წინააღმდეგობა და პასუხისმგებლობა

მე მახსოვს 8 ნოემბერი. უნივერსიტეტთან რამდენიმე სტუდენტი ვიდექით და ვამბობდით, რომ ჩვენი აქ დგომა უკანონოა. მე საგანგებო მდგომარეობა მახსოვს. ეს სიმულაცია იყო. რაღაც ყალბი, შიშსა და მანიფესტაციას შორის. პასუხისმგებლობისგან დაცლილი პროტესტი.

რამდენიმე დღით ადრე, მე პირველად წავედი აქციაზე. და ბევრი ჩვენგანი პირველად იდგა პოლიტიკური პროცესების შუაგულში. მე ვფიქრობდი, რომ გავქრი და აღარ ვარსებობ, რომ ხალხს შევერიე, ჯგუფებს შევერიე, ავითქვიფე და რომ ჩემი თავისუფლება აქ მთავრდება, იმდენად რამდენადაც მე რაღაც შეთანხმების ნაწილი გავხდი. მე გაცნობიერებულად მოვაწერე ხელი ერთობის აქტს, რომელიც პასუხისმგებლობას მაკისრებს, რომელიც მიმიძღვება თავისუფალი პოლიტიკური სივრცისაკენ და გზად, მსხვერპლად ინდივიდუალურ თავისუფლება ითხოვს. ხოლო ინდივიდუალური თავისუფლება შეუძლებელია თუ არა ხარ პოლიტიკის ნაწილი.

menabde_vaxushti_001წინა დღით, ჩვენ წავედით ლექციებიდან, მას შემდეგ რაც დილით პოლიციამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია და გამოხატვა წინააღმდეგობად აქცია. ჩვენ ვიყავით გაბრაზებულები, რადგან პოლიციის ძალადობამ არ დატოვა სივრცე კრიტიკისთვის; იმიტომ რომ პოლიციის ძალადობამ არ დატოვა სივრცე გამოხატვისთვის; იმიტომ, რომ პოლიციის ძალადობამ არ დატოვა სივრცე აზროვნებისთვის; იმიტომ, რომ ჩვენგან იცავდნენ ჩვენს ქუჩას, ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას. მაგრამ ეს იყო წინ დღით, ჩვენ შემთხვევით გადავრჩით. მეორე დღეს კი ჩვენ ვერ დავუპირისპირდით საგანგებო მდგომარეობას. ჩვენ არ გავუწიეთ წინააღმდეგობა საგანგებო მდგომარეობის ლოგიკას. ჩვენ კანონმორჩილი მოქალაქეები ვიყავით, ჩვენ უსამართლო წესებით თამაში მივიღეთ და ამით პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას გადავაკისრეთ. ჩვენ ვერ გავბედეთ ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენ დავუჯერეთ მამებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ,,სახალხო გამოსვლების დროს ვიტრინა არ ჩამსხვრეულა’’.

მე ახლა ეს სიტყვები ბუკვალურად არ მესმის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ პოლიტიკაზე. ჩვენ იმდენადაც კი არ ვბრაზდებით, რომ ენერგია ვიტრინის ჩასსამსხვრევად გვეყოს. ჩვენ ინერტულები ვართ და რწევით გამოვხატავთ უკმაყოფილებას, რომელიც ვერასოდეს გადაიზრდება წინააღმდეგობაში. ჩვენ მისი პოლიტიკის გასაზღვრის პრივილეგიას ვთმობთ და პოლიციას გადავცემთ.  ეს ნიშნავს დირექტივების ბრმად შესრულებას, კანონის, როგორც ჩვენი შეთანხმების სიკვდილს და იმპერატიულობის დაბადებას. არადა შეუძლებელია მინდობილი მიმნდობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდეს.

პოლიცია, და მისი სახით სახელმწიფო, მუდმივად დადგენილი წესების დაცვისკენ მოგვიწოდებს. მეტიც, მას ყოფნის თავხედობა და კონსტიტუციურ წესრიგს როგორც ჩვენი ქმედების შეფასების მასშტაბს, ისე იყენებს. კონსტიტუცია კი ჩვენი სივრცეა და არა მისი. ამ დროს პოლიცია პოლიტიკის მკვლელობას ცდილობს. ადრე მთლად ასე არ იყო. ის ყოველთვის უარს ამბობდა კონსტიტუციის პირდაპირ გამოყენებაზე. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მისი პირდაპირი მოქმედების ძალას და დღესაც ეუხერხულება მასთან შეხება. იმიტომ, რომ ეს არ არის მისი სივრცე. ჩვენ მოგვიწოდებენ კანონების დაცვისაკენ. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიაში არსებობს რაღაც კანონს მიღმა, ის რაც პასუხისმგებლობას გვაკისრებს. დაიცვათ ჩვენი შეთანხმება. ის, რაც აღაგზნებს ჩვენს ცნობიერებას; ის, რაც მოგვიწოდებს წინააღმდეგობისკენ; ის, რასაც ჩვენ პოლიტიკას ვეძახით.

პოლიტიკური გულისხმობს პასუხისმგებლობას და თავგანწირვას. ამ აზრით ჩვენთან პოლიტიკური ჩართულობა ნაკლებად არსებობს, ან გნებავთ – იშვიათად. ჩვენ ვცდილობთ დავაფიქსიროთ საკუთარი აზრი, მაგრამ არცერთ შემთხვევაში -წინააღმდეგობა. წინააღმდეგობა დემონიზირებულია. ამ აზრით დემოკრატია ყოველ ჯერზე მარცხდება კანონის წინაშე. ჩვენი უპასუხისმგებლობა ჩვენს კანონმორჩილებაში ვლინდება, მაშინ როდესაც კანონი ჩვენი პოლიტიკურობის წინააღმდეგ მოგვმართავს.

პოლიტიკური ნიშნავს დესტრუქციულს პოლიციურის მიმართ.

პირველ მაისს სტუდენტებს ვერ აპატიეს ვანდალზმი. თუმცა, პოლიტიკური სწორედ ვანდალურს ნიშნავს. ვანდალური აქტები პოლიტიკური აქტებიცაა. ისინი ამბობენ – ყველაფერი რაც გარშემოა, უზოგადესი აზრით, ყველასია. არ არსებობს პოლიტიკურზე უფრო ძვირფასი რამ, რადგან პოლიტიკის არარსებობა სხვა ყველა უფლების შენარჩუნებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამიტომ, რადიკალურ შემთხვევებში შეგიძლია გაანადგურო საკუთარი, თუკი სხვანაირად პოლიტიკურ ველს ვერ იბრუნებ. ერთადერთი, რაც არ არის ყველასი, ეს მეორე ადამიანის სიცოცხლეა. ამდენად, ის ხელშეუხებელია.

ტოტალიტარული გამოცდილება არ იძლევა წინააღმდეგობის საშუალებას. ის უსიცოცხლო გამოხატვისკენ გვაბრუნებს. ინერტული პროტესტისკენ, სადაც დღის წესრიგს სხვა ადგენს, შენ კი მისი მომლოდინე ხარ. დათგუნილი ფსიქოლოგიით წინააღმდეგობა შეუძლებელია. მხოლოდ თავისუფალი ხალხის პროტესტი შეიძლება იყოს ვანდალური.

პირველ მაისს სტუდენტებს ვერ აპატიეს ,,ქარძნები’’. აროგანტულობით, რომლის უფლებასაც იძლევა ინტელექტუალურობა. ეს კარგი მაგალითი იყო – მექანიკური შეცდომა გახდა კრიტიკის მარკერი, ოღონდ, ეს მარკერი გახაზავს არა თავად პროტესტის მონაწილეებს, არამედ კრიტიკოსებს. მათ, ვინც იცოდა ამ მექანიკური შეცდომის შესახებ, მაგრამ თავს უფლება მისცა დამდგარიყო პედესტალზე. პოლიტიკური კი პედესტალზე ვერ დადგება. მისი ადგილი იქ არ არის. ის დგას იქ, სადაც შარდს სუნი დგას. ამდენად, ისინი [კრიტიკოსები] თავად გავიდნენ პოლიტიკური ველიდან. ისევე როგორც ნომბერში. იქ სადაც 9 წელი იყვნენ.

გადამწყვეტ მომენტში, იყო  კონსტრუქციული რიტორიკაში, ნიშნავს – იყო მკვდარი.

ჩვენ ვიტრინების სიმრთელით და „ქარძნებით“ აღფრთოვანებული ადამიანები მიგვათრევენ უპასუხიმგებლო პოლიციური სახელმწიფოსაკენ.

ჩვენ მომდევნო 9 წლის განმავლობაში და მის შემდეგაც ვიხსნებდით ,,9 წელს’’ და რეტროსპექტივას სწორედ ,,7 ნოემბრიდან’’ ვიწყებდით, როგორც ძალადობის ახალი წელთაღრიცხვიდან. თუმცა ,,9 წელი’’ სწორედ ,,7-მა ნოემბერმა’’ გახადა შესაძლებელი. ოღონდ, ამის უპასუხისმგებლობა სწორედ ჩვენზეა. ჩვენ ვთქვით უარი პოლიტიკაზე. ჩვენ ვთქვით უარი წინააღმდეგობაზე და ჩვენ გავეცით ნებართვა სახელმწიფოზე ყოფილიყო პოლიციური. მეტიც, ჩვენ მას სხვა გზა აღარ დავუტოვეთ. ჩვენ ის ვაიძულეთ. აქ ვიყავით ,,9 წელი’’. ამიტომ ეს კითხვაც ,,სად იყავი 9 წელი?!’’ ჩვენ, იმ ადამიანებს მოგვემართება, რომლებმაც 8 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობა დავუშვით.

მე მემახსოვრება 24 თებერვალი. დღე, როდესაც სამი პარალელური გაფიცვა მიმდინარეობს, ჩვენ კი გვტკივა ოლიმპიადა. მაგრამ შეუძლებელია იყო გულწრფელი სოლიდარობის გამოხატვისას თუ ახლო მანძილებზე ვერ ხედავ. ამ აზრით, ჩვენი მთავარი გამოწვევაა – დავიწყოთ პოლიტიკით.

ვახუშტი მენაბდე