სამუშაო ჯგუფმა მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის გაუქმების საკითხი განიხილა

სამუშაო ჯგუფი: ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი: 2014 წლის 15 დეკემბერი – IX სხდომა

სრული შემადგენლობა: 31

დამსწრეთა რაოდენობა: 10 (კვორუმი არ შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა განიხილა მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ამოღებისა და ზოგიერთი თანამდებობის პირის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისგან გათავისუფლების საკითხი.

 

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის – კონსტანტინე კუბლაშვილის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, აგრეთვე ავტორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პროექტები მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით. წინადადების ავტორთა მოსაზრებით, უნდა გაუქმდეს მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ინსტიტუტი. მათი არგუმენტაციით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მოსამართლის საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი მას აქცევს წნეხის ქვეშ, რაც ქმნის მოსამართლეთა ინსტიტუციური და პერსონალური დამოუკიდებლობის შეზღუდვის მაღალ საფრთხეს. აღნიშნული პოზიციის მხარდაჭერები დამატებით არგუმენტად იშველიებენ ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც უარყოფითად აფასებს გამოსაცდელი ვადის ინსტიტუტს.

საპრობაციო პერიოდის ალტერნატივად შემოთავაზებულ იქნა:

  1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსის გახანგრძლივება;
  2. მისი გადატანა კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში, რაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, გამოსაცდელ ვადას გააუქმებს;
  3. მოსამართლეთა დანიშვნა არა უვადოდ, არამედ 18 წლით (მხოლოდ ერთი ვადით);

მოსამართლეთა საპრობაციო პერიოდის მხარდამჭერთა მოსაზრებით, ამ ეტაპზე არსებობს ეჭვები არსებული სასამართლო კორპუსის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და უვადოდ დანიშვნამდე უნდა იყოს მექანიზმი, რომელითაც შესაძლებელი იქნება მოსამართლეთა პრაქტიკული საქმიანობის შეფასება. მათი აზრით, მართალია ვენეციის კომისიამ არ მოიწონა განსახილველი ინსტიტუტი, მაგრამ მან დადებითად შეაფასა კანონის სხვა ნაწილები, ამასთან, საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და არ არის შებოჭილი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით.

სამუშაო ჯგუფმა განიხილა მუშაობის პროცედურული მხარე. დამსწრე წევრები შეთანხმდნენ რომ მუშაობა გაგრძელდებოდა რეგულარულად, მიუხედავად სხდომებზე კვორუმის არარსებობისა.

კვორუმის არარსებობის გამო, სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com.