აქცია კაზრეთში – მუშათა მასობრივი გაფიცვა გრძელდება

75954_720919657940676_702514350_n„საწარმოში არ არსებობს უსაფრთხოების დამცავი სათანადო და  ჰიგიენური პირობები, მუშებს არ გვაქვს სპეციალური ტანსაცმელი, საწარმოში რომ ახვიდეთ, ნახავთ, რომ სამუშაო ადგილას სულ ყინულია. მუშებს ამ ყინულზე 12 საათის განმავლობაში უწევთ  დგომა. სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელია, შეიქმნას ელემენტარული პირობები და ასევე, შეიცვალოს ადმინისტრაციის დამოკიდებულება მუშებთან, ისე გვეპყრობიან თითქოს მონები ვართ,“- აცხადებს აქციის მონაწილე გიორგი აზარაშვილი.

გიორგი აზარაშვილი საგაფიცვო კომიტეტის წევრი და იმ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, რომელიც ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში 14 თებერვალს დაიწყო. აქციაზე 500-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც თვეების წინ დაწყებული კოლექტიური დავის უშედეგო პროცესი გააპროტესტეს. მუშები შრომის უსაფრთხო პირობების მოთხოვნის დარღვევაზე,  სპეციალური აღჭურვილობისა და დამცავი საშუალებების არარსებობაზე საუბრობენ.

მონაწილეთა თქმით, მადნის დამუშავების დროს, დაცული არ არის უსაფრთხოების მინიმალური ზომებიც კი, რის გამოც ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებების შეღწევა სასუნთქი გზების გავლით ხდება. ხანგრძლივი დროის მანძილზე ასეთი სამუშაო პირობები ადამიანის ჯანმრთელობის მოშლას იწვევს, რაც ხშირად ხდება ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი მიზეზი. დასაქმებულები პრობლემად ასახელებენ მუშაობის პროცესში დამამცირებელ მოპყრობასაც.

აქციის მონაწილეები ხაზს უსვამენ შრომის უკიდურესად არასამართლიან ანაზღაურებაზე. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ხელფასები არ გაზრდილა და პირიქით, 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, ხელფასები 20%-ით შემცირდა. გარდა ამისა, გაფიცული მუშები, ფაქტობრივად, უფუნქციო სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვენ, რომელიც არ შეესაბამება სამუშაოს რისკებს/პირობებს და არ ფარავს ელემენტარულ სამედიცინო მომსახურებასაც კი.

საწარმოების – RMG Copper-ის და RMG Gold-ის ხელმძღვანელთა და დასაქმებულთა შორის 2013 წლის 23 ნოემბრიდან კოლექტიური დავა მიმდინარეობს. დავის მიზეზი სოციალური მოთხოვნებია. მათ შორის, ხელფასების ზრდა, შრომის უსაფრთხოებისა და სადაზღვევო პირობების გაუმჯობესება. აქციის მონაწილეების თქმით, ადმინისტრაცია მათ საკითხის შესწავლას დაპირდა, თუმცა, შეთანხმებულ ვადაში მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. რის შემდეგაც, მუშებმა გაფიცვის ფორმას მიმართეს.

გაფიცვის დაწყების შესახებ ადმინისტრაციის ინფორმირებიდან რამდენიმე დღეში, ადმინისტრაციამ საწარმოს სიმძლავრის შემცირების მოტივით 184 დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გათავისუფლებულთა აზრით, გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ფაქტორი მათი კოლექტიურ დავაში მონაწილეობა იყო.

გაფიცული მუშების მოთხოვნა ხელფასების ზრდა, შრომის პირობებისა და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება და კოლექტიური ხელშეკრულების დადებაა, თუმცა, ამ დროისათვის პირველ მოთხოვნად ისინი გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენას ასახელებენ.

საწარმოს წარმომადგენლები დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ოფიციალურ საფუძვლად საწარმოში შექმნილ ისეთ ეკონომიკურ გარემოებებზე, ტექონოლოგიურ და ორგანიზაციულ ცვილებებზე უთითებენ, რომელიც აუცილებელს ხდის ძალის შემცირებას. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში არათუ საწარმოს მუშაობის სიმძლავრის შემცირება, არამედ გაზრდაც კი მოხდა, სამსახურიდან გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი კი გაფიცვის ორგანიზატორებთან ანგარიშსწორებაა.

პროფკავშირების წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე, რომელიც კოლექტიური დავის პროცესშია ჩართული, აღნიშნავს: „ადმინისტრაციის მხრიდან არსებობს მუშებზე ინდივიდუალური ზეწოლის ფაქტები. გაფიცვის გაგრძლების შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გათვისუფლებით ემუქრებიან, მაგრამ გაფიცვა კანონიერია, შრომის კოდექსის მოთხოვნათა ფარგლებში ექცევა და არ შეიძლება გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.“

ბოლო დროს, ქვეყანაში მიმდინარე დასაქმებულთა გაფიცვებისა და პროტესტის მასშტაბი ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს არაეფექტურ პოლიტიკას შრომით ურთიერთობებში.  დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობის სუბორდინაციული ხასიათი სახელმწიფოს ავალდებულებს, განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ქვეშ მოაქციოს დასაქმებული, როგორც ურთიერთობის „სუსტი მხარე.“  შრომის პირობების უსაფრთხოების პრობლემა ერთ-ერთია იმათ შორის, რომელზეც კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმები სახელმწიფოს არ გააჩნია. პასიური დამოკიდებულება ასეთი მასშტაბური პრობლემის მიმართ შრომის პოლიტიკის სისუსტეზე მიუთითებს, რაც თავის მხრივ, ზრდის დასაქმებულთა უფლებების დარღვევის შანსს.

აქციის მონაწილეები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.

 ლელა გვიშიანი