ფორმით ინტეგრაციული, შინაარსით დისფუნქციური

(გამოხმაურება ზურაბ ჯაშის ლექციაზე “ფუნდამენტალიზმი და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია”)

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც იცის განსხვავება თევზსა და ველოსიპედს შორის. ამ დროს, მოდის ვიღაც და გიყვებათ თევზებზე, რომელსაც აქვს ორი ბორბალი, არის გადაადგილების ეკოლოგიურად სუფთა საშუალება, რომ ბავშვობაში ყველას უოცნებია მის გაქროლებაზე, ხოლო ველოსიპედებზე გეუბნებიან, რომ ძირითადად წყალში ბინადრობენ და ხანდახან საჭმელადაც გამოიყენება. ალბათ, საინტერესო რეაქციები გექნებათ. ეს შესავალი არის ჩემი აღქმის ილუსტრაცია რელიგიის შესახებ, უფრო კონკრეტულად კი აღწერს იმ პარადოქსს, რომ დიდი ხანია, ამ თემაზე მესმის ერთი და ვხედავ მეორეს – ათჯერ გაგონილს კი ერთხელ ნანახი რომ ჯობია, წინაპრების გამოცდილებამ აჩვენა.

EMჩ-ის პლატფორმის ფარგლებში, ფუნდამენტალიზმსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას მიეძღვნა ერთი ლექცია, რომელიც ზურა ჯაშმა წაიკითხა. თეოლოგისგან ეკლესიის კრიტიკა აქამდე არასდროს მომისმენია და ამ ფაქტმა კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი ცნობისმოყვარეობა.

საუბარი, არც მეტი, არც ნაკლები, ეკლესიის ფუნქციონალისტური ანალიზით დაიწყო, რაც მოიაზრებს საზოგადოებაში არსებული ინსტიტუტების განხილვას მასზე დაკისრებული როლებისა და მისთვის დამახასიათებელი ფუნქციების შესრულების ხარისხის მიხედვით. ლექციის დასაწყისში მოხდა უნივერსალური სტანდარტების უარყოფა და მისი გადანაწილება კონკრეტულ ჯგუფებზე. ეს კი ნიშნავს, რომ რაიმე ღირებულება შეიძლება აღიარებული იყოს კონკრეტული ჯგუფის მიერ, მაგრამ არა მთელი საზოგადოების მიერ. ამის მაგალითად გამოდგება პატრიარქის მოხსნიება ერის მამად, რაც თავისთავად არ უკარგავს სიტყვას თავის ეტიმოლოგიურ მნიშვნელობას (პატრიარქი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს მამათმთავარს), თუმცა ბატომა ზურამ ყურადღება გაამახვილა სიტყვაზე – ერი და აღნიშნა, რომ შესაძლოა პატრიარქის ამგვარ აღქმაში იგულისხმება პოლიტიკური, ეთნიკური ან ერის სხვა გაგება, ანუ ხდება ერისა და სახელმწიფოს გადაფარვა/დამთხვევა.

218803_532159416799683_343810630_oაქვე უნდა აღინიშნოს, რომ კათალიკოსის ტიტული, რომელიც ბერძნულად საყოველთაოს ნიშნავს (კატჰოლიკოს „საყოველთაო, მსოფლიო“) მხოლოდ ქრისტიანული ეკლესიის შიგნით ვრცელდება. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება საზოგადოებაში არსებულ ჯგუფებსა და იმ შემთხვევას, როდესაც არის მცდელობა კონკრეტული ჯგუფის ღირებულებები გამოცხადდეს მთელი საზოგადოების ღირებულებად. საუბარია მართლმადიდებლური ეკლესიის პრეტენზიაზე, რომ მისი ფასეულობები მთელი საზოგადოების მიერ იყოს გაზიარებული და აღიარებული, რითაც ეკლესია ითავსებს მთელი საზოგადოების მაინტეგრირებელი, გამაერთიანებელი ფუნქციის შესრულებას. ამ მიზნის მისაღწევად კი საშუალებად იყენებს ძალადობისა და აგრესიის გზებს (17 მაისი), რითაც მისი ფუნქცია დისფუნქციაში გადაიზრდება და შესაბამისად კონფლიქტების წყაროს უდებს სათავეს.

ზურაბ ჯაში საჯარო ლექციაში თავს არ არიდებს ამ საკითხებს და ბოლო დროს, საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით ინიცირებულ მოვლენებს ეკლესიის ფუნდამენტალისტურ პოზიციას უწოდებს.

ამ დროს ვხვდები, რომ მესმის ის, რასაც ვხედავ და ველოსიპედისა და თევზის აღწერები, მათ რეალურ გამოსახულებებს ემსგავსება.

ფუნდამენტალიზმი არის ეკლესიის პასუხი გლობალიზაციასა და იმ სტრუქტურულ დიფერენციაციაზე, რაც დღეს მიმდინარეობს ქართულ საზოგადოებაში. ბატონი ზურაბიც ახსენებს მოდერნულ სზოგადოებას და ნელ-ნელა ვხვდები, როგორ პოულობენ საგნები და შინაარსები ჩემს გონებაში თავიანთ ადგილს. თითქოს ყველაფერი დალაგდა. მომხსენებელი აგრძელებს საუბარს მოდერნულობის მთავარ გამოწვევაზე, რომ ეს არის საზრისის კრიზისი, რომელსაც ახასიათებს:

ა) ფუნქციების სტრუქტურული დიფერენცირება – რომელშიც ჩემი აზრით, იგულისხმება ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც დღეს სოციოლოგიური სათვალის გარეშეც კარგად ჩანს. ეს არის ერთი ფუნქციის სხვადასხვა ინსტიტუტის მიერ შესრულება. მაგალითად, თუ ეკლესია ითავსებს საზოგადოების მაინტეგრირებელ ფუნქციას და მასზე საავატორო უფლებას ავრცელებს, ეს ცხადია კონფლიქტის საბაბი შეიძლება გახდეს. საზოგადოება შეიძლება გააერთიანოს სხვა ტიპის ინსტიტუტებმაც, თუმცა როცა საქმე ეხება მოდერნულობას, აუცილებლად თავს იჩენს პლურალიზმის საჭიროება, რაც ბატონი ჯაშის მსჯელობის მიხედვით, მეორე მახასიათებელია თანამედროვე საზრისის კრიზისისა.

ბ) თანამედროვე პლურალიზმი/ კანონის სფერო/ ეკონომიკა. ამ შემთხვევაში, სწორედ მოცემულმა ნიშნებმა განაპირობა საზოგადოების, როგორც ერთიანის პროგრესი. თუმცა, სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რომ თანამედროვე საზოგადოება აღარ ასრულებს ძირითად ანთროპოლოგიურ ფუნქციას – საზრისის წარმოებას მთელი საზოგადოებისთვის და გვევლინებიან ერთგვარად საჯაროსა და კერძო სივრცეების გამყოფებად. ხოლო ამ აზრით, რელიგია კერძო სივრცეში აღმოჩნდება, რადგან საზრისის წარმოება არ ხდება კონკრეტული ინდივიდის, ან ინდივიდთა მცირე ჯგუფის აზროვნების შედეგად. ის არის სოციალურ სამყაროსთან ურთიერთობის პროდუქტი, მაშასადამე არის სოციალური კონსტრუქტი.

რელიგიის რელიგიურობას, ცხადია, მისი გარეგნული გამოხატულება, ეკლესია წარმოაჩენს. შესაბამისად, ეკლესია არის ის ინსტიტუტი, რომელიც ქმნის რელიგიურ ცნობიერებას, რომელიც ადეკვატური, ფუნქციური და მნიშვნელადია მხოლოდ კონკრეტული რელიგიის გამზიარებელ ჯგუფში.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მოდერნულ საზოგადოებაში, რომელიც სტრუქტურული დანაწევრებით ხასიათდება, ეკლესიას აქვს პრეტენზია მისი ღირებულებები იყოს მთელი საზოგადოებისთვის გაზიარებული, რითაც ის შეასრულებს საზოგადოების გამაერთიანებელ ფუნქციას. ფორმით, ეს ნამდვილად გავს ინტეგრაციულს, თუმცა, თუ გავყვებით ამ აზრს, აღმოჩნება, რომ ეკლესია ამ გზით ერთგვარად ახდენს ადამიანის სოციალურობის გაზვიადებას, არ ტოვებს ადგილს პიროვნებისათვის, რომელსაც გააჩნია განსხვავებული კულტურული უნივერსალიები/ღირებულებები. ამგვარად, სიბნელეში რჩება ის მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც ერთი კონკრეტული დროის მონაკვეთში რაიმე ფუნქცია შესაძლოა იყოს ფუნქციური, მაგრამ გარკვეული დროის მერე შეიძინოს დისფუნქციური ხასიათი. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ყველა რელიგიას, მათ შორის მართლმადიდებლობას, მიეცა თვითგამოხატვის სრული თავისუფლება, დანაწევრებულ ქვეყანაში მართლმადიდებელმა ეკლესიამ მაინტეგრირებელი ფუნქცია შეითავსა იმ მოწოდებებით, რაც მისი მხრიდან ვრცელდებოდა და ნდობითაც, რომელიც მან მოიპოვა ამ პერიოდის განმავლობაში. ეს შესაძლოა აიხსნას იმით, რომ პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობა სუსტი იყო იმ დროისთვის და საზოგადოებას სჭირდებოდა დასაყრდენი საჯარო ინსტიტუტი. თუმცა, დღეს კონტექსტები შეიცვალა და შესაბამისად იცვლება ფუნქციები და როლები.

ლექციის დასასრულს, ბატონმა ზურაბმა ახსენა არსებული დაძაბული სიტუაციიდან გამოსავალი, რომელსაც ის ხედავს ეკლესიის მიერ საკუთარი თავის პოვნაში არა ტოტალური გაბატონების გზით, არამედ სხვა სოციალური ჯგუფების აღიარებისა და პატივისცემის მეშვეობით.

ჩემ მიერ დანახული გამოსავალი კი ფორმისა და შინაარსის დამთხვევაშია, რაც გულისხმობს იმას, რომ თევზი უბრუნდება თავის ბუნებრივ გარემოს, ველოსიპედი უფრო მოთხოვნადი ხდება, ხოლო ეკლესია პლურალიზმის მეშვეობით თავს იხსნის ტოტალური გაბატონებისგან.

 

ქეთი სართანია – EMC-ის სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის წევრი