის საკითხი. გამოითქვა მოსაზრება, რომ დიალოგისა და ორმხრივი შეთანხმების გარეშე მინიჭებული რაიმე სტატუსი აღნიშნული ტერიტორიების მიერ არ იქნება დადებითად აღქმული, ამიტომაც, სავარაუდოდ მათ უნდა მიენიჭოთ სტატუსი „განსაკუთრებული“.

კვორუმის არარსებობის გამო, სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com