EMC და TDI ახალ, ერთობლივ კვლევას განახორციელებენ

Untitled-1„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) ერთობლივი კვლევის განხორციელება დაიწყო. კვლევის მიზანია 2013 წელს და 2014 წლის დასაწყისში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ფინანსებისა და სხვა მატერიალური სიკეთეების მასშტაბისა და მიზნობრიობის შესწავლა. კვლევა, ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსების წესით გადაცემული დაფინანსების გარდა, გააანალიზებს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, ასევე ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემული მატერიალური სიკეთეების ოდენობას, მიზნობრიობასა და დასაბუთებას.

კვლევის შედეგები აჩვენებს თუ რა ტენდენციები და პრაქტიკა იკვეთება სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების კუთხით, განსახილველ პერიოდში და რა დინამიკა განიცადა მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკამ ხელისუფლების ტრანზიციის პირობებში. წინა წლებში, სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხის შეფასების დროს, კვლევა დაეყრდნობა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველოს“ მიერ ამ საკითხებზე უკვე ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგებს.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ განსახილველი კვლევა წაახალისებს საჯარო დისკუსიებს იმ საკითხზე, თუ რამდენად ეფექტურად და გამჭვირვალედ იხარჯება მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო თანხები იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივ დონეზე ხშირად ძალიან მწვავედ დგას სოციალური და ეკოლოგიური პრობლემები.

საბოლოო კვლევის გამოქვეყნებამდე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) საზოგადოებას მიაწვდის კვლევის პროცესში მიღებულ საინტერესო ინფორმაციასა და მიგნებებს, რათა ხელი შეუწყონ ამ საკითხზე საჯარო დისკუსიების წარმართვას. მსგავსი ინფორმაცია განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს რეგიონალური მედიასაშუალებებისთვის. მათი გამოხმაურება კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს კვლევის პროცესისთვის.

ვადები: 10.02.2014 -30.06.2014