არასამთავრობო ორგანიზაციები მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს ივანე მერაბიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ 14 დეკემბერს, უცნობმა პირებმა ის გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მანქანაში ჩასვეს, თავზე გადააფარეს მოსაცმელი და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.  

მერაბიშვილის განცხადებით, ის მიიყვანეს უცნობ შენობაში, მისი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მას დახვდა საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისთვის უცნობი კიდევ ერთი პიროვნება. მერაბიშვილის გადმოცემით, მთავარმა პროკურორმა მას ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით თანამშრომლობა და ასევე მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშის ნომრების დასახელება მოსთხოვა. სანაცვლოდ მას დაჰპირდნენ დახმარებას ქვეყნიდან გასვლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მერაბიშვილს დაემუქრნენ, რომ მას ციხეში შეუქმნიდნენ ცუდ პირობებს და მის მეგობრებსაც დაიჭერდნენ.

ი.მერაბიშვილის განცხადების გავრცელების შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში ცხარე დისკუსია გაიმართა იმის შესახებ უნდა დაიწყოს თუ არა აღნიშნულ საკითხზე გამოძიება. ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ ი.მერაბიშვილის განცხადება დამაჯერებლობას მოკლებულია, აბსურდულია და გამოძიება არ უნდა დაიწყოს (მხოლოდ რამოდენიმე თანამდებობის პირი საუბრობდა გამოძიების დაწყების საჭიროებაზე). ვისმენდით განმარტებას, რომ დაიწყებს თუ არა გამოძიებას, ეს პროკურატურის დისკრეციაა და მის არჩევანზეა დამოკიდებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო  კოდექსის  მე-100 მუხლის თანახმად, ,,დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება“. იმავე კოდექსის 101-ე მუხლი აღნიშნულ დანაწესს კიდევ უფრო აკონკრეტებს და მიუთითებს შემდეგს: ,,გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში“.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურას მოცემულ შემთხვევაში არ აქვს არჩევანი დაიწყებს თუ არა გამოძიებას. სისხლის სამარათლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლი ცალსახად და არაორაზროვნად ადგენს ამ ვალდებულებას. გამოძიების დაწყება-არდაწყების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული არ არის ვის სჯერა დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის ნამდვილობა და ვის არა! ვწუხვართ, რომ ასეთი მარტივი განმარტებების გაკეთება გვიწევს…
ამასთან, გამოძიების დაწყების აუცილებელი პირობა არ არის ივანე მერაბიშვილის ან ვინმე სხვა პირის მიერ ოფიციალური განცხადების საგამოძიებო ორგანოში წარდგენა. როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლშია მითითებული, მსგავსი ინფორმაციის მხოლოდ მასმედიით გავრცელებაც წარმოშობს გამოძიების დაწყების ვალდებულებას.
2. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მსჯელობა იმ საკითხზე უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება, ფაქტიურად სხვა არაფერია თუ არა მსჯელობა იმის შესახებ, უნდა შეასრულოს თუ არა პროკურატურამ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებები(?!). ვფიქრობთ, ამ საკითხზე მსჯელობა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. დაუშვებელი და სახიფათოა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის ცალსახა მოთხოვნების საწინააღმდეგო განმარტებების გაკეთება.
3. გვსურს გამოვეხმაუროთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო, ვიდეო კამერების ჩანაწერის ნახვა ვერ მოხდება.
მინისტრის ამ განცხადების საწინააღმდეგო წესია დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ: ,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ… სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულს”.
ი.მერაბიშვილის განცხადებაში არსებული ინფორმაცია (თუ ის სიმართლეა), ცხადია, მხოლოდ მთავარი პროკურორის სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებაზე არ მიუთითებს. ზოგადად, საკნიდან პატიმრის კანონით დადგენილი წესის დარღვევით გამოყვანა და სხვა ტერიტორიაზე გადაყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობის გარეშე ვერ მოხდება. შესაბამისად, ი.მერაბიშვილის განცხადებაში არსებული ინფორმაციის იმ ნაწილის საფუძველზე, სადაც შესაძლებელია არსებობდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობა და რაც სავარაუდოდ ამ დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე მოხდა, გამოძიება უნდა დაიწყოს ,,სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის” (და არა პროკურატურის) გამომძიებლებმა. როგორც აღვნიშნეთ, ამ ვალდებულებას ადგენს იუსტიციის მინისტრის ზემოთ მითითებული ბრძანება, რაც სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის შესასრულებლად სავალდებულოა.
ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია სამინისტრო არ დაინტერესდეს იმის გარკვევით, ჩაიდინეს თუ არა მისმა თანამშრომლებმა დანაშაული.
ასე რომ, მიუხედავად იმისა, დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას, სასჯელაღსრულების სამინისტრო არა თუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია დაიწყოს გამოძიება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თუ სამინისტროს მართლაც სურს  ვიდეო ჩანაწერების ნახვა და ამის აუცილებელ პირობად გამოძიების დაწყება მიაჩნია, ამ პრობლემის მოგვარება მარტივია: სამინისტრომ თავად უნდა შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება, დაიწყოს გამოძიება და ნახოს ჩანაწერი. 
პროკურატურის და სასჯელაღსრულების სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა ქმედებაში, ვისაც ეკისრებათ გამოძიების დაწყების ვალდებულება და არ იწყებენ, შესაძლებელია, ასევე გამოიკვეთოს დანაშაულის ნიშნები (მაგალითად ,,სამსახურებრივი გულგრილობა” სსკ-ს 342-ე მუხლი).
ვფიქრობთ, ნათელია, რომ უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს სიმართლის გარკვევა. თუ ი.მერაბიშვილი ამბობს ტყუილს, ამ ტყუილის დადგენა მარტივია. კითხვებს პასუხი ეფექტურმა და ობიექტურმა გამოძიებამ უნდა გასცეს. გამოძიების არდაწყება, გაჭიანურება, ვიდეო ჩანაწერების ნახვის შეუძლებლობის მომიზეზება ან მსგავსი უსაფუძვლო განმარტებები ზრდის ეჭვებს, რომ ი.მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მართალი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პროკურატურას და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. ასევე მოვუწოდებთ ყველა თანამდებობის პირს, განუხრელად დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და მისი საწინააღმდეგო განმარტებები არ გააკეთონ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის;
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI);
საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“;
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;
არასამთავრობო ორგანიზაცია “Sida”;
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s