კოალიციის განცხადება საკონსტიტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით

logo

კოალიციას სურს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის დაყოვნებასთან დაკავშირებით. 2013 წლის 23 სექტემბერს ამოიწურა პარლამენტის კვოტით არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ათწლიანი ვადა. მიუხედავად ამისა, დღემდე პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი არ აურჩევია.

საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 10 წელი. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით უფლებამოსილების ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა პარლამენტი ვალდებულია აირჩიოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი. ამ პროცესის დაყოვნება პრობლემურია შემდეგი გარემოებების გამო:

  • საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს განიხილავს კოლეგიურად, 4 ან 9 მოსამართლის შემადგენლობით, შესაბამისად საქმეებში, რომელთა განხილვა დაიწყო ზემოაღნიშნული ვადის შემდგომ სასამართლო განიხილავს ერთი მოსამართლის გამოკლებით, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება საკონსტიტუციო მართლმასჯულების ჯეროვანი განხორციელების პროცესზე.
  •  საკონსტიტუციო სასამართლო კომპლექტდება საქართველოს პარლამენტის, უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ შერჩეული წევრებით. ახალი წევრის არჩევის დაყოვნება ხელს უშლის აღნიშნული ბალანსის ასახვას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას.

პარლამენტის ამგვარი დამოკიდებულება არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხზე. აღნიშნულიდან გამომდინარე კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაუყოვნებლივ დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის არჩევის პროცესი.