EMC 17 მაისის მოვლენებზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნას ეხმაურება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო  (აიდაჰოს) დღისადმი მიძღვნილი აქციისა და მასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ დასკვნის განხილვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფის მიუხედავად, შენიშვნების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სამოქალაქო სექტორმა კომიტეტს წარუდგინა და რომელზეც სამუშაო შეხვედრებზე კონსენსუსი მიიღწა, დასკვნის საბოლოო ტექსტში, სამწუხაროდ, არ არის ასახული. კომიტეტმა დასკვნის ტექსტიდან ამოიღო აშკარად შეუსაბამო მოსაზრებები, რომელიც დასკვნის პირველად პროექტში არსებობდა და  პროპაგანდას, ერთსქესიან ქორწინებას, რელიგიირ თავისუფლებას შეეხებოდა, თუმცა, კომიტეტის ახალ დასკვნაში მაინც რჩება მნიშვნელოვანი ხასიათის ხარვეზები. კერძოდ,  დოკუმენტი არ შეიცავს 17 მაისს და  მის შემდგომ განვითარებული მოვლენების სრულყოფილ ფაქტობრივ აღწერას, რაც პარლამენტის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის სერიოზული შემთხვევებისა და ტენდენციების დოკუმენტირებისა და აღიარების საშუალება იქნებოდა და თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა პროცესების სწორ სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, დასკვნაში კომიტეტი გვერდს უვლის  არსებითი ხასიათის სამართლებრივ შეფასებებს, მაგალითად, როგორიცაა აიდაჰოს დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის მონაწილეების მიმართ შეკრების თავისუფლების დარღვევის საკითხი. მეტიც, დოკუმენტი შეიცავს ისეთი შინაარსის მოსაზრებებს, რომელიც არ არის რელევანტური და შეიძლება შეფასდეს როგორც, კომისიის მცდელობა მისი პოზიცია დააბალანსოს კონტრდემონსტრანტებისა და რელიგიური ჯგუფის მოსაზრებებით.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ქვემოთ მიუთითებს რამდენიმე არსებითი ხასიათის პრობლემაზე, რომელიც კომიტეტის დასკვნაში არსებობს:

– დოკუმენტი საერთოდ არაფერს ამბობს იმის თაობაზე, რომ 17 მაისის აიდაჰოს დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის მონაწილეების მიმართ ადგილი ჰქონდა შეკრების თავისუფლების დარღვევას, რადგან მათ არ მიეცათ აღნიშნული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.

კომიტეტმა დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს  (შემდგომში შსს) საქმიანობა აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის კუთხით, თუმცა, შეფასების გარეშე დატოვა სახელმწიფოს მიერ შეკრების თავისუფლების დაცვის მიზნით პოზიტიური ვალდებულების შესრულების საკითხი. ამ მიმართებით კომიტეტს უნდა შეეფასებინა ის საკითხი, თუ რამდენად აჩვენა შსს-მ სრულყოფილი ძალისხმევა მიეღო ყველა ზომა აქციისა და კონტრაქციის მონაწილეების ეფექტური დაშორიშორებისა  და აქციის უსაფრთხო  და მშვიდ გარემოში  ჩატარების მიზნით, მათ შორის, სათანადოდ განჭვრიტა თუ არა სამინისტრომ კონტდემონსტრანტებისგან მომდინარე საფრთხეები და მოსალოდნელი რისკების პრევენციისთვის რამდენად ეფექტური უსაფრთხოების გეგმა შეიმუშავა. იმ შემთვევაში, თუ  კომიტეტი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფომ ჯეროვნად შეასრულა მისი პოზიტიური ვალდებულებები (და დოკუმენტის სულისკვეთება ამგავრი წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა), ეს სათანადო დასაბუთებას მოითხოვდა, რაც კომიტეტს არ გაუკეთებია.

ამასთან ნიშანდობლივია, რომ შეკრების თავისუფლების ნაწილში, კომიტეტმა არაფერი თქვა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული უფლებით დაცულია მხოლოდ მშვიდობიანი შეკრება და შესაბამისად, კონტდემონსტრაციის მონაწილეების ის ნაწილი (ჩვენი შეფასებით კი, აქციის მონაწილეების მიერ გამოვლენილი ძალადობის მასშტაბისა და ხასიათის გათვალისწინებით კონტრაქცია მთლიანობაში ძალადობრივი იყო), რომელმაც გამოავლინა ძალადობრივი განზრახვა და ქცევა, რაც პოლიციის მიერ აღმართული კორდონის ძალით გარღვევასა და აიდაჰოს დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის მონაწილეების დევნაში, მათი ჯანმრთელობის დაზიანებაში გამოიხატა, გავიდა  შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან. ამგვარი მითითება კომიტეტის მხრიდან იქნებოდა მცდელობა მომავალში აქციის მონაწილეების არამშვიდობიანი, ძალადობრივი ქცევის პრევენციისა და სწორი სამართლებრივი მოლოდინების განმტკიცებისთვის. ამ მიდგომის საპირისპიროდ, კომიტეტი ვრცელ აბზაცს უთმობს კონტრშეკრების, როგორც შეკრების თავისუფლების დაცული უფლების მნიშვნელობას.

– კომიტეტის დასკვნაში ცალკე ქვეთავად არის წარმოდგენილი რელიგიური ორგანიზაციების, ძირითადად საპატრიარქოს განცხადებები, თუ რა მოსაზრებებით ეწინააღმდეგებოდა ის აიდაჰოს აქციის ჩატარებას, მათ შორის, დასკვნაში მოცემულია ციტირებები საპატრიარქოს განცხადებებიდან, რომელიც სექსუალური ორეინტაციის პროპაგანდისგან თავის შეკავების მოწოდებასა და ლგბტ პირების, როგორც მძიმე ცოდვაში მყოფი პირების   შეფასებას შეიცავს. თუმცა, არაფერია ნათქვამი თავად აიდაჰოს დღის აქციის კონცეფციის თაობაზე, რომელიც ლგბტ პირების მიმართ ძალადობაზე პროტესტს წარმოადგენდა.

ამავე ქვეთავში კომიტეტი ხაზს უსვამს მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის განცხადების მნიშვნელობას, რომლითაც ის გაემიჯნა ძალადობას. ამასთან კომიტეტი უთითებს რელიგიის სოციალურ მნიშვნელობაზე და რელიგიური ორგანიზაციების უფლებაზე საზოგადოებაში დაამკვირდროს მისი ღირებულებები. ცხადია იმ გარემოების ხაზგასმა, რომ ეკლესია გმობს ძალადობას, მნიშვნელოვანია,  თუმცა,  იმ პირობებში როდესაც კონტრაქციას  რელიგიური პირების (მათ შორის, მაღალი რანგის სასულიერო პირების) დიდი რაოდენობა ესწრებოდა და ფაქტობრივად მართავდა მას, რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის მნიშვნელობაზე ხაზგასმა, საკითხის ამ დისკურსში გადატანა და მსგავსი აქცენტების დასმა კომიტეტის მხრიდან შეუსაბამო და უსამართლოა,  მით უფრო, რომ კონტრაქციის უფლების გამოყენების პროცესში რელიგიური ჯგუფები გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდნენ და არა რელიგიის თავისუფლებით.

– სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციის მიუხედავად, დასკვნაში კომიტეტმა არ დაგმო 17 მაისის მოვლენებთან დაკავშრებით საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებული ჰომოფობიური ხასიათის განცხადებები, რაც პარლამენტის მხრიდან თვითკონტროლის და ეთიკურ მიდგომებზე თვითცენზურის კარგი საშუალება იქნებოდა.

– კომიტეტმა თავის დასკვნაში შსს-ს მისცა რეკომენდაცია შეკრების მართვის ტექნიკისა და რბილი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით სამართალდამცავი პირების გადამზადების მიზნით, თუმცა, კომიტეტის ეს რეკომენდაცია შსს-ს მიერ უსაფრთხოების გეგმის შემუშავებისა და მისი განხორციელების დროს დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით (მათ შორის, აქციის მონაწილეების ევაკუაციის შემდეგ ძალადობის სპორადული ფაქტების პრევენციის პრობლემა), უფრო მეტ კონკრეტიზაციას მოითხოვს. ამასთან სამწუხაროა, რომ კომიტეტმა არ გაიზიარა სამოქალაქო საზოგადოების წინადადება, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის წარედგინა რეკომენდაციები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლისა და ამგვარი სამართალდარღვევის მსხვერპლების რეაბილიტაციის ეფექტური სისტემის შემუშავების კუთხით. კომიტეტის ამგავრი მიდგომა მის დოკუმენტს უფრო საქმიანს და ღირებულს გახდიდა.

ზემოთ მითითებულ საკითხებზე სწორი სამართლებრივი და ღირებულებითი შეფასება პარლამენტის მხრიდან მომავალში მსგავსი ქმედებების ჩადენის დაზღვევასა და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას შეუწყობდა ხელს. ამასთან, ეს პარლამენტს   აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის უფრო ეფექტურად გამოეყენებისა  და ამის დემონსტრირების შესაძლებლობას მისცემდა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s