საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეების ანალიზი (1997 – 2014)

„ადამიანისთვის  საკმარისი არ არის პიროვნული გადარჩენის გზის ჩვენება, აუცილებელია შესაბამისი საზოგადოებრივი ყოფაც […] ქრისტიანობამ არსებობის ნამდვილი მიზანი უჩვენა საზოგადოების უმაღლეს გამოვლინებას – სახელმწიფოსაც“. [1]

საკუთარ ეპისტოლეებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სახელმწიფო და სოციალური სფეროს სხადასხვა საკითხთან დაკავშირებით შემდეგ აქცენტებს სვამს:

პატრიარქის ეპისტოლეებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ სახელმწიფოს ფუნქციის განასზღვრასთან არის დაკავშირებული. ილია II -ის აზრით, სახელმწიფო კანონმდებლობა უნდა ეფუძნებოდეს „საღვთო კანონებს“ და არა „აბსოლუტური გონების“ პრინციპებს.[2]  აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ, მისი აზრით, „ჭეშმარიტი რწმენა“ უნდა დაიცვას სახელმწიფომ, რათა „მოსახლეობას არ [დაეკარგოს ] სასუფევლისკენ მიმავალი გზა“.[3] სახელმწიფოს მიერ „სწორი რელიგიისა და ეროვნული იდეოლოგიის“ არ არსებობის შემთხვევაში, მისი აზრით, თავად „სახელმწიფოებრივ ცხოვრებას ეკარგება ფორმა და შინაარსი.“ ეს ცალსახად, გულისხმობს, სახელმწიფოს მიერ ერთი რელიგიური მსოფლმხედველობის „ლეგიტიმაციას“, როგორც ერთადერთ საშუალებასა და აზრს სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის.[4]

პატრიარქი მიუთითებს პოსტიმპერიული საზოგადოების მიდრეკილებაზე „ახალი ბატონის“ ძიებისაკენ, ამიტომ ის სახელმწიფოებრივი აზროვნების ფუნდამენტად ღირსების, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ფასეულობებს მიიჩნევს, რომელიც ერთადერთ ჭეშმარიტ “სამეუფო გზას” – ქრისტიანულ სწავლებას ეფუძნება და ემიჯნება ყოველგვარ რადიკალიზმს, მესიანიზმისა და ფუნდამენტალიზმს.[5]  იგი პირდაპირ მიუთითებს ეკლესიის ორიენტაციაზე არა ინდივიდუალური ხსნის მიმართულებით, არამედ საზოგადოების “გარდაქმნისკენ”, რისი უზრუნველყოფის ვალდებულებაც სახელმწიფოს ეკისრება. ხოლო ის თუ რა პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს სახელმწიფო „ერის სულიერ აღზრდაში“ პატრიარქი აღნიშნავს, რომ ეს – მართლმადებლური ფასეულობა და ქართული ტრადიციებია.[6] აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ „არატრადიციულ რელიგიებს“ ის ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებად აღიქვამს, რომელნიც მძლავრობენ ათეისტური რეჟიმისაგან გათავისუფლებულ საზოგადოებაში და ხალხს სულიერი „გადარჩენის ნაცვლად მარადიული სიკვდილისთვის [წირავენ]“. აღნიშნულ ფაქტს ის ხალხის „სულიერ დამონებად“ აღიქვამს. ამიტომ სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ერი „სულიერი აგრესიისაგან“.[7] ამ თვალსაზრისით, მართლმადიდებლობა „ქართული სახელმწიფოებრიობის სულს“ წარმოადგენს, რომელიც  „მართლმადიდებლური ჭეშმარიტების“ სახელმწიფოებრივი აღიარებისკენ არის ორიენტირებული. პატრიარქი მიუთითებს, ისტორიულ წარსულში ავტოკეფალური ეკლესიის მიერ ერში სახელმწიფოებრივი ცნობიერების შენარჩუნებაზე.[8]

საინტერესო დამოკიდებულება არსებობს დასავლეთისადმი, რომელზეც მიანიშნებს, რომ საქართველოში დემოკრატიის სახელით უპირისპირდებიან იმას, რაც ერის ინდივიდუალობასა და თვითმყოფადობას წარმოადგენს, რასაც „ფესვდო კულტურად“ აფასებს.[9] „ფსევდო-კულტურაზე“ მითითება, ასევე, მიანიშნებს განსხვავებული იდენტობის მატარებელთა საჯარო სივრცის გამოყენებაზე, რომელიც აღიქმება, როგორც „ცოდვის პროპაგანდა“. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა განსაკუთრებით სახელმწიფოს უკავშირდება.[10] ზემოთქმული მიუთითებს რელიგიური ნაციონალიზმის ფორმირებაზე, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს სამოქალაქო ნაციონალიზმზე ორიენტირების ალტერნატივა.[11]

რელიგიურ პლურალიზმს და სხვადასხვა რელიგიის თანაბარ პირობებში ჩაყენებას კონსტიტუციური უფლებებისა და საჯარო სივრცის გამოყენებაში, იგი განიხილავს, როგორც „რელიგიურ ინდიფერენტიზმს“, რაც უგულვებელყოფს ჭეშმარიტების ერთადერთობის პრინციპს. ამავე დროს იგი მიუთითებს საქართველოს ეკლესიის ტოლერანტულ ბუნებაზე სხვა რელიგიური მრწამსისადმი და გამოთქვამს სურვილს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ქრისტიანობისა და სხვა რელიგიათა ისტორიას, ასევე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ რელიგიათა მსოფლმხედველობების გააზრება მოხდეს არა ქრისტიანული, არამედ მათივე თვალთახედვით.[12] აღნიშნული ფაქტი, ვფიქრობ, მიუთითებს, რომ ყველა რელიგიას და „შემცოდეს“ აღნიშნული დისკურსით, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ „ჭეშმარიტება“ ერთია და ყველაფერი მისით იზომება, ხოლო ჭეშმარიტების რეალიზების უზრუნველმყოფი, კი სახელმწიფო უნდა იყოს.[13]

საინტერესოა ის ფაქტი, რომლითაც პატრიარქი მიუთითებს მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც უძველესი ქრისტიანული ტრადიციის დამცველზე, რომელიც დროისა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შესაბამისად არ იცვლება. „საღვთო ჭეშმარიტება“ არ ჰგავს „ადამიანურ ჭეშმარიტებას“, ამიტომ დღეს ის ისეთივეა, როგორიც პირველ საუკუნეში. ხოლო ჭეშმარიტების გარეშე, კი რეალობა დამახინჯებულია.[14] აქ ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს, თუ როგორი დამოკიდებულება არსებობს დროის გამოწვევებისადმი, როგორ ხდება ამ გამოწვევათა „ფილტრაციის“ პროცესი.

ილია II თავისუფლების პრინციპს „ყველაფერი ნებადართულიას“ კონტექსტით წარმოადგენს, რომელისთვისაც მისაღებია „მრუშობაც, აბორტიც, მკვლელობაც, ძალადობაც და ზნეობრივი დეგრადაციის სხვა გამოვლინებებიც“ და მისი აზრით, ყოველი აღნიშნული „ჭეშმარიტი რწმენის“ არ ქონის შედეგია.[15] აღნიშნულია, რომ სეკულარულმა პრინციპებმა თავისუფლებას ზნეობრიობის კატეგორია ჩამოაშორეს და ამით „ინდივიდუალური ჭეშმარიტებების“ ლეგიტიმაცია მოახდინეს. „ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლების ანტიპოდი. ეს არის ცოდვის და ეშმაკის ისეთი ბატონობა, რომლის მსგავსიც არ ახსოვს კაცთა მოდგმას“.[16] „ინდივიდუალიზმის გამართლებით“ სეკულარულმა იდეოლოგიამ ადამიანი საკუთარ ინსტინქტებს დაუქვემდებარა და „მორალური და სულიერი საყრდენი გამოაცალა“. აღნიშნული პრინციპები ებრძვის ზნეობასა და ტრადიციულ შეხედულებებს.[17]

საინტერესოა პატრიარქის აზრი თავისუფალი ნების შესახებ, სადაც აღნიშნავს, რომ თავისუფლება ღვთის ნებისადმი ნებაყოფლობით და სიყვარულით დამორჩილებაშია. მისი აზრით, ყველა ადამიანი არის ღირსების მატარებელი, მიუხედავად სარწმუნოებრივი სხვაობისა, მთავარია, „რამდენად გამოავლენს იგი ამ თვისებას“.[18]

27de4b4e9d16a42e15cb000ea1076287ილია II განიხილავს პოსტმოდერნიზმის პრინციპებს, როგორც მდგომარეობას, სადაც ადამიანი ხდება განმსაზღვრელი იმისა თუ  რა არის კარგი მისთვის. იგი აღნიშნავს – ნებისმიერი პრინციპი პოსტმოდერნიზმში განიხილება სარგებლიანობის თვალსაზრისით. აღნიშნული „ფსევდო-ლიბერალური“ თავისუფლების ნაწილია, ქრისტიანობა, კი თავად განსაზღვრავს „ცოდვასა და მადლს“.[19] იგი ყველა მსოფლმხედველობის გათანაბრებას უკავშირებს რელატივიზმს და არა პლურალიზმს.

პატრიარქი მიუთითებს სექსუალურ უმცირესობათათვის (LGBT თემი) დახმარების საჭიროებაზე, „ცოდვითი მიდრეკილებების დასაძლევად.“ აღნიშნავს, რომ ერთსქესიანთა ოჯახი აუფასურებს ოჯახურ ღირებულებას და მათ მიერ შვილად აყვანილ ბავშვს „ნივთად“ აქცევს. ასევე, მიუთითებს და მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ მოითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. აღნიშნულია, რომ ხდება უმცირესობათა რეკლამირება, მათ იცავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხდება კანონმდებლობის შეცვლა „მათი მიზნების განხორციელებისათვის“, ხოლო ეკლესია განიცდის დისკრედიტაციას, რამდენადაც ეწინააღმდეგება აღნიშნულ მოვლენებს.[20]

პატრიარქი ოჯახს განიხილავს, როგორც ქრისტიანულ ღვაწლს „სულის ხსნისა„ და „ერთმანეთისთვის ცხოვრების“ სახით. ოჯახი სიყვარულსა და იერარქიაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ქმრის ფუნქცია არა ბატონობა, არამედ ოჯახზე ზრუნვაა, მათი მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფა, იგი „ღვთისმსახურია საკუთარი სახლისა“, ხოლო ქალის ფუნქცია, ღვთის მცნებების გათვალისწინებით ქმრის მორჩილება, შვილებზე და ოჯახის წევრებზე ზრუნვაა. იგი ასევე, აღნიშნავს, რომ ადამიანები ხშირად მოუმზადებელნი არიან ასეთი ოჯახის შესაქმნელად.  ოჯახური განსაცდელი ურთიერთსიყვარულით უნდა დაიძლიოს. არაოჯახური თანაცხოვრება განხილულია, როგორც მერკანტილურ ინტერესებზე დაქვემდებარებული ურთიერთობები.[21]

პატრიარქი მიუთითებს მრავალშვილიანობის, როგორ ბავშვებში ალტრუისტული განწყობების ჩამოყალიბების ერთ-ერთ გარანტიაზე. ქალის მიერ ბავშვების აღზრდის ჩანაცვლება სამსახურით, თუ ამის საჭიროება არ არსებობს (მისი აღნიშვნით, გართობისათვის) უპასუხისმგებლობად განიხილება.[22]

ილია II აღნიშნავს, რომ მართლმადიდებლობაა ქართული ცნობიერების საფუძველია და რომ ის საქართველოს ისტორიული არჩევანია. ქართველი ერი ჭეშმარიტებისთვის სწირავდა თავს, რომ მისთვის „პატრიოტიზმიც ღვთისმსახურებაა“. „ჭეშმარიტების მსახურება“ წინაპართაგან არის ნაბოძები და ძნელ, მაგრამ საამაყო გზას წარმოადგენს, ხოლო ის ქართველები, რომლებიც აღნიშნული წესით არ ცხოვრობენ „ქართული იდეის ნაწილად ვერ მიიჩნევიან“.[23] მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „ქართული იდეის“ წევრობა არა გენეტიკურ მიკუთვნებულობას, არამედ ადამიანის მრწამსთან და შესაბამის ღვაწლთან არის დაკავშირებული.[24] აღნიშნულია, რომ ერის ჭეშმარიტი ძალა მის სულიერ სიძლიერესა და ღვთის ძალაშია; ერის ბედნიერება მის სარწმუნოებაშია, რომელიც საზოგადოების თითეულმა წევრმა უნდა გაიზიაროს. მნიშვნელოვანია იმის მითითება, რომ სხვადასხვა რელიგია ერთ ერში კულტურულ განსხვავებულობას უწყობს ხელს და რომ მართლმადიდებლობამ გააერთიანა ქართველი ერი „ერთი ენით, ერთი კულტურით, ცნობიერებითა და ცხოვრების წესით“, ხოლო ის, რაც ამთლიანებს ერს არის კულტურა, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიას, რომელიც ერის სულიერ მთლიანობას უზრუნველყოფს.[25] ასევე, აღნიშნავს, რომ უნდა ვესწრაფოდეთ მორწმუნე და სულიერ ადამიანებთან ურთიერთობას, ხოლო „უზნეო“ ადამიანებს გავერიდოთ.[26] ეს უკანასკნელი, ცხადია, დააბრკოლებს კომუნიკაციის შესაძლებლობას სხვადასხვა მსოფლმხედველობის სოციალურ ჯგუფებს შორის.

ილია II -მ წარმოადგინა შემდეგი სახის „ტრინიტარული მოდელი“ „ღმერთი, სამშობლო, მოყვასი“, რომელთა იერარქია არ უნდა დაირღვეს წინააღმდგ შემთხვევაში, მივიღებთ ისეთ რადიკალურ გამოვლინებებს, როგორიცაა შოვინიზმი, რასიზმი, კოსმოპოლიტიზმი და ა.შ. ქრისტიანული პატრიოტიზმი უკიდურესობებს ემიჯნება, დამყარებულია ისეთ ტრადიციებზე, რომლებიც ერის სულიერი და ზნეობრივი განვითრებისკენ არის მიმართული და ეფუძნება „სხვა ხალხებისა და ქვეყნების პატივისცემასა და კეთილგანწყობას“.[27] იგი მიუთითებს, რომ სამშობლოზე უზენაესი ღირებულება არის ყოვლადწმინდა სამება.[28]

მნიშვნელოვანია მითითება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ტოლერანტულობაზე, „ტოლერანტობა ჩვენი ბუნებიდან მომდინარეობს და მისი სწავლა არასოდეს დაგვჭირდება“.[29]

იგი მიუთითებს ცოდნისა და რწმენის ერთიანობაზე ქართულ ტრადიციულ ცნობიერებაში და რომ ცოდნა რწმენას უნდა ეფუძნებოდეს.[30]

აღნიშნულია, რომ სოციალურ საკითხებზე ზრუნვა ეკლესიისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.[[31]]

საინტერესოა, მოსაზრება მადლის მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელსაც ადამიანის „თავმდაბლობის ხარისხი“ განაპირობებს და არსებობს მისი ერთგვარი აკუმულირების შესაძლებლობა მომავალი თაობებისათვის „სულიერი საგზლის“ სახით. მადლის დამკვიდრება, კი მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაშია შესაძლებელი.[32] „მადლმოსილ ადამიანთა“ სიმრავლე  ღვთის მფარველობასა და ქვეყნის კეთილდღეობას განსაზღვრავს, რომლისთვისაც მხოლოდ  ცალკეული ადამიანების „მადლმოსილება“ არ არის საკმარისი (მოყვანილია, ბიბლიიდან ლოთის ფრაგმენტი).  საქართველო, მისი აზრით“ ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.[33] აღნიშნული, ვფიქრობ, აძლიერებს ქართულ „რელიგიურ-ნაციონალურ“ იდენტობას, მიუხედავად, შეუსაბამო „დე-ფაქტო“ გამოვლინებებისა, რომლის ყველაზე მასშტაბურ ილუსტრაციას, ჩემი აზრით, 17 მაისი წარმოადგენს.

აღნიშნულია თანამედროვე მეცნიერებისა და ფილოსოფიის დაშორება ეკლესიისაგან, რომ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი უარყოფს ყოველგვარ სასწაულს. მისი აზრით, ცოდნა უნდა ეფუძნებოდეს ზნეობას.[34]

იგი მიუთითებს მედიისა და სკოლის როლზე ერის ზნეობრივ აღზრდაში. აღნიშნულია, ასევე, ანალიტიკური აზროვნებისა და „განწყობის თეორიის“ მნიშვნელობა სასკოლო განათლებაში და სექსუალური აღზრდის შესახებ საგნის დაუშვებლობა სკოლაში.[35] საუბარია არაზნეობრივი, არაჰუმანური, ნიჰილისტური ღირებულებების პროპაგანდაზე მედიის მიერ, რომელიც „ტექნოლოგიური საზოგადოების“ ჩამოყალიბების მიზნებს ემსახურება, რომლის მთავარ ღირებულებად ფული გადაიქცევა – ეგოიზმის წახალისება, როდესაც ადამიანები ერთმანეთს სარგებლიანობის თვალსაზრისით განიხილავენ.[36]

მნიშვნელოვანია მოსაზრება გლობალიზაციის პროცესის შესახებ, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს თვითმყოფადი, ტრადიციული, რელიგიური აზროვნების წესს უქმნის, „მთავარი ბრძოლა“ აზროვნების წესისთვის ბრძოლაა, რომელიც თანამედროვე დიდგორსა და ბასიანს წარმოადგენს. ამიტომ, იმისთვის, რომ განხორციელდეს „ქართული იდეა“ ქართველმა ერმა უნდა შეინარჩუნოს მართლმადიდებლური სარწმუნოება და ეროვნულ-კულტურული ფასეულობები – უნდა გაერთიანდეს „სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოების ძალისხმევა“.[37] პატრიარქი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის თანამედროვე გამოწვევებს სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებას უკავშირებს ასეთი გზით დაბადებულ ბავშვთა „პრობლემატურობას“. ყურადღება გამახვილებულია აბორტსა და ევთანაზიაზე, რომელსაც, მისი შეხედულებით „ჰუმანისტები“ იცავენ. ოჯახის დაგეგმარება პასუხისმგებლობათაგან თავის არიდებად განიხილება. იგი მიიჩნევს, რომ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის „აბსოლუტიზაცია“ მოხდა და „ის, რაც ტექნოლოგიურად მიღწევადია, ყველაფერი როდია მორალური და სასარგებლო“. მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დიდი წინსვლისა, მისი აზრით, „სიკვდილზე ძალაუფლება“ კვლავ ღმერთის ხელშია.[38]

ყურადღება არის ასევე, გამახვილებული შრომის „სულიერ“ ფასეულობაზე და არა მარტო კეთილდღეობის შექმნაზე მისი მეშვეობით.[39]

პატრიარქი მიუთითებს ადამიანის გარდაქმნის შესაძლებლობაზე ლოცვის მეშვეობით. ასევე, აღნიშნავს, რომ ყველა, ვინც პასუხისმგებლობით აღასრულებს ღვთის მცნებებს, არა წარმავალი, არამედ მარადიული „ლიტურგიკული დროით“ ცხოვრობს.[40]

თეა კახაძე – EMC-ის სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის წევრი