ქალი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე

proeqti
ადამიანის უფლებების  სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ევროსაბჭოს მხარდაჭერით, ახორციელებს ხუთთვიან პროექტს “ქალი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.”

პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარდგენილი 50 ქალი კანდიდატისთვის ჩატარდება ორი ტრენინგი საკითხებზე: დგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა; საარჩევნო კამპანია და აგიტაცია; ადამიანთა უფლებები და ანტიდისკრიმინაციული სტანდარტები; საარჩევნო კამპანია და სოციალური მედია; ქალთა მოძრაობები, ფემინიზმი, გენდერული უთანასწორობის პრობლემები; და  ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა.
მომდევნო ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, შეიქმნება და საქართველოს მასშტაბით, 500 ეგზემპლარად გავრცელდება სახელმძღვანელო ქალი კანდიდატებისათვის. აღნიშნული სახელმძღვანელო მათი პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისკენ იქნება მიმართული და გააძლიერებს ქალ კანდიდატებს, რომლებიც კენჭს იყრიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
არჩეულ თანამდებობის პირებთან გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები. არჩევნების შემდეგ, პროექტის მონაწილეთა ჩართულობით, დაიგეგმება საჯარო შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში. შეხვედრების მიზანი იქნება ადგილობრივი საჭიროებების განსაზღვრაში ქალთა მხარდაჭერა და მათი გაძლიერება.
დაიბეჭდება და 500 ეგზემპლარად გავრცელდება აღნიშნული პროექტის მეორე სახელმძღვანელოც. წიგნი ხელს შეუწყობს პოტენციურ ქალ კანდიდატებს და არსებულ თანამბდებობის პირებს საკუთარი მანდატების ეფექტურად გამოყენებაში და დაეხმარება მათ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდაში ადგილობრივ დონეზე.
პროექტის მსვლელობის დროს შეიქმნება 45-წუთიანი დოკუმენტური ვიდეო-მასალა ქალი პოლიტიკოსების პირადი გამოცდილების, მოტივაციებისა და ინტერესების შესახებ. მალასა გავრცელდება ინტერნეტის საშუალებით და გამიზნული იქნება საზოგადოებაში ქალთა მოტივირებისა და წახალისებისაკენ ჩაერთონ პოლიტიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.
პროექტის ვადები: 01.06.2014 – 30.09.2014პროექტის ბიუჯეტი: € 37 776