ხელმისაწვდომობის უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის დაცვის საგანს წარმოადგენს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების  უფლება იცხოვრონ დამოუკიდებლად და სრულყოფილად იყვნენ ჩართულნი ცხოვრების ყველა სფეროში.  მონაწილე სახელმწიფოებს კონვენცია აკისრებს ვალდებულებას, მიიღონ შესაბამისი ზომები ამ უფლებების რეალიზების ხელშესაწყობად. მათი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარ მისაწვდომობაზე როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. ეს ზომები მოიცავს არსებული წინააღმდეგობებისა და ბარიერების გამოვლენა-აღმოფხვრას და ვრცელდება შენობა-ნაგებობებზე, გზებზე, ტრანსპორტზე, შიდა და გარე ობიექტებზე, სკოლებზე, საცხოვრებელ სახლებზე, სამედიცინო დაწესებულებებსა და სამუშაო ადგილებზე; ასევე, ინფორმაციაზე, კომუნიკაციასა და სხვა სამსახურებზე, ელექტრონულ და სასწრაფო-საავარიო სამსახურებზე.

ევროპის ქვეყნებს მრავალწლიანი პრაქტიკა აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის და თანასწორობის პრინციპის უზრუნველსაყოფი ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით.

შვედეთში განსაკუთრებულად ბოლო წლებში ინტენსიური ყურადღება ეთმობა სამოქალაქო სერვისების ხელმისაწვდომობას, სამშენებლო გარემოში ადვილად აღმოფხვრადი დაბრკოლებების მოგვარებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველასთვის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას.

ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას 1998 წლის უნგრეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიც ითვალისწინებს. ხელმისაწვდომობა შეეხება სამ კატეგორიას: ხელმისაწვდომობას მომსახურებაზე, შენობებსა და ინფორმაციაზე.

დასახული მიზნების ეფექტური განხორციელების და ხელმისაწვდომობის პროცესის გააქტიურების მიზნით, შვედეთში მიიღეს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტი, მაგალითად, დაგეგმარების და მშენებლობის აქტი, ასევე აქტი სახლების ადაპტაციისთვის გრანტების გამოყოფის შესახებ. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმული პირების სახლების ადაპტაციისათვის 2008 წელს გრანტი გაიცა დაახლოებით 75 000 სახლისთვის და ამ მიზნისთვის გახარჯულმა თანხამ 959  მილიონ დოლარს მიაღწია.

დანიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შენობების სპეციალური მოწყობილობით აღჭურვა 2010 წლიდან რეგულირდება მშენებლობების შესახებ სპეციალური აქტით. აქტის თანახმად, ეტლის მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ ბარიერების გარეშე შევიდნენ ყველა შენობაში. აღნიშნული აქტის მიხედვით, შესაბამისი ასოციაცია, რომელიც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შენობის ადაპტაციაზე მუშაობს, ახორციელებს ყველა შენობის კატეგორიზაციას ხელმისაწვდომობის მიხედვით. მაგალითისთვის, C – ნიშნული მიუთითებს, რომ შენობა ნაკლებად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, B -არის სტანდარტული დაშვებადობის განმსაზღვრელი, ხოლო A – უმაღლესი სტანდარტია.

გერმანიის კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს საჯარო შენობების ხელმისაწვდომობას. ეს წესი ეხება როგორც ახალ შენობებს, ასევე ძველი შენობების კონსტრუქციებს. თექვსმეტივე ფედერალურ მიწას იდენტური კანონები აქვს, რომლებიც არეგულირებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შენობის ხელმისაწვდომობას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საჯარო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საინტერესოა შვედეთის პრაქტიკა. ამ ქვეყანაში არსებობს სპეციალური სატრანსპორტო აქტი და ასევე სპეციალური რეგულაცია ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის შესახებ. შვედეთის სატრანსპორტო ადმინისტრაცია, შვედეთის საზღვაო ადმინისტრაცია და შვედეთის სატრანსპორტო სააგენტო თანამშრომლობენ და შეიმუშავებენ ინიციატივებს, გეგმებს და ახდენენ ხელმისაწვდომობის მონიტორინგს. ისინი ასევე პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი რეგულაციის შემუშავებაზე.

ავსტრიაში საჯარო ტრანსპორტის კომპანიები ვალდებულნი არიან 2015 წლამდე ყველა სატრანსპორტო საშუალება ხელმისაწვდომი გახადონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აქტის მიხედვით გათვალისწინებულია ფინანსური სანქციის დაკისრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის მატერიალური თუ არამატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევაში.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით საინტერესოა შვედეთში მოქმედი რეგულაცია, რომელიც  შესაბამის სამთავრობო დაწესებულებების  წარმომადგენლებს ავალდებულებს, ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პოლიტიკის იმპლემენტაციის მიმართულებით მათი მოქმედებებისა, თუ ინიციატივების შესახებ  მისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

შვედეთში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ვებ-გვერდების ხელმისაწვდომობას.  ამ მიზნით მთავრობამ  სპეციალური გაიდლაინიც შეიმუშავა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე ეფექტური ხელმისაწვდომობის გარანტირების მიზნით ბელგიაში გატარდა სხვადასხვა ზომა: მათ შორის, უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა, სამართლებრივი პროცესების დროს ინტერპრეტატორის და თარჯიმანის ხელმისაწვდომობა და სხვა.  გარანტირებულია სასამართლოს ყველა შენობა-ნაგებობაზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა.

შვედეთის სასამართლო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს შშმ პირებისთვის სასამართლო ღონისძიებებში და საქმიანობაში ჩართვას. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ეროვნული სასამართლოს ადმინისტრაციის მიერ განვითარებული სამოქმედო გეგმა. შვედეთის ყველა სასამართლოს ვებ-გვერდი ადაპტირებულია და მისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. ზოგადი ინფორმაცია განთავსებულია ხელმისაწვდომ ფორმატში და აქვს ხმოვანი კითხვის რეჟიმიც.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომობის უფლების გარანტირების მიზნით სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების სიმრავლე და მათი ძალისხმევის სიმძლავრე მკაფიოდ აჩვენებს ამ უფლების რეალიზების აქტუალობას და პრინციპულ მნიშვნელობას.

ბლოგი მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ განხორციელებული კვლევის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებში“ საფუძველზე

 

ავტორი: ნინო გურული