დაშინების ნარკოპოლიტიკა

gegelia_tako_001რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავრმა პროკურორმა საზოგადოებას ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ‘’ახალი ინიციატივა’’ გააცნო, რომელიც  ორიენტირებული სასჯელების გამკაცრებაზე იქნება[1]. მთავარი პროკურორის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის საპროცესო შეთანხმების პირობები გამკაცრდება და შეფარდებული სასჯელის ნაწილს მსჯავრდებულები რეალურად მოიხდიან. ასევე განსხვავებული მიდგომები იქნება მსუბუქი და უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მიმართ. ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმაც, რომელმაც პოლიტიკის გამკაცრების მთავარ მიზნად გენოფონდის გადარჩენა დაასახელა[2].

ეს განცხადებები მიუთითებს, რომ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას სახელმწიფო არ ცვლის. ხელისუფლება ერთი მხრივ, ადგენს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პრევენციაზე, ზიანის შემცირებაზე, ნარკომომხმარებელთა მიმართ არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევაზე ორიენტირებულ სტრატეგიას[3], მაგრამ მეორე მხრივ, სხვათა დასაშინებლად პრაქტიკულად პოლიციურ და სასტიკ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რომლის ერთადერთი მიზანი პირის დასჯაა, რაც სასჯელს ფსიქოლოგიური იძულების მეთოდად აქცევს.  მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია, რადგან არღვევს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ პატივისა და ღირსების უფლებას. გარდა ამისა, ასეთი მიდგომა უშედეგოა, რადგან პრაქტიკამ მრავალჯერ დაადასტურა, რომ მხოლოდ სასჯლის გამკაცრება ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის კლებას.

90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, სახელმწიფო არ ცვლის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლის სამართლის პოლიტიკას, მიუხედავად  იმისა, რომ სასჯელის გამკაცრებამ დანაშაულის სტატისტიკა მნიშვნელოვნად არ შეცვალა. კვლევამ აჩვენა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ წამალდამოკიდებულთა უმრავლესობა კვლავ უბრუნდება ნარკოტიკულ საშუალებებს[4]. ხელისუფლება ჯიუტად არ იაზრებს იმას, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური და სწორი მიდგომა არის იმ სოციალურ-ეკონომიკური თუ სხვა სახის ფაქტორების აღმოფხვრა,  რაც ამ სახის დანაშაულის ჩადენას განაპირობებს.

დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მსგავს გაუაზრებლობას, რომელიც მოწყვეტილია საზოგადოებრივი მიზნებისგან და საჭიროებისგან,  კანონმდებელი ზოგადად სხვა დანაშაულების მიმართაც ავლენს. ასეთი იყო 2002 წლის საკანონმდებლო დამატებაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 1821 -ე მუხლის სახით, რითაც ქურდობის სპეციალური შემადგენლობა შეიქმნა – შავი და ფერადი ლითონების ან მათი შემცველი ნაკეთობების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ამ ქმედებების სასჯელის გამკაცრება გამოწვეული იყო იმ პერიოდში, საზოგადოებრივი ადგილებიდან მსგავსი ტიპის საგნების გახშირებული დატაცებით. კანონმდებელმა კი, ამ ქმედების წინააღმდეგ სასჯელის სახით 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთის დაწესებით გაილაშქრა და პრაქტიკაში ისეთი რეალობა შექმნა, რომ 15-ლარიანი სპილენძის ქვაბის ქურდობისთვის პირი უფრო მკაცრად ისჯებოდა, ვიდრე ძალადობრივი დანაშაულის – ყაჩაღობის ჩამდენი. უკიდურესი უსამართლობის გამო ამ ნორმამ მხოლოდ 2 წელი იმოქმედა.

წამალდამოკიდებულის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯა და დროის ცვლასთან ერთად სასჯელების გამკაცრებაც, სხვა არაფერია თუ არა პრობლემის გაუაზრებლობა და ქმედების გამომწვევი მიზეზების დაუნახაობა. თუკი 2002 წელს, სახელმწიფომ სიღარიბესთან ბრძოლას სასჯელის გამკაცრება და ამ გზით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა არჩია (რამაც ვერ შეამცირა მისი რაოდენობა), დღეს ის, წამალდამოკიდებულის მიმართ სასჯელის გამკაცრებით თვალს ხუჭავს მის გამომწვევ  ძირითად მიზეზებზე და ისევ იმავე შეცდომას უშვებს. ეს უკანასკნელი ალბათ იმით აიხსნება, რომ საქართველოში ნარკოვითარება განსაზღვრავდა ყოველთვის პოლიტიკას და არა პირიქით.

წამალდამოკიდებულთა პრობლემებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ ამ პრობლემას სახელმწიფომ უნდა მიხედოს ისე, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშრებულ პრობლემებს, შესაბამისად, უნდა ებრძოლოს არა სასჯელით (რომელსაც არ აქვს სამკურნალო თვისება), არამედ სამედიცინო და სოციალური დაცვის  ალტერნატიული ღონისძიებებით[5], რასაც ვერ ვიტყვით ნარკოტიკული საშუალების გასაღებაზე, რის მიმართაც სახელმწიფოს სრული უფლება აქვს იყოს შეურიგებელი.

წამალდამოკიდებული ადამიანის მხრიდან წამლის კვლავ მოხმარება აიხსნება არა იმით, რომ ის უკიდურეს გულგრილობას ან არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ავლენს ნორმატიულად დადგენილი ვალდებულებებისადმი, არამედ იმით, რომ მას სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლია, თავისუფალი არ არის არჩევანში, რაც უნდა გამორიცხავდეს მის ბრალს. პასუხისმგებლობის პირველ ქმედებაზე გადმოტანა და ამ თვალსაზრისით პასუხისმგებლობის დასაბუთება მოკლებულია დოგმატიკურ საფუძველს, რადგან პირი უშუალოდ ქმედების ჩადენის გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა იყოს თავისუფალი.

თაკო გეგელია