მიშელ ფუკო: ციხე

მიშელ ფუკო

სხეულებზე გაწეული გულმოდგინე შრომის მეშვეობით, აპარატის ზოგადი ფორმა მოწოდებულია, რომ  ინდივიდები  დამჯერად და გამოსაყენებლად აქციოს; ციხის ინსტიტუტი ამ აპარატმა მოხაზა ჯერ კიდევ მანამ, სანამ კანონი მას დასჯის ძირითად საშუალებად განსაზღვრავდა.  XVIII-XIX  საუკუნეების მიჯნაზე დასჯის ფორმა ნამდვილად არსებობდა საპყრობილის სახით და ეს სიახლე იყო. თუმცა ეს, დისციპლინური მექანიზმების ისტორიაში უმნიშვნლოვანესი ეტაპია, რომელმაც ახალი კლასის ძალაუფლება განავითარა – მომენტი, როდესაც ეს მექანზმები სასამართლო ინსტიტუტებს დაეუფლნენ.

ციხის „სიცხადე“, უპირვლეს ყოვლისა იმას ემყარება, რომ ის „თავისუფლების აღკვეთის“ უბრალო ფორმაა. თავისუფლების აღკვეთა ყველას ერთნაირად ესმის; ჯარიმისაგან განსხვავებით, ის გამათანაბრებელი სასჯელია. ციხე გამოხატავს იმ აზრს, რომ სამართალდარღვევა ზიანს აყენებს არა მხოლოდ მსხვერპლს, არამედ მთლიანად საზოგადოებასაც.  ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, სისხლის სამართლის დანაშაულის ეკონომიკურ და მორალურ სიცხადეზე, რაც საშუალებას გვაძლევს სასჯელი გამოვითვალოთ დღეებში, თვეებსა და წლებში; ამასთან, გვადგენინებს თვისებრივ მიმართებას დანაშაულის ჩადენის ბუნებასა და სასჯელის ხანგრძლივობას შორის.

ციხე არ ყოფილა ოდითგანვე თავისუფლების აღმკვეთი, რასაც მოგვიანებით გამოსწორების ტექნიკური ფუნქცია შეემატა. თავდაპირველად, ის იყო „კანონიერი პატიმრობის“ ფორმა, რომელიც დამატებით გამოსასწორებლის ტვირთს ზიდავდა, ანდა ინდივიდების შემცვლელი წამოწყება, რომელიც სასამართლო სისტემაში თავისუფლების აღკვეთის წყალობით შეიძლება ამოქმედდეს. ერთი სიტყვით,  XIX საუკუნის დასაწყისიდან პატიმრობა,  ერთსა და იმავე დროს, თავისუფლების აღკვეთასაც და ინდივიდების ტექნიკურ გარდაქმნასაც ნიშნავს.

მოდი რამდენიმე ფაქტი გავიხსენოთ. 1808 და 1810 წლების კოდექსებში დაპატიმრება არასოდეს ერევათ თავისუფლების აღკვეთაში. ის მიზანმიმართულ და დიფერენცირებულ მექანიზმს წარმოადგენს.   დიფერენცირებულია, რამდენადაც პატიმრობას განსხვავებული ფორმა უნდა გააჩნდეს, რაც იმაზეა დამოკიდებული, დატუსაღებული განსასჯელია თუ უბრალოდ ეჭვმიტანილი, წვრილმანი სამართალდარღვევა აქვს ჩადენილი თუ დამნაშავეა.  ციხის განსხვავებული ფორმები: საგამომძიებლო იზოლატორი, გამოსასწორებელი ციხე, ცენტრალური საპყრობილე, – მეტნაკლებად შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ამ განსხვავებებთან და განსაზღვროს სასჯელი, რომელიც გრადაციას უნდა განიცდიდეს ძალისა და მიზნების მიხედვით.

ციხე ყოვლთვის აქტიური ველის ნაწილი იყი, სადაც ჭარბად მრავლდებოდა გადაკეთების პროექტები, ექსპერიმენტები, თეორიული დისკურსები, პირადი დამოწმება და გამოძიება. ციხე პასუხისმგებელი იყო ინდივიდის ცხოვრების ყველა სფროზე, შრომის სწავლაზე, ფიზიკურ წვრთნაზე, ყოველდღიურ ქცევაზე, მორალურ სახესა და მიდრეკილებებზე. ციხე ბევრად უფრო ყოველმხრივ დისციპლინარულია, ვიდრე სკოლა, ფაბრიკა და არმია, რომელთაც განსაზღვრული სპეციალიზაცია აქვთ.  გარდა ამისა, ციხეს არც გარეთა მხარეები არა აქვს და არც ლაკუნები; არ შეიძლება მისი შეჩერება, იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როცა მისი ამოცანა ბოლომდე შესრულებულია; ინდივიდებზე მისი ზემოქმედება უწყვეტად უნდა წარმოებდეს: ეს დაუსრულებელი დისციპლინაა.  ბოლოს და ბოლოს, ციხე უზრუნველყოფს, პრატიკულად, სრული  ძალაუფლებით იმოქმედოს დაპატიმრებულებზე. ციხეს ზეწოლისა და დასჯის საკუთარი შიდა მექანიზმები აქვს – დესპოტური ძალაუფლება. ის  ყველა პროცედურის უმაღლეს ინტენსივობაზე დაიყვანება, რომლის სხვა დისციპლინარულ მექანიზმებში  მოქმედების მეთოდი – მაიძულებელი ტოტალური აღზრდაა.

ციხე შესაძლებელს ხდის სასჯელის გამოთვლას, გრადაციას, რაც დამოკიდებულია გარემობებზე და დასჯას მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო სამაგიეროს ფორმას ანიჭებს. თუმცა სასჯელის ხანგრძლივობას არავითარი გამომასწორებელი ფასი არ ექნება, თუ ის ერთხელ და სამუდამოდ განაჩენით იქნება დადგენილი.  სასჯელის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს კანონდარღვევის „საცვლელი ღირებულების“ საზომი; ის, დამოკიდებული უნდა იყოს პატიმრის „სასარგებლო“ ცვლილებაზე, სანამ პატიმრობის ვადა არ ამოწურულა. იზომება არა ზოგადად დრო, არამედ საბოლოო მიზანთან შესაბამისობაში მყოფი დრო, უფრო ოპერაცია, ვიდრე საზღაური. სასჯელის ოპტიმალური ხანგრძლივობა უნდა გამოითვალოს არა მხოლოდ დანაშაულის სახესა და მის გარემოებებზე, არამედ პატიმრის ქცევაზე დაყრდნობითაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასჯა ინდივიდუალური უნდა იყოს და განისაზღვროს არა მარტო კანონდამრღვევის ინდივიდუალობით, არამედ დასჯილის, როგორც კონტროლირებული, გარდაქმნის ობიექტის ინდივიდუალური მახასასიათებლებითაც.

ციხე, როგორც სასჯელის აღსრულების, ასევე განსასჯელებზე დაკვირვების წარმოების ადგილიცაა. დაკვირვება ორმაგი მნიშვნელობით: თითოეული პატიმრის ქცევის, მიდრეკილებების შეცნობისა და ზედამხედველობის ქვეშ მოქცევის მიზნით. ციხეები პატიმრებზე კლინიკური შემეცნების ფორმირების ადგილად უნდა განვიხილოთ. პანოპტიკონის თემამ – ერთდროულად ზედამხედველობამ და დაკვირვებამ, უსაფრთხოებამ და ცოდნამ, ინდივიდუალიზაციამ და შეჯამებამ, იზოლაციამ და გამჭვირვალეობამ ციხეში პრაქტიკული განხორციელების მიხედვით პრივილეგირებული ადგილი დაიკავა.  თუმცა პანოპტიკურმა პროცედურებმა, როგორც ძალაუფლების აღსრულების კონკრეტულმა ფორმებმა ფართო გავრცელება ჰპოვეს, სულ მცირე მის გაბნეულ ფორმებში მაინც. სრული სახით ბენტამის უტოპიამ ხორცი გამოსასწორებელ დაწესებულებებში შეისხა.  1830-1840 წლებში პანოპტიკონი ციხის პროექტების უმრავლესობისთვის არქიტექტურულ პროგრამად იქცა.  მან ქვაში გამოსახა დისციპლინის გონიერება, არქიტექტურა გამჭვირვალე გახადა  ძალაუფლების აღსრულებისათვის,  შეაცვლევინა ძალები ანდა  ძალადობრივი იძულებები ტოტალური და დაუმარცხებელი ზედამხედველობის რბილი ეფექტურობით შეცვალა, რაც კოდექსების ჰუმანიზაციის და ახალი პენიტენციალური სისტემის შესაბამისად სივრცეს აწესრიგებს.

პანოპტიკონის ამოცანაა შექმნას ციხის მანქანა გამჭოლად მაყურებელი კამერით, სადაც პატიმარი  „ბერძენი ფილოსოფოსის შუშის სახლში“ აღმოჩნდება და ცენტრალური პუნქტით, საიდანაც მოუცილებელი მზერა  პატიმრების და ასევე, პერსონალის გაკონტროლებას შეძლებს.

ციხეებში უნდა ვხედავდეთ სინქრონულ სისტემას, რომელიც ისტორიულად, ზედნადებად დააშენდება თავისუფლების აღკვეთას, სისტემას, რომელიც ოთხ ელემენტს მოიცავს:  უზენაესი ხელისუფლების ელემენტს (ციხის დისციპლინარული დამატება), დამხმარე შემეცნების ელემენტს (გარკვეული ობიექტურობის, ტექნიკის, პენიტენციალური „რაციონალობის“ წარმოება); უკუქმედების ელემენტი (დამნაშავეობის ფაქტობრივი მატება ან გადახალისება, რის აღკვეთაზეცაა მიმართული ციხე); და ბოლოს, უტოპიური გაორმაგების ელემენტი (იმ „რეფორმების“ განმეორება, რომლებიც მათი „იდეალისტურობის“ მიუხედავად იზომორფულები არიან ციხის დისციპლინურ ფუნქციონირებასთან ერთად). ზუსტად ეს ოთხი რთული მთლიანობა ქმნის „კარცერულ სისტემას“, რომელიც ციხის უბრალო ინსტიტუტისაგან მისი კედლებით, პერსონალით, წესებით და ძალადობით განსხვავდება. კარცერული სისტემა ერთ ფორმაში აერთიანებს დისკურსებსა და არქიტექტურას, მაიძულებელ წესებსა და სასწავლო შემოთავაზებებს, რეალურ სოციალურ შედეგებსა და დაუძლეველ უტოპიებს, დელიკვენტების გამოსწორების პროგრამებსა და დელიკვენტურობის განმამტკიცებელ მექანიზმებს.

ეჭვგარეშეა, რომ დელიკვენტურობა უკანონობის ერთ-ერთი  ფორმაა. დელიკვენტურობას უკანონობაში აქვს ფესვები გადგმული და ამავდროულად, თავადაც არაკანონიერია.  კარცერულმა სისტემამ ის დაიპყრო, დაანაწევრა, იზოლაციაში მოაქცია, თავადვე ასაზრდოვა, ორგანიზება გაუწია, განსაზღვრულ გარემოში გამოკეტა და სხვა უკანონობასთან მიმართებაში მას ინსტრუმენტული როლი მიანიჭა. ერთი სიტყვით, იურიდიულ ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან კანონიერება და კანონსაწინააღმდეგო ქმედება, სტრატეგიულ ოპოზიციაში კი – უკანონობა და დელიკვენტურობა.

იმისი მტკიცება, რომ ციხემ ვერ შეძლო დანაშაულის რაოდენობის შემცირება, ნება მიბოძეთ, შემდეგი ჰიპოთეზით ჩავანაცვლო: ციხემ სრულ წარმატებას მიაღწია დელიკვენტურობის წარმოებაში, რომელიც პოლიტიკურად და ეკონომიკურად ნაკლები საფრთხის შემცველი და ზოგჯერ კი უკანონობის სასარგებლო ფორმაცაა; კანონისა და უკანონობის გარშემო ატეხილ ბრძოლაში ციხის წარმატება  იმაში მდგომარეობს, რომ „დელიკვენტურობას“ ის ადგენს და ის აწესებს. კარცერული სისტემა კანონდამრღვევს „დელიკვენტად“ აქცევს. პროცესი, რომელიც დელიკვენტურობას ობიექტად აქცევს, ერთ მთლიანობას შეადგენს პოლიტიკურ ოპერაციასთან, რომელიც უკანონობას გამოთიშავს და გამოყოფს მას დელიკვენტურობისაგან. ციხე, ამ ორი მექანიზმის გამართიანებელი სახსარია; ის მათ საშუალებას აძლევს ერთმანეთი განუწყვეტლივ გააძლიერონ, კანონის დარღვევის უკან მდგომ დელიკვენტურობის ობიექტივიზირება მოახდინოს.  ციხის წარმატება იმდენად დიდია, რომ საუკუნე-ნახევრიანი „მარცხების“ შემდეგაც კი არსებობას განაგრძობს.

დელიკვენტურობის წარმოება და სადამსჯელო აპარატის მიერ მისი დაპყრობა სწორად უნდა გვესმოდეს: არა როგორც ერთხელ და სამუდამოდ მიღწეული რეზულტატები, არამედ როგორც ტექნიკები, რომლებიც იმაზე დამოკიდებულების მიხედვით იცვლებიან, რამდენადაც თავის მიზანს შეესაბამებიან. დელიკვენტურობასა და სხვა უკანონობას შორის მომხდარი განხეთქილება ყველაზე მკაფიოდ ციხის სისტემის მეშვეობით ვლინდება. თუმცა ეს ყველაფერი მუდამ წინააღმდეგობას აწყდებოდა, ბრძოლას სტეხდა და საპასუხო ქმედებებს იწვევდა. დაბალი ფენის მოსახლეობასა და მათგან გამოსულ, მათთან კავშირში მყოფ, დელიკვენტებს  შორის გამომყოფი ზღუდის აღმართვა,  რთული ამოცანა იყო, მით უფრო კი ქალაქის პირობებში.

სისხლის სამართლის, იუსტიციის სფეროში, ციხემ სადამსჯელო პროცედურები პენიტენციალურ ტექნიკებად გარდაქმნა. კარცერულმა არქიპელაგმა ეს ტექნიკები ციხის ინსტიტუტიდან საზოგადოების სხეულზე გადაიტანა და რამოდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო:

1. ეს უზარმაზარი მექანიზმი ადგენს ნელ, უწყვეტსა და შეუმჩნეველ გრადაციას, რომელიც განსაზღვრავს ბუნებრივ გადასვლას უწესრიგობიდან სამართალდარღვევისკენ და უკან – კანონდარღვევიდან წესებისკენ, საშუალოსკენ, მოთხოვნილებისკენ, ნორმებისკენ გადახვევისაკენ.  ინსტიტუციონალიზირებული, სპეციალიზებული და კომპეტენტური ძალაუფლებრივი ორგანოების უწყვეტი გრადაცია კონსტანტაციისა და შეფასებების მეშვეობით იერარქიას აწესებს; დიფერენცირებას, სანქცირებას უკეთებენ, სჯიან და  თანდათანობით გადაცდომების წინააღმდეგ მიმართული სანქციებიდან დანაშაულის დასჯაზე გადადიან.  „კარცერი“ თავისი მრავალრიცხოვანი, დიფუზური ანდა კომპაქტური ფორმებით, კონტროლის ინსტიტუტებით ანდა შეზღუდვებით  სასჯელის თვისებრივ და რაოდენობრივ გადაცემას განაპირობებს; რიგში აწყობენ ანდა მცირე და დიდი სასჯელებით, შემწყალებელი და სასტიკი მოპყრობის ფორმით რთულ სურათს ქმნიან.  მცირე დისციპლინა ამგვარად იქადნის: „კატორღაში ამოგძვრება სული,“ – ხოლო ყველაზე მკაცრი საპყრობილე განსასჯელს სამუდამო პატიმრობით ემუქრება: „მე შევამჩნევ შენს ყველა გადაცდომას.“ სადამსჯელო ფუნქციების საყოველთაობა, რასაც XVIII  საუკუნე, „იდეოლოგიების“ მიერ შემუშავებულ ნიშნებისა და წარმოდგენების ტექნოლოგიებს ეძებდა, ახლა  გავრცელებას, მატერიალურ, რთულ, გაბნეულ თუმცა კარცერული მოწყობის განსხვავებულ, დაცემენტებულ არმატურებს ეყრდნობა. შედეგად, განმსაზღვრელი ზოგადი აღმნიშვნელები აერთიანებენ წვრილმან უმართებულობებსა და უფრო მძიმე დანაშაულებს: ეს უკვე აღარც საზოგადოებრივი ინტერესების ხელყოფაა და აღარც ბრალეულობა, ეს გადაცდომა და ანომალიაა. სწორედ ეს არ აძლევს მოსვენებას სკოლას, სასამართლოს, საგიჟეთსა და ციხეს. მნიშვნელობათა სიბრტყეზე, ის ხდის ზოგადსაყოველთაოს. სუვერენის მტრის შეცვლით, ხალხის მტერი ინდივიდუალურ დევიანტად იქცევა, რომელიც თავის თავში  უწესრიგობის, დამნაშავეობის და შეშლილობის ნაირფეროვან საფრთხეს ატარებს. სადამსჯელო და არანორმალურობის რიგებს  კარცერული ქსელი  მრავალმხრივი კავშირებით კრავს.

2. კარცერი მსხვილი „დელიკვენტების“ შემოკრების საშუალებას იძლევა. კლასიციზმის ეპოქაში, ეზოებში ან საზოგადოებრივ ღრიჭოებში არსებობდა მეამბოხე, მომთმენი და საშიში უკანონობის მხარე, ანდა სულ მცირე, ის მაინც, რაც ხელიდან უსხლტებოდა ძალაუფლებას; განუსაზღვრელი სივრცე, დამნაშავეობის თავშესაფარი და მისივე ფორმირების ადგილი. იქ, შემთხვევისა და განგების ნებით ერთმანეთს აწყდებოდნენ  უბედურება, უმუშევრობა, უდანაშაულობა, ცბიერება, ბრძოლა ძალაუფლების მქონეებთან, მოვალეობების შესრულებაზე უარი, კანონის ფეხქვეშ გათელვა და ორგანიზებული დანაშაული. დისციპლინარული განსხვავებებისა და განტოტებების მეშვეობით, მეცხრამეტე საუკუნემ ის ნათელი გზები გაკვალა, რომლებიც არსებული სისტემის ფარგლებში, ერთი და იმავე მექანიზმების გზით ამყნობენ მორჩილებას და აწარმოებენ დელიკვენტურობას. თავისებური დისციპლინარული, უწყვეტი და მაიძულებელი „ფორმაცია“ შედგა, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს პედაგოგიურ გეგმასა და პროფესიონალურ ქსელთან.  მან წინასწარ მოხაზა სასიცოცხლო გზები: კეთილისმყოფელი ორგანიზაციები და საზოგადოებები, ოსტატთან ცხოვრებით ხელობის სწავლა, კოლონიები, დისციპლინარული ბატალიონები, ციხეები, საავადმყოფოები და თავშესაფრები. კარცერულ ქსელს არ გააჩნია გარეთა მხარე. ის ყველფერს აგროვებს, იმასაც კი რაც სჯის. მას იმის დაკარგვაც არ უნდა, რაც არაფრად არგია.  პანოპტიკურ საზოგადოებაში, მის ყოვლისგადამჯაჭველ არმატურაში, რომელიც საპყრობილეს წარმოადგენს, დელიკვენტი არ თავსდება კანონს მიღმა. ის თავიდანვე კანონშია, კანონის გულისგულში ან სულ მცირე იმ მექანიზმების ცენტრში მაინც, რომლებიც დისციპლინიდან კანონზე, გადაცდომებიდან სამართალდარღვევაზე შეუმჩნეველ გადასვლას განაპირობებენ.  თუმცა მართალია, რომ ციხე დელიკვანტურობას სჯის, ეს უკანასკნელი ძირითადად მაინც საპყრობილეში, მის მიერვეა შექმნილი. ციხე, თავის მხრივ, პატიმრობას უკვდავყოფს. ციხე ბუნებრივი შედეგია, ის მხოლოდ იერარქიის უმაღლესი საფეხურია, დელიკვენტი – ციხის ინსტიტუტის შედეგი.

3. თუმცა, კარცერული სისტემის ყველაზე სერიოზული რეზულტატი და მისი გავრცელება კანონიერი პატიმრობის საზღვრებიდან შორსაა. ის ახერხებს იმ ყველაფრის გათვლას, რაც კი სასჯელის აღსრულებისას გადამეტებად მიიჩნევა. აკი, ის ორ რეგისტრში მუშაობს, რომელშიაც განიტოტება თავად: მართლმსაჯულების კანონიერ  და დისციპლინის კანონისმიღმა მყოფ რეგისტრში. სინამდვილეში, კარცერული სისტემის უწყვეტი კავშირი კანონთან და განაჩენთან, დისციპლინარული მექანიზმების განსაზღვრულ, სამართლებრივ მხარდაჭერას განაპირობებს. დისციპლინური ინსტიტუტების დადგენა აწარმოებს კანონს, დასჯა განაჩენსა და სასჯელს ბაძავს, ზედამხედველობა პოლიციურ მოდელს იმეორებს, ხოლო ამ ყველა დაწესებულებაზე აღიმართება ციხე, რომელიც მის წმინდა ფორმაში ყოფნისას მათ თავისებურ სახელმწიფო დახმარებას აღმოუჩენს. კარცერის უწყვეტობა და ციხის როგორც ყალიბის გავრცელება ლეგალიზებულს, ან სულ მცირე კანონიერს მაინც ხდის დისციპლინურ ძალაუფლებას, რომელიც ერიდება მის გადამეტებას ან ბოროტად გამოყენებას.Exif_JPEG_PICTURE

დისციპლინური აპარატების და მათსავე მიერ ნაგულისხმები „ჩანართების“ ნატიფ, თანდათანობით გრადაციაში ციხე სხვა სახის ძალაუფლების პარპაშს სრულებითაც არ წარმოადგენს, ის მხოლოდ დამატებითი ელემენტია იმ მექანიზმის ინტენსივობისა, რომელიც დაწყებული დასჯის პირველი პრეცენდენტიდან მოყოლებული მუშაობას განაგრძობს. განსხვავება ახალ „გამოსასწორებელ“ დაწესებულებებსა და ციხეს შორის ძნელად თუ იგრძნობა.  ამიერიდან აღარაფერი გვახსენებს ძველად არსებულ სუვერენის ძალაუფლების ზღვარგადასულობას, რომელიც თავის ძალას დასჯილთა სხეულებზე ავლენდა. კარცერული კონტინიუმის წყალობით განაჩენის გამომტანი ინსტანციები განჭოლავენ ყველა სხვა – მაკონტროლებელ, გარდამქმნელ, გამოსასწორებელ და გამაუმჯობესებელ ინსტანციებს.  დამსჯელი ძალაუფლება თავისი ფუნქციის მიხედვით, არსებითად არ განსხვავდება მკურნალობის ან აღზრდის ძალაუფლებისაგან. ის მათგან ღებულობს ქვემოდან მხარდაჭერის ნაკლებად მნიშვნელოვან ამოცანებს, რაც მას ნაკლებად მნიშვნელოვანს სულაც არ ხდის, რადგან  ამით ძალაუფლების მეთოდისა და რაციონალურობის სანდოობას ამოწმებს. კარცერული, დასჯის კანონიერ ძალაუფლების ნატურალიზაციას იმგვარადვე ახდენს, როგორც ეს ტექნიკური ძალაუფლების „ლეგალიზებისას“ ხდება.

4. ძალაუფლების ახალი ეკონომიის წყალობით, კარცერულმა სისტემამ შესაძლებელი გახადა „კანონის“ ახალი ფორმების: კანონიერებისა და ბუნების ნარევის, ნორმების წარმოშობა.  ამას მთელი რიგი შედეგები მოყვა: სასამართლო ძალაუფლების ან სულ მცირე მისი ფუნქციონირების შიდა განშრევება; მოსამართლეთა სულ უფრო და უფრო გართულებული სამუშაო; გაზომვის, შეფასების, დიაგნოსტირების, შერაცხადად ან შეურაცხადად ცნობის მოსამართლეთა დაუოკებელი სურვილი; პრეტენზიები განკურნებასა და ხელახლა აღზრდაზე. მოსამართლეთა უზარმაზარი „ლტოლვა მედიცინისაკენ“ იმ მთავარ ფაქტს გამოხატავს, რომ მათ მიერ განხორციელებულმა ძალაუფლებამ „დაკარგა ბუნებრივი შემადგენლობა,“  რომ განსაზღვრულ დონეზე ის კანონებით იმართება და რომ სხვა, უფრო ფუნდამეტურ დონეზე ის როგორც ნორმატიული ძალაუფლება ისე მოქმედებს; ისინი ძალაუფლების ეკონომიას ასხამენ ხორცს და არა სინდისის ქენჯნასა და ჰუმანიზმს. კარცერულ მექანიზმებზე მდგომი დისციპლინური წყობების მხარდამჭერი ყველგანმყოფობით, მანორმალიზებელი ძალაუფლება ჩვენი საზოგადოების ძირითადი ფუნქცია ხდება. ნორმირების მსაჯულები ყველა მხრიდან გვყვანან გარშემორტყმულები.  ჩვენ ვცხოვრობთ მასწავლებელ-მსაჯულის, ექიმ-მსაჯულის, აღმზრდელ-მსაჯულისა და „სციალურ მუშაკ“-მსაჯულის საზოგადოებაში; სწორედ მათ ეფუძნება ნორმატიულობის ყველგანმყოფი ბატონობა; ყოველი ინდივიდი, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, მას უქვემდებარებს თავის სხეულს, ჟესტებს, ქცევებს, უნარებსა და წარმატებებს. კარცერული ქსელი მის კომპაქტურ და გაბნეულ ფორმებში ჩაშენებულ, განაწილების, დაკვირვებისა და ზედამხედველობის  სისტემებთან ერთად წარმოდგენს თანამედროვე საზოგადოების საყრდენს  ძალაუფლების ნორმალიზებისათვის.

5. საზოგადოების კარცერული ქსოვილი,  როგორც სხეულის რეალურ გათავისებას, ასევე მასზე გამუდმებულ თვალთვალსაც განაპირობებს. თავისი შინაგანი არსით, ის წარმოადგენს დასჯის აპარატს, რომელიც ყველაზე სრულყოფილად პასუხობს ძალაუფლების ახალ ეკონომიას; ის არის ცოდნის ფორმირების ინსტრუმენტი, რომელსაც ეს ეკონომია ესაჭიროება.  მისი პანოპტიკური ფუნქციონირება ეხმარება მას ამ ორმაგი როლის შესრულებაში. განმტკიცების, განლაგების, ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მეთოდების წყალობით ის დიდი ხნით ერთ-ერთ ყველაზე მარტივ, პრიმიტიულ, უფრო მეტად კი მატერიალურ, მაგრამ ყველაზე აუცილებელ პირობად რჩება გამოცდის განვითარებისა და გავრცელებისათვის, რომელიც ადამიანის ქცევის ობიექტივიზაციას ახდენს. თუ ინკვიზიტორული მართლმსაჯულების ეპოქის შემდგომ „გამომცდელის“ ეპოქაში შევაბიჯეთ, თუ გამოცდის მეთოდმა შეძლო, რომ გავრცელებულიყო მთელ საზოგადოებაზე და გარკვეულწილად ჰუმანიტარულ მეცნიერებებისთვისაც მიეცა დასაბამი. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი პატიმრობის განსხვავებული მექანიზმების სიმრავლე და მათი ურთიერთგადაფარვა იყო. მე იმას არ ვამბობ, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებები ციხიდან წარმოიშვა. მაგრამ თუ მათ მოახერხეს წარმოქმნილიყვნენ და თავისი ცოდნის სტრუქტურაშივე (episteme) ჩვენთვის ნაცნობი ცვლილებები მოეხდინათ, ეს იმიტომ, რომ ძალაუფლების ახალი და სპეციფიკური მოდალობების თანამონაწილენი იყვნენ: ეს  სხეულის განსაზღვული პოლიტიკაა, რომელიც განსაზღვრული მეთოდით, საშუალებას იძლევა ხალხთა მასები დამჯერად და გამოსადეგად აქციოს.  ამგვარი პოლიტიკა განსაზღვრული ცოდნის ძალაუფლებასთან კავშირში ჩართვას მოითხოვდა. მას ობიოქტივაციისა და მორჩილების ნაწილობრივი ურთიერთვალდებულებების ტექნიკა სჭირდებოდა; მან  ინივიდუალიზაციის ახალი პროცედურებიც მოიყოლა თან. კარცერული ქსელი ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ისტორიულად შესაძლებელს ხდის. შემეცნებული ადამიანი (რადაც არ უნდა მოვიხსენიებდეთ: სულად, ინივიდუალობად, ცნობიერებად  თუ ქცევად) ამ ანალიტიკური დაუფლების, დაკვირვების ბატონობის შედეგ-ობიექტს წარმოადგენს.

6. უეჭველია, ეს ციხის გასაოცარ მდგრადობას ხსნის; გამოგონებას, რომელსაც გაჩენის დღიდან ლანძღავენ. ის რომ სახელმწიფო აპარატის ხელთ არსებული აღკვეთის ან ზეწოლის ინსტრუმენტი  ყოფილიყო, უფრო მისაღები შემცვლელის გამოძებნა გაიოლებული იქნებოდა. მაგრამ ძალაუფლების მექანიზმებსა და სტრატეგიებში ფესვის გადგმით, მან შეძლო გარდაქმნის ყოველ მცდელობაზე ინერციის უზარმაზარი ძალით ეპასუხა; არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ციხის არსებობა აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისათვის; პირიქით, შეიძლება  ციხის ფუნქციონირების განმსაზღვრელი ორი პროცესი გამოვყოთ, რომლებსაც მისი ფუნქციონირების გარდაქმნა და გამოყენების შეზღუდვა შეუძლიათ. პირველი მათგანი ამცირებს დელიკვენტურობის სარგებლიანობას; სახელმწიფო და საერთაშორისო მასშტაბის უკანონობის წარმოშობა არაეფექტურობას აშკარას ხდის. მეორე – დისციპლინური ქსელების ზრდა, სრული უფლებით აღჭურვა და სასამართლო ფუქციების მათზე მზარდი გადაცემაა. რამდენადაც მედიცინა, ფსიქოლოგია, „სოციალური სამუშაო“, სახელმწიფო შემწეობა სულ უფრო და უფრო მონაწილეობენ მაკონტროლებელ და დამსჯელ ძალაუფლებაში, სისხლის სამართლის მანქანას შეუძლია სამედიცინო, ფსიქოლოგიური და პედაგოგიური თვისებები შეიძინოს. ნორმალიზაციის ყველა ამ მექანიზმებს შორის, რომელებიც გამოყენებისას სულ უფრო და უფრო მკაცრდებიან, ციხის სპეციფიკა და მასთან დაკავშირებული როლი აზრს კარგავენ.

საჯარო დასჯების, სახრჩობელების, სამარცხვინო ბოძების ქვეყნისაგან დღეს შორს ვიმყოფებით. თუმცა, ჩვენ ასევე შორსა ვართ რეფორმატორთა ოცნებებისგანაც: სადამსჯელო ქალაქისაგან, სადაც ათასობით თეატრში სამსჯავროს ნაირფერადი წარმოდგენები გათამაშდებოდა, ხოლო დეკორაციებით მორთულ ეშაფოტებზე, ყველა დეტალში გამოხატული დასჯა, კანონთა კრებულის სახალხო ზეიმს გამართავდა.

თარგმანი: გიორგი ხარიბეგაშვილი

ზედამხედველობა და დასჯა

დისციპლინა

პანოპტიკონი