დაუსრულებელი რეფორმა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის გარანტიები

2013 წლის ივლისსა და ნოემბერში, პარლამენტმა დაიწყო საზოგადეოებრივი მაუწყებლის დაუსრულებელი რეფორმის ახალი ეტაპი. კანონში შეტანილი ცვლილებით, განსხვავებულად ჩამოყალიბდა სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევის წესი, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და რაოდენობა. საბჭოს წევრებმა მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც თავდაპირველად, შეაჩერა ახალი წევრების არჩევის პროცედურა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი და გააუქმა კანონის დანაწესი, რომელიც საბჭოს ამჟამინდელ წევრებს უფლებამოსილებას ვადამდე უწყვეტდა.

გადაწყვეტილების მიმართ გამოითქვა კრიტიკა, როგორც პარლამენტის წევრების, ისე ექსპერტების მხრიდან. ისინი უთითებდნენ, რომ სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებელი განიხილა, როგორც სახელმწიფო ორგანო და მისი დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დააყენა. რეფორმის პროცესი შეაფერხა. ზოგიერთი დეპუტატი უფრო შორს წავიდა და სასამართლო მიკერძოებული და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა.

რაციონალური კრიტიკის კონტრარგუმენტები მრავლად მოიპოვება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მსჯელობა მაუწყებლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის მიზნებისთვის სახელმწიფო თანამდებობა არ გულისხმობს, მხოლოდ სამინისტროებსა თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულ პირებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსებას იღებს ბიუჯეტიდან, ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას და სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის პროცედურას განსაზღვრავს კანონი. შესაბამისად მისი წევრის სტატუსი კონსტიტუციის მიზნებისთვის, სახელმწიფო თანამდებობად უნდა ჩაითვალოს, რათა მოხდეს უფლების ადექვატური დაცვა კონსტიტუციურ დონეზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საბჭოს ამჟამინდელი წევრები არ შეაფერხებდნენ მაუწყებლობის რეფორმის პროცესს, შესაბამისად, ეს ვერ გაამართლებდა ძველი პროცედურით, მაგრამ კანონიერდ არჩეული პირების უფლებამოსილების შეწყვეტას. აღსანიშნავია, რომ ამგვარი პოზიცია გაიზიარა პარლამენტის წარმომადგენელმა არსებითი განხილვის სხდომაზე.

სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიძლება სარგებლობდეს დამოუკიდებლობის განსხვავებული გარანტიებით. შესაბამისად მაუწყებლის “სახელმწიფო ორგანოდ განხილვა” არ გულისხმობს მის დამოკიდებულებას სახელმწიფო ხელისუფლებაზე, პირიქით ეს გადაწყვეტილება ბევრად ამყარებს მისი დამოუკიდებლობის გარანტიებს, ვინაიდან ზღუდავს პარლამენტის (სახელმწიფო ორგანოს) უფლებას სურვილსამებრ, ნებისმიერ დროს, კანონში უბრალო ცვლილების შეტანის გზით დაითხოვოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო.

მაუწყებლის რეფორმა დღემდე გრძელდება, და ამ დაუსრულებელ პროცესში რომელიმე სახელმწიფო ორგანოსთვის, მათ შორის პარლამენტისთვის განუსაზღვრელი უფლებამოსილების მინიჭება, უდავოდ, უარყოფითად აისახება, როგორც მაუწყებლობის დამოუკიდებლობის ხარისხზე, ისე სამეურვეო საბჭოს წევრთა თავისუფალ საქმიანობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარლამენტისთვის დადგენილი შეზღუდვა დადებითად უნდა შეფასდეს, როგორც კონსტიტუციის უზენაესობის დაცვის ისე მაუწყებლის რეფორმისადმი გააზრებული დამოკიდებულების თვალსაზეისით.

გიორგი დავითური, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

წყარო: მედია.გე