სამუშაო ჯგუფმა კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი განიხილა

სამუშაო ჯგუფი: ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი: 2014 წლის 19 ნოემბერი – VIსხდომა

სრული შემადგენლობა: 11

დამსწრეთა რაოდენობა: 3 (კვორუმი არ შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა განიხილა საქართველოს კონსტიტუციის მერვე თავის (კონსტიტუციის გადასინჯვის) პროექტი.

 

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა განიხილა ავტორთა ჯგუფის მიერ მომზადებული კონსტიტუციის გადასინჯვის თავის პროექტი, რომლის მიხედვითაც:

  1. კონსტიტუციური ცვლილება მიიღება პლურალური ვოტუმის გზით (ორი მოწვევის პარლამენტის მიერ);
  2. გადასინჯვა ითვალისწინებს კონსტიტუციის მუდმივობის გარანტიებს, კერძოდ, ნორმებს, რომელთა შეცვლა კონსტიტუციის გადასინჯვის შემთხვევაში დაუშვებელია.
  3. კონსტიტუციური ცვლილებები, შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებამდე, საჭიროებს სავალდებულო სერტიფიცირებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს ცვლილებების შესაბამისობას მუდმივ დებულებებთან, ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, აგრეთვე სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიებთან მიმართებით.

პროექტის ავტორთა განმარტებით, შემოთავაზებული პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს არაგონივრული და პარტიულ ინტერესებზე მორგებული კონსტიტუციური ცვლილებების დაზღვევა, ხალხის ეფექტური ჩართულობის ხელშეწყობა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციური სტანდარტის გაძლიერება.

კომისიის სხდომაზე კომისიის წევრების მიერ პროექტთან არსებითი წინააღმდეგობა არ გამოთქმულა. ცალკეული მოსაზრების მიხედვით, გადასინჯვის პროცედურა ზედმეტად ხანგრძლივია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გადაუდებელი კონსტიტუციური ცვლილებების გაჭიანურება. აგრეთვე, პროექტი არ ითვალისწინებს ახალი კონსტიტუციის მიღების პროცედურას. წარმოდგენილი პროექტი შემდეგი მოწვევის პარლამენტს არ უტოვებს შესაძლებლობას შეიტანოს რაიმე სახის ცვლილება წინამორბედი პარლამენტის მიერ მისთვის გადაცემულ კონსტიტუციური კანონის პროექტში.

პროექტის ავტორთა განმარტებით, გადასინჯვის პროექტით გათვალისწინებული მუდმივობის გარანტიების შენარჩუნების შემთხვევაში, ახალი კონსტიტუციის მიღება შესაძლებელია, ხოლო შემდეგი მოწვევის პარლამენტისთვის კონსტიტუციური კანონის პროექტში შინაარსობრივი შენიშვნების შეტანის უფლება აზრს დაუკარგავს პლურალური ვოტუმის იდეას. დამატებით აღინიშნა, რომ ვადების შემცირება შესაძლებელია.

კვორუმის არარსებობის გამო, სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com