EMC ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

emc_into_post-02

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტის შემუშავება და მხარდაჭერა რთულ პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტში მიმდინარეობს. არსებული გარემო კი გავლენას ახდენს და განაპირობებს კანონის შინაარსსა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმების ეფექტურობას.

როგორც ჩანს, ქმედითი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის  შემუშავების იდეას, რომელიც ერთის მხრივ დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებების დაცვის ეფექტური სამართლებრივი საშუალება, მეორეს მხრივ კი საზოგადოების ძალადობრივი, ქსენოფობიური, ჰომოფობიური, პატრიარქალური სოციალური და კულტურული სტრუქტურების დეკონსტრუქციის ხელშემწყობის აპარატი შეიძლება გამხდარიყო, პოლიტიკური მხარდაჭერა არ ჰქონდა. ამ დროისთვის, მთავრობის წარდგენილმა კანონპროექტმა, არსებითად შეცვალა და დაასუსტა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული და სამოქალაქო საზოგადოების ფართო წარმომადგენლობითი ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის ვერსია. სამწუხაროდ, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტში დისკრიმინციის წინააღდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი მექანიზმები და გარანტიები, რომელიც მის თავდაპირველ ვერსიაში არსებობდა, ამოღებულია. მათ შორის, თანასწორობის დაცვის ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც აღჭურვილი იყო რეპრესიული ფუნქციებით.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ არსებული ვერსიით კანონის მიღება, რომელიც სახალხო დამცველის კომპეტენციებს მცირედით აფართოებს, არსებითად არ შეცვლის დღეს არსებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტატუსკვოს და არ გახდება დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება. ამიტომაც აუცილებელია, კანონპროექტში შემდეგი სახის ცვლილებების განხორციელება, მათ შორის:

სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების სახალხო დამცველისთვის გადაცემა შეიძლება ინსტიტუციურად გამართლებული იყოს, მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის, ინსტიტუციური გამოცდილების ეფექტური გამოყენების თვალსაზრისით. თუმცა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გასატარებელი სამუშაოების მასშტაბის გათვალისწინებით, არსებითია სახალხო დამცველისთვის დამატებითი საკადრო და ფინანსურ-მატერიალური რესურსების გადაცემა. სხვა შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება სიცოცხლისუნარიანობას მოკლებული იქნება.

დისკრიმინაციის აკრძალვის პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეპრესიული მექანიზმის აღდგენა. კანონპროექტში რეპრესიული მექანიზმის (დაჯარიმების) გაუქმება არსებითად ასუსტებს დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესს, რადგან დისკრიმინაციის კონკრეტული ფაქტების განხილვისა და მათზე რეაგირების გზა იქნებოდა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი დისკრიმინირებული ჯგუფებისთვის სამართლებრივი მექანიზმების მიმართ ნდობის გაჩენის, მათი უფლებრივი მდგომარეობის აღდგენისა და სახელმწიფო ორგანოებსა თუ კერძო ორგანიზაციებთან  დაკავშირებით დისკრიმინაციის პრევენციისთვის.  

აღსანიშნავია, რომ სახლახო დამცველისთვის რეპრესიული (დაჯარიმების) მექანიზმის გადაცემა კანონპროექტის ვერსიებზე მუშაობის ეტაპზეც საკამათო საკითხი იყო (მათ შორის, სახალხო დამცველის მიერ). ამ იდეების ოპონენტები ომბუდსმენის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და ლეგიტიმურობისთვის ზიანის მიყენების საფრთხეებზე უთითბდნენ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ რეპრესიული ფუნქციის გამოყენება იქნება დისკრიმინაციის ფაქტებზე რეაგირების უკიდურესი ღონისძიება, რომელიც საქმის განხილვის სამართლიანი პროცედურული გარანტიების პირობებში გამოიყენება, ამ საფრთხეებს დააზღვევს.

დისკრიმინაციის ფაქტების სათანადოდ შესწავლის მიზნით განხილვის ეფექტური გარანტიების შემოტანა.  მნიშვნელოვანია, კანონპროექტში აისახოს ის პროცესუალური  გარანტიები, რომელიც თავდაპირველ ვერსიაში არსებობდა: 1. მტკიცების ტვირთის მოპასუხე მხარისთვის დაკისრება, რათა ადგილი არ ჰქონდეს დისკრიმინაციას; 2. სახალხო დამცველისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ინფორმაციის, დოკუმენტების წარდგენის ვალდებულების დაწესება; 3. სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვის გონივრული ვადის დაწესება. არსებული პროექტი არ ითვალისწინებს არც ერთ ზემოხსენებულ გარანტიას, რაც ხელს შეუშლის დისკრიმინაციის ფაქტების ეფექტურ და სამართლიან განხილვას.

მორიგების პირობების, ისევე როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შესრულების კონტროლის მექანიზმების გაზრდა. კანონპროექტის არსებულ ვერსიაში არ არის დაზუსტებული ის საშუალებები, რომელიც სახალხო დამცველს გააჩნია მორიგების პირობების შესრულების შემოწმებისა და მასზე რეაგირების მიზნით. ისევე როგორც, არ არის ეფექტური ის მექანიზმი, რომელიც მორიგების შეუძლებლობის შემდეგ,  წარდგენილი რეკომენდაციის  შეუსრულებლობის/არ გაზიარების შემთხვევაში არსებობს. ამ მიმართებით, სახალხო დამცველს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების უმოქმედობის ნაწილში სასამართლოსადმი მიმართვის უფლებამოსილება რჩება, რაც ეფექტური ბერკეტი არ არის. შესაბამისად, აუცილებელია, კანონით დადგინდეს კონკრეტული ვადები მორიგების პირობების, ისევე როგორც რეკომენდაციის შესრულებისთვის, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი განისაზღვროს უფრო მკაცრი ზემოქმედების საშუალებები (დაჯარიმების სახით);

– დისკრიმინაციის სტანდარტისა და ტესტების ნორმატიული განსაზღვრებების დაზუსტება. დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია, კანონის პროექტში გაკეთდეს მითითება, რომ კანონი სამართლის წყაროდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლითა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტების მიერ დადგენილ სტანდარტებსა და განმარტებებს იყენებს.  ამასთან, მნიშვნელოვანია, კანონპროექტის მე-2  მუხლის მე-5 ნაწილით დაცული სფერო გაფართოვდეს და პირის ან ჯგუფისთვის მტრული, დამაშინებელი, დამამცირებელი ან ღირსების შემლახველი გარემოს შექმნის აკრძალვის მოთხოვნა შედეგის დადგომისა და ამგვარი მიზნის არსებობის მიუხედავად განისაზღვროს.

– სახალხო დამცველს ვალდებულებად განესაზღვროს ყოველწლიური სპეციალური ანგარიშის წარდგენა. კანონის პროექტის ვერსია ითვალისწინებს სახალხო დამცველის მიერ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციისა და თანასწორობის შესახებ სპეციალური ანგარიშის მომზადების ვალდებულებას, თუმცა არ აკონკრეტებს მისი წარდგენის პერიოდს, ისევე როგორც საკანონმდებლო ორგანოს მიერ მისი განხილვისა და მასზე რეაგირების საშუალებებს.

უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე ზოგიერთი ნორმატიული ჩანაწერის გაუქმების საჭიროება. განსახილველ კანონპროექტში პრობლემურია კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც უთითებს, რომ დისკრიმინირებული პირების ან ჯგუფების მიერ საკუთარი უფლებების განხორციელებამ არ უნდა ხელყოს საჯარო წესრიგი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან/და სხვა პირთა უფლებები. უფლებით სარგებლობის დროს დამატებითი შემზღუდავი კრიტერიუმების შემოტანა კანონში უადგილოა და არ საჭიროებს ცალკე ნორმატიულ რეგულირებას.  ამასთან, არ არის აუცილებელი სპეციალური მითითების გაკეთება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის განმარტებისას კონსტიტუციურ შეთანხმებასთან მისი შესაძლო კონფლიქტის დროს, შეთანხმებისთვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე. რადგან თავად კონსტიტუცია აღიარებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულიპრინციპებისა და ნორმების პრიმატს კონსტიტუციურ შეთანხმებაზე.

ვიმედოვნებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო უზრუნველყოფს კანონპროექტის საჯარო და ინკლუზიურ განხილვას და იქნება ღია გაიზიაროს სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი წინადადებები და შეფასებები.