პროზელიტიზმი, როგორც სასკოლო განათლების შემადგენილი ნაწილი

“მართლმადიდებლობის პოპულარიზაცია ჩემი, როგორც მართლმადიდებლის ვალია“ – ასე განსაზღვრავს საკუთარ როლს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი.

რელიგია, როგორც საგანი, ეროვნული სასწავლო გეგმით არ არის გათვალისწინებული და ეს გადაწყვეტილება ახალ განათლების პოლიტიკას უკავშირდება, რომელიც 2005 წლის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა.

კანონმა ერთ-ერთ მთავარ პრინციპად დაადგინა საჯარო სკოლის დამოუკიდებლობა რელიგიური გაერთიანებებისაგან, რაც არა მხოლოდ მიჯნავს, არამედ იცავს საჯარო სკოლას, როგორც საჯარო სივრცეს, რელიგიური ინსტიტუციების ჩარევისა და ზეგავლენისაგან. კანონმა ასევე აკრძალა რელიგიური სიმბოლიკის განთავსება საჯარო სკოლებში (არააკადემიური მიზნებისათვის), სასწავლო პროცესის დროს რომელიმე რელიგიის ქადაგება ან ამ სივრცის მოსწავლეთა ინდოქტრინდაციისა და ასიმილიაციის მიზნებისათვის გამოყენება.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით კი, რელიგიების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა სასწავლო მიმართულების ნაწილი გახდა და ისეთ საგნებში აისახა, როგორიცაა: ისტორია, ქართლი ენა და ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია და სხვა.

ჩვენ [EMC, რედ.] დავინტერესდით ზემოთ მითითებული ნორმების დანერგვის პრაქტიკით და თბილისის რამდენიმე სკოლაში ფოკუს-ჯგუფი ჩავატარეთ, რომელიც მიზნად ისახავდა გამოგვევლინა მასწავლებელთა განწყობები/დამოკიდებულებები სხვადასხვა რელიგიების მიმართ და ის, თუ როგორ ეხებოდნენ რელიგიის საკითხებს საგაკვეთილო პროცესის დროს.

შესაძლებლობა გვქონდა ასეთი შეხვედრა რვა სკოლაში ჩაგვეტარებინა და მთავარი ტენდენცია, რომელსაც მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ავლენს ყველა სკოლაში, მართლმადიდებლობისა და ეროვნული იდენტობის გაიგივების საკითხია. ეს ნარატივი ასე ჟღერს:

– “ყველა არამართლმადიდებელს უნდა ჰქონდეს შეგნებული, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა არის წამყვანი. აქამდე მან მოგვიყვანა. ქართველი რომ მართლმადიდებლობასთან ასოცირდებოდა ყოველთვის, ეს ყველას შეგნებული უნდა ჰქონდეს“, – აცხადებს ფოკუს-ჯგუფის მონაწილე ერთ-ერთი მასწავლებელი.

ამ აღქმას მათ მიერ საკუთარი ფუნქციის გააზრება კიდევ უფრო პრობლემურს ხდის, რომელიც მოსწავლეთა აღზრდას და მათ „ადამიანებად“ ჩამოყალიბებას უკავშირდება. რაც თავის მხრივ შეუძლებელია ფორმირდეს მართლმადიდებლობის, როგორც მთავარი კომპონეტის, გარეშე: “[მართლმადიდებლობას] წამყვანი როლი აქვს ქართული იდენტობის ჩამოყალიბებაში. ქართველი ადამიანი სულიერად უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ქართველად ჩამოყალიბდეს. და ზოგადად ადამიანად ჩამოყალიბდეს.“

მასწავლებლების ზოგად შეფასებებს იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენელი მოსწავლეები დისკომფორტს არ გრძნობენ, უპირისპირდება მათ მიერ აღწერილი ფაქტები სხვა რელიგიურ ჯგუფებს მიკუთვნებულ მოსწავლეთა გაუცხოებისა და პროტესტის იმ ფორმების შესახებ, რომლებსაც ისინი მიმართავენ ხოლმე – გაკვეთილების სწავლაზე უარის თქმა, გაკვეთილის გაცდენა, გაკვეთილზე ჩუმად ყოფნა ან კლასის ექსკურსიაში მონაწილეობაზე უარი.

თუმცა თავად მასწავლებლები მათ მიერ მოსწავლეთათვის მიწოდებულ შინაარსში და ფორმებში პრობლემას ვერ ხედავენ და არც მოსწავლეთა ჩაკეტილობაზე ახდენენ ადეკვატურ რეფლექსიას.

რამდენიმე სკოლის მასწავლებელთა განწყობები და მათ მიერ მოყოლილი ამბები აჩვენებს, რომ მაღალი ალბათობით ეს პრობლემები კომპლექსურია და განათლების მთელ სისტემას მიემართება.

რელიგიის, როგორც საგნის, სწავლების ამოღებამ და სკოლის ინფრასტუქტურაზე ხატების რაოდენობის შემცირებამ, პრობლება ვერ გადაჭრა. უფრო მეტიც, ისინი ლატენტური გახდა და მხოლოდ კვლევისა და მონიტორინგის პირობებშია შესაძლებელი იმის დადგენა, არსებული განათლების სისტემა პასუხობს თუ არა განათლების პოლიტიკის მიზნებს – არ დაუშვას რომელიმე რელიგიის ქადაგება და მოსწავლეთა დისკრიმინაცია ამ ნიშნით.

ამ უკანასკნელის ინდივიდუალური შემთხვევები მრავლადაა და სკოლებთან ზედაპირული შეხებაც კი ამას ადასტურებს. თუმცა ზემოთ მოთხრობილი ამბები შესაძლოა უფრო რთულ პრობლემას აჩვენებდეს, რომელიც ასე ჟღერს: სკოლებში მართლმადიდებლობას ქადაგებენ და ეს მთელი საგაკვეთილო პროცესის შემადგენელი ნაწილია.

წყარო: ნეტგაზეთი


ლინა ღვინიანიძე
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისEMC-ს თანამშრომელი