EMC საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

54644_497441183621859_1079548117_o

საქართველოს კანონმდებლობით საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებადე უფლებამოსილია, შეაჩეროს სადავო აქტის მოქმედება თუ მან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება მოსარჩელისთვის გამოუსწორებელი შედეგი დააყენოს. 2013 წლის ივლისში პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც თუ საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას, მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არაუმეტეს 45 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორმის მოქმედება აღდგება. საკანონმდებლო ორგანოს განმარტებით, ამგვარი შეზღუდვის მიზანია მესამე პირთა უფლებებისა და საჯარო ინტერესის დაცვა, რაზეც  სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება შესაძლებელია უარყოფითად აისახოს.

საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის მოქმედებას აჩერებს მხოლოდ მაშინ თუ მიიჩნევს, რომ მას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს მოსარჩელისთვის. იმ შემთხვევაში კი თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იყენებს სარჩელის არაუმეტეს 45 დღეში განხილვის დისკრეციას,  ის უფლებამოსილი რჩება საბოლოო გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადის შემდეგ მიიღოს. ამ პირობებში 45 დღის გასვლის შემდეგ, ნორმის მოქმედების ავტომატურ აღდგენას, თუნდაც იგი საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი, მოსარჩელისთვის გამოუსწორებელი შედეგები მოქავს და შეუძლებელს ხდის მისი დარღვეული უფლების აღდგენას. ყოველივე ეს ამცირებს გადაწყვეტილების ზემოქმედების ეფექტურობას და აზრს უკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას. EMC განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმები არ ახდენს იმ შემთხვევების დიფერენცირებას, როცა ირღვევა/შეიძლება დაირღვეს მესამე პირთა უფლებები ან/და საჯარო ინტერესი და როცა ამგვარი ლეგიტიმური ინტერესები არ დგას, მოსარჩელის უფლება ყოველგვარი საჯარო ლეგიტიმური მიზნის გარეშე იზღუდება, რაც დაცულ უფლებაში თვითნებური ჩარევაა.

დამატებით, EMC მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება არის არამხოლოდ სასამართლოს ვალდებულება, არამედ მოსარჩელის უფლება. საკონსტიტუციო სამართალწარმოება გამოირჩევა განსაკუთრებული სირთულით და აუცილებელია გარკვეული დრო საქმის ყოვლმხრივი განხილვისთვის. 45-დღიანი პერიოდი კი ზედმეტად მცირე ვადაა საქმის ჯეროვანი გამოკვლევისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.

აღნიშნულზე დაყრდნობით, EMC მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მხოლოდ 45 დღიანი პერიოდით შემოფარგვლა და ნორმის ბლანკეტურობა, რომელიც რაციონალური დიფერენცირების გარეშე, ლეგიტიმური მიზნის არსებობის  შემთვევაშიც კი უშვებს ამგვარ შეზღუდვას უფლებაში არამართლზომიერ ჩარევას წარმოადგენს. შესაბამისად,EMC, როგორც პოტენციური მოსარჩელე ამტკიცებს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტსა და ამავე ნორმატიული აქტის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.