„კოლექტიური საზრისი“ და „იდეოლოგიური ძალაუფლების“ მარკერები

(გამოხმაურება ზურაბ ჯაშის ლექციაზე “ფუნდამენტალიზმი და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია”)

ამ წერილით იმ ძირითად პრობლემატიკას მიმოვიხილავ, რომელიც მოიცავს რელიგიური ინსტიტუციის დამოკიდებულებას მოდერნულობის გამოწვევებისადმი. მათ შორის გამიჯვნათა პროცესის, პლურალიზმის, საჯარო სივრცის გამოყენებისა და სახელმწიფოს მიერ სეკულარული პრინციპების უზრუნველყოფის საკითხებისადმი. განვიხილავ, ქართული ნაციონალური და რელიგიური დისკურსის ურთიერთმიმართებისა და სხვადასხვა „ჰიბრიდული იდენტობის“ მიერ მუდმივი „მტრის ხატის“ ლოგიკით ფორმირების ასპექტებს.

Tea Kakhadzeროგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ეპისტოლეთა ანალიზი ცხადყოფს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმოდგენა „ქართული იდეის“ შესახებ ეყრდნობა ორ ბაზისს – მართლმადიდებლობასა და ეროვნულ ტრადიციებს. აღნიშნული „კოლექტიური იდენტობის“ ფორმირებას, კი თავად ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ახდენს. რელიგიურ და ტრადიციულ ღირებულებათა გადაჯაჭვას აღნიშნული ორის ფუნდამენტური პრინციპები და ღირებულებითი ორიენტაციები უწყობს ხელს. ვინაიდან, ტრადიციული საზოგადოებისთვის წარსულის პრაქტიკებს დღევანდელობისა  და მისი რაობის გაგებასა და ფორმირებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა გააჩნია, აღნიშნული პრაქტიკები „საკრალურ“ მნიშვნელობას იძენს. რელიგია, კი „რეალობის ფუნდამენტური ბუნების“ შესახებ იძლევა მნიშვნელობათა სისტემას, რომელიც თავის მხრივ, ქმნის სპეკულირების მრავალფეროვან შესაძლებლობას. ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ტრადიციული და რელიგიური ურთიერთშეთავსებადია ერთმანეთთან, რამდენადაც რეალობისთვის მნიშვნელობის მინიჭება ერთისთვის ხანგრძლივ პრაქტიკებზე არის დამყარებული, ხოლო მეორესთვის – ფუნდამენტურ პრინციპებზე, რაც „დროით-სივრცულ ცვალებადობას არ ექვემდებარება“. თუმცა, თუ რელიგიის ანთროპოლოგიურ კონსტრუქციას დავესესხებით, რელიგიური სიმბოლოების ფორმირება, სიმბოლოს კონცეფცია, ანუ მისი მნიშვნელობა ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეულ ცვლად სოციალურ კონტექსტთან და ქმნის ურთიერთქმედებისა და ურთიერთცვლილების შესაძლებლობებს.[1]

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლები ხშირადაღნიშნავენ, რომ მათი მრწამსი დღესაც ისეთივეა, როგორიც ეს პირველ საუკუნეებში იყო, მათ მაინც უწევთ დროის სხვადასხვა გამოწვევასთან დამოკიდებულებების განსაზღვრა (აღნიშნული ტენდენციებითეორიულ და/ან პრაქტიკულ დონეზე, რა თქმა უნდა, შეინიშნება სხვა კონფესიებშიც). კვლევები აჩვენებს,[2]რომ გლობალიზაციის ტექნოლოგიური და კულტურული გამოწვევებისადმი ქართულ მართლმადიდებლურ წარმოდგენებში, ძირითადად, დომინირებს აღნიშნული პროცესის, როგორც მართლმადიდებლობისა და ეროვნული იდენტობისადმი საფრთხის შემცველი გარემოების აღქმა (აღნიშნულ გამოხმაურებაში ძირითადად, ვისაუბრებ ქართული რეალობის  მასშტაბით).

რიგი მოსაზრებებით, ინფორმაციული ნაკადების გლობალურობამ, სისტემურმა დიფერენციაციამ (პოლიტიკა, ეკონომიკა, მეცნიერება და ა.შ.), რომელმაც მსოფლიო მასშტაბები და საკუთარი ლოგიკა შეიძინა; დიფერენციაციის პროცესმა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, სეპარირების ტენდენციამ საზოგადოებას, კულტურასა და ინდივიდს შორის, რომელიც მზარდი ინდივიდუალიზაციის პროცესით მიმდინარეობს, გამოძახილი ანტიმოდერნულ  და ამავე დროს, მოდერნულობის ისეთ „პროდუქტში“ ჰპოვა, როგორიც ფუნდამენტალიზმია (უნდა აღინიშნოს, რომ მოდერნული ტექნოლოგიები წარმატებით გამოიყენება ფუნდამენტალისტური იდეოლოგიური პროპაგანდისათვის).

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გამიჯვნა-სეპარაციების პროცესის შეკავების ერთ-ერთი საშუალება ნაციონალიზმია, რომელიც შესაძლებელია, როგორც სამოქალაქო თანაცხოვრების პრინციპებს ეფუძნებოდეს, ასევე, გამოვლინდეს ნაციონალიზმის სხვადასხვა ფორმის სახით, სადაც დომინანტური არა სამოქალაქო, არამედ ეთნიკური, რელიგიური ან „რევოლუციური“ პრინციპები გახდეს. ფუნდამენტალიზმის მიზანიც  სეპარაცია/გამიჯვნათა პროცესის შეჩერებაა, რომელიც გამოხატულია მისწრაფებაში კვლავ ყველაფრის „ერთი ავტორიტეტისადმი“ დაქვემდებარებისკენ. ჩემი აზრით, ფუნდამენტალიზმის ფართო მასშტაბით გავრცელებისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემო რელიგიური ნაციონალიზმია, რამდენადაც ის ერთმანეთს ამთხვევს რელიგიურ, ნაციონალურ და პოლიტიკურ საზღვრებს, ხოლო სამოქალაქო ნაციონალიზმის პირობებში, რომელიც ორიენტირებულია თანაცხოვრების სეკულარულ პრინციპებზე, ფუნდამენტალიზმის მხოლოდ „ლოკალურ“ გამოვლინებებს შეიძლება ჰქონდეთ ადგილი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში.

ასევე, უნდა ითქვას, რომ ტრადიციული, კონსერვატორული საზოგადოების გახსნა „გლობალური ინფორმაციული და ტექნოლოგიური ნაკადებისთვის“, იმ პირობებში, სადაც არ არსებობს შესაბამისი ინსტიტუციონალური ბაზისი, წარმოშობს ტრადიციული საზოგადოების შიშს „დანარჩენი სამყაროსადმი.“ იგი პერმანენტული „მტრის ხატების“ შექმნისა და საკუთარი იდეოლოგიის „გააბსოლუტურებისკენ“ მიისწრაფვის და ასეთ დროს არსებობს მხოლოდ ერთადერთი „ჭეშმარიტება“, მხოლოდ ერთადერთი სწორი დისკურსი, ხოლო ყველაფერი ალტერნატიული, რაც შეუთავსებელია აღნიშნულ დისკურსთან, არის „მტრული“. ვფიქრობ, აღნიშნული პირდაპირ კავშირშია „დარწმუნებულობის“ საკითხთან. მაგალითად, პიტერ ბერგერი ამბობს, რომ ტრადიციულ სამყაროში შესაძლებელია იყო შემწყნარებელი, რადგან ის, ვინც არ იზიარებს „სამყაროს არსებულ სახეს,“ მხოლოდ საინტერესო ან სასაცილო შეიძლება იყოს და ვერ იქნება საფრთხის შემცველი არსებული წესრიგისათვის. მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების გავლენით, მაშინ, როდესაც გამოწვევის წინაშეა დარწმუნებულობის და ლეგიტიმურობის საკითხი, საკუთარ თავს ვერ მისცემ იმის უფლებას, რომ იყო ძალიან ტოლერანტული. ბიზანტიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იყო აღიარებული და აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, პრაქტიკაში ტოლერანტული დამოკიდებულებით ხასიათდებოდა სხვა კონფესიებისა და ზოგადად, სხვაგვარად მოაზროვნეთადმი, ცალკეული იმპერატორების პოლიტიკური კონტექსტის გამოკლებით. საქართველოში  მეტი დამაჯერებლობისა და ლეგიტიმაციისთვის, რომელმაც ალბათ, პარადოქსული ტოლერანტობა უნდა მოიტანოს საზოგადოებაში, შემუშავებულ იქნა ოჯახის დეფინიცია კონსტიტუციურ დონეზე, რითაც სახელმწიფომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის ნდობა მოიპოვა, რომელიც ეჭვის ქვეშ იყო დაყანებული, მაგალითად ID ბარათების გამო.

თუ გადავხედავთ საქართველოს რელიგიური დისკურსის მიერ ნაციონალურის დაქვემდებარების გამოცდილებას, რომელიც საზოგადოების უმრავლესობის იდენტობაზე აპელირებით, ცდილობს დაემთხვეს პოლიტიკურის საზღვრებსაც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებობს ხელსაყრელი ნიადაგი ფუნდამენტალიზმის არსებობისათვის. ხოლო, თუ იმასაც გავაანალიზებთ,  როგორი დამოკიდებულება არსებობს პლურალიზმისა და დემოკრატიული ფასეულობებისადმი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და მართლმადიდებელი საზოგადოების მხრიდან, რომელიც პლურალისტურ დისკურსს და უფლებრივ გათანაბრებას „ჭეშმარიტების დისკრედიტაციად“ აღიქვამს და სურს, რომ „ჭეშმარიტება“ თავად სახელმწიფო „საზღვრებით“ გამყარდეს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახეზე გვაქვს რელიგიური ფუნდამენტალიზმის ნაირსახეობა, რომლის მასშტაბურობაც თვალნათლივ გამოვლინდა 2013 წლის 17 მაისს. აღნიშნული ატარებდა არა რომელიმე კონკრეტული „სოციალური ჯგუფის“, არამედ საზოგადოების დომინანტური ნაწილის იდენტობის დემონსტრაციას, რომელმაც საჯარო სივრცის მონოპოლიასა და მისი მეშვეობით საკუთარი იდენტობის „ლეგიტიმაციაზე“ დაამყარა კონტროლი. ვფიქრობ, აღნიშნული წარმოადგენს წლების განმავლობაში წარმოებული ინდოქტრინაციის პროცესისა და “ლოკალური” ფუნდამენტალისტური გამოვლინებებისადმი გულგრილობის შედეგს.

„მტრის ხატის“ პრინციპი არა მარტო რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ დისკურსსაც ახასიათებს. ამის ნათელი მაგალითია 90-იანი წლები და შემდგომ „რევოლუციური ნაციონალიზმის“ ფენომენი, რომელმაც ვერ მოახერხა სამოქალაქო ნაციონალიზმად გარდაქმნა. ეს კი, ჩემი აზრით, პოლიტიკური სივრცის სრულ მონოპოლიას უკავშირდება, სადაც მარგინალური პოლიტიკური ჯგუფები ხშირად მართლმადიდებლურ ეკლესიაზე აპელირებით ინარჩუნებდნენ მნიშვნელობას. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული უთანხმოებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ხშირად აღიქმებოდა, როგორც „ანტირელიგიურობის“, „ანტიეროვნულობის“ გამოხატულება. მაგალითად, 2012 წლის არჩევნებში მართლმადიდებელი სასულიერო პირები აქტიურად იყვნენ ჩართულნი არჩევნების პროცესის მიმდინარეობის მეთვალყურეობაში.  პოლიტიკური „იდეოლოგიური კრიზისი“, რომელიც საზოგადოებრივი ლეგიტიმაციისა და ნდობის წყაროდ იყენებს რელიგიური ინსტიტუციისადმი კონფრონტაციასა და მისადმი საკუთარი კეთილგანწყობის დემონსტრირებას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს სეკულარულობის პრინციპს, რომელიც კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და თანაცხოვრების უზრუნველყოფის მიზნებს  ემსახურება. როგორც ჩანს, „იდეოლოგიური ძალაუფლების“ ბერკეტი დღეს არა სახელმწიფოს, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის ხელშია, რომელიც „რელიგიური ჭეშმარიტების საკრალური“ დისკურსით ამართლებს საკუთარ მოქმედებას, სწორედ, „რელიგიური ჭეშმარიტების საკრალურობა“ ხდება რელიგიური ძალაუფლების გამოყენების პრინციპი.

 თეა კახაძე – EMC-ის სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის წევრი

[1]აღნიშნულ საკითხზე მქონდა საუბარი ერთ-ერთ წინა გამოხმაურებაში https://emc.org.ge/2014/01/30/diqotomiuri_azrovneba/

[2]კეკელია თ.  ე. გავაშელიშვილი, კ. ლადარია, ი. სულხანიშვილი. მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქართული ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბებაში (XX საუკუნის ბოლო – XXI საუკუნის დასწყისი). თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2013.

მიქელაძეთ, სეკულარიზმის კრიზისი და ლოიალობა დომინანტური ჯფუფის მიმართ. სახელმწიფოს როლი 2012-2013 წლებში საქართველოში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების მოგვარებაში. (თბილისი: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, 2013)

ირემაშვილი ნ.  თ. მოცრაძე, თ. კახაძე, მ. სილაგაძე, ზ. ზალიკიანი, სეკულარიზაციის შესახებ დებატები და მისი აპლიკაცია ქართულ პოლიტიკურ დისკურსში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2013.  წყარო ხელმისაწვდომია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე სტუდენტურ კვლევებში.