ეგოიზმი და ინტერსექციური ჩაგვრა

(გამოხმაურება ლექციაზე “ინტერსექციური ჩაგვრის თეორია როგორც ალტერნატივა”)

ეგოიზმი

“ეგო” ლათინური სიტყვაა და “მე“-ს ნიშნავს. აქედან მოდის სიტყვა “ეგოიზმიც” და მხოლოდ საკუთარ “მე“-ზე ზრუნვასა და ფიქრს აღნიშნავს.

სწორედ ეგოიზმის შედეგია ის, რომ ადამიანები ხანდახან იმდენად კონცენტრირებულნი არიან საკუთარ პრობლემებზე, რომ მის მიღმა ვერაფერს ხედავენ.

ეგოიზმი არ არის დამახასიათებელი მხოლოდ ცალკეული ადამიანებისათვის, ის სცდება კონკრეტული ინდივიდების გონებას და ხშირად მოიცავს ხოლმე საზოგადოების რომელიმე კონკრეტული წრის კოლექტიურ ცნობიერებას.

კოლექტიური ეგოიზმი კი, ისევე, როგორც ინდივიდუალური, არის საფუძველი სხვათა ჩაგვრის. ასეთ დროს, შენს საკუთარ პრობლემებზე ფიქრით გატაცებული, ივიწყებ ან უგულებელყოფ სხვათა პრობლემებს.

310834_2376268819005_332261315_nფემინიზმი #fail

ცნობილი, აფროამერიკელი, მწერლი ქალი ბელ ჰუქსი მეორე ტალღის ფემინიზმის კრიტიკისას აღნიშნავდა, რომ შესაძლოა ქალებიც ისეთივე სექსისტები იყვნენ, როგორიც მამაკაცები. სამწუხაროდ, ქალებმა, ისიც არა ყველამ, მხოლოდ თანამედროვე ფემინიზმის განვითარებასთან ერთად გააცნობიერეს, რომ მარტო მამაკაცებს არ აქვთ სექსისტური აზროვნება და ქცევა.

ამის მიზეზი არის ის, რომ ქალები დაბადებიდან მოყოლებული იჟღინთებიან პატრიარქალური იდეოლოგიით, მისით ცხოვრობენ და მისი გავლენით მოქმედებენ. „ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან და ერთმანეთის წინააღმდეგ ულმობელი ომი აქვთ გაჩაღებული,“ – წერს ჰუქსი თავის წიგნში „ფემინიზმი ყველასთვისაა: პასიონარული პოლიტიკა’’.

პატრიარქალურ სამყაროში, ქალები მუდმივი თანამონაწილენი იყვნენ იმ პროცესისა, რომელმაც სექსიზმი ფენომენად აქცია.

როგორც ისტორიამ და რეალობამ გვიჩვენა, ფემინიზმმა ვერ შეძლო გაეერთიანებინა ქალები ერთი იდეის გარშემო. ამის გარდა, მარტოოდენ ფემინისტურ რევოლუციას როდი შეუძლია შექმნას ისეთი სამყარო, სადაც ქალებს შეეძლებათ იყვნენ ისინი, რაც რეალურად არიან; სადაც ჰარმონია დაისადგურებს და ყველას ექნება თავისი თავის მაქსიმალური რეალიზების შესაძლებლობა.

ფემინიზმი იმიტომ აღმოჩნდა უძლური გაეხადა ქალები ერთმანეთისადმი სოლიდარული, რომ ამ მოძრაობამ თავისი კონკრეტული განმარტება დაკარგა და რატომღაც, ფემინიზმი ბევრისათვის ქალთა კაცთმოძულეობის სინონიმად იქცა.

ფემინისტმა ქალებმა კაცი მტრის ხატად შექმნეს და დაიწყეს მის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა.

რა თქმა უნდა, ინსტიტუციონალიზებული სექსიზმის მთავარ აქტორად მამაკაცი გვევლინება, მაგრამ ქალებმა დაივიწყეს მთავარი რამ: იმისთვის, რომ ფემინიზმმა თავის მიზანს – ადამინთა თანასწორობასა და სამართლიანობას – მიაღწიოს, საჭიროა, რომ ბოლო მოეღოს არა მხოლოდ პატრიარქატს, არამედ სხვადასხვა სახის ჩაგვრას, რომელიც არსებობს სექსიზმის პარალელურად.

ამისათვის სჭიროა, რომ ქალებმა გაიაზრონ ის, რომ ქალებს შორისაც არსებობს განსხვავება და მიიღონ ერთმანეთი ისეთები როგორებიც არიან.

ფემინ-ეგოიზმი

აშშ-ში, გასული საუკუნის 50-იანი წლებში, როდესაც ქალებმა მიაღწიეს იმას, რომ ჰქონოდათ საკუთრებისა და ხმის მიცემის უფლება, შეიქმნა მორიგი დაბრკოლება, რომელიც გახლდათ “იდეალური ქალის” ხატი.
ეს “იდეალური ქალი” ხასიათდებოდა, როგორც კარგი ცოლი, კარგი დედა, კარგი დიასახლისი, ქერათმიანი, ლამაზი და გამხდარი ფიგურით, ნაზი და ფემინური. მაშინდელ საზოგადოებაში გაბატონებული აზრით, მხოლოდ ასეთი ქალი იყო მამაკაცისათვის ყველაზე სასურველი. ქალების ,,ღირებულება’’ მხოლოდ გარეგნობაა და ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც მამაკაცებს სურთ”. შედეგად, ქალებმა მასიურად დაიწყეს წონაში დაკლება, თმების ქერად შეღებვა, გათხოვების ასაკასმაც მკვეთრად იკლო… გარეგნობაზე გამუდმებული ისტერიული ზრუნვა პათოლოგიურ შეპყრობილობად და სიცოცხლისათვის მეტად საშიშ ობსესიად ჩამოყალიბდა.

60-იან წლებში, ამ და სხვა დაბრკოლების გადალახვას სწორედ მეორე ტალღის ფემინიზმი შეუდგა.

თუმცა, ამ პროცესში, მათ დაავიწყდათ, რომ ფემინურ სამყაროში არსებობდნენ ქალები, რომელთათვისაც ეს პრობლემები ნაკლებად რელევანტური იყო ან ამის გარდა ბევრი სხვა პრობლემა ჰქონდთ…

იმ პერიოდებში ძირითადი აქცენტი საზოგადოებაში სამ მახასიათებელზე კეთდებოდა:

1. გენდერი – ქალი/კაცი
2. რასა – შავი/თეთრი
3. კლასი – ჩაგრული/არაჩაგრული

წარმოვიდგინოთ, რომ როგორც შავკანიანი კაცი, რომელიც დაჩაგრულია თეთრკანიანი კაცის მიერ, შეიძლება ამავდროულად გვევლინებოდეს ქალების მჩაგვრელად. ასევე, თავის მხრივ, თეთრკანიანი ქალიც, რომელიც ერთი მხრივ მსხვერპლია კაცის ჩაგვრის (მეორე ტალღის ფემინიზმი – ბეტი ფრიმანი), შეიძლება იყოს მჩაგვრელი შავკანიანი ან/და ჩაგრული კლასის წარმომადგენელი ქალისა (მეორე ტალღის ფემინიზმის კრიტიკა – ბელ ჰუქსი).

ამ ლოგიკით, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ერთგვარი ფორმულა:

ჩაგვრის სუბიექტები = ჩაგვრის ობიექტები

სწორედ აქ იჩენს თავს ზემოხსენებული ეგოიზმის პრობლემატიკა. შავკანიანი კაცი, რომელიც თეთრკანიან კაცთან შედარებით დაჩაგრულია, სრულ კონცენტრაციას ახდენს თავის მდგომარეობაზე და ავიწყდება/გულგრილად უყურებს იმ ფაქტს, რომ მის წინაშე ქალის მჩაგვრელია.

ბელ ჰოკსი მეორე ტალღის ფემინიზმში აკრიტიკებს იმას, რომ ისინი ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, თუ როგორი დაჩაგრულია ქალი, თუმცა ამ ქალში მოიაზრებენ მხოლოდ თეთრკანიან ქალებსა და მათ პრობლემებს. მეორე ტალღის ფენიმისტებს ავიწყდებათ, რომ შეიძლება იყვნენ შავკანიანი ქალები, რომლებიც ორმაგი დისკრიმინაციის ქვეშ იმყოფებიან და საჭიროებენ ორმაგ გათანასწორებას (Black Feminism).

ინტერსექციური ჩაგვრა

ქალი + ლესბოსელი +შავკანიანი + შშმპ = ინტერსექციური

ინტერსექციური, ანუ ისეთი გადაკვეთა, როდესაც დისკრიმინაციის რამდენიმე ფორმა ერთ ადამიანში იყრის თავს.

ქალი + ლესბოსელი + შავკანიანი > ქალი + ლესბოსელი
> – ესეიგი, მეტად დისკრიმინირებული

ინტერსექციური ჩაგვრა, ანუ ისეთი სპეციფიკური ჩაგვრის შემთხვევა, როდესაც ადამიანი, მისი სხვადასხვა, მრავალგვარი იდენტობის (პიროვნული გამორჩეულობის) გამო, ხდება მსხვერპლი კომპლექსური და რამდენიმე სხვადასხვა სახის ჩაგვრის.

ინტერსექციური ჩაგვრისას, პირის მახასიათებლები აღიქმებიან არა კრებით ფორმაში, არამედ კომბინირებულად. მაგალითად, მე თუ ვარ შავკანიანი ქალი და ამასთანავე შეზღუდული შესაძლებლობის, საზოგადოება მე არ მიყურებს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შავკანიან ქალს, არამედ ცალკე – როგორც ქალს, ცალკე – როგორც შშმპ-ს, ცალკე – როგორც შავკანიანს. შედეგად ვიღებთ, რომ შენ ხარ საზოგადოებაში ორმაგად, სამმაგად, ოთხმაგად დისკიმინირებული.

ინტერსექციური ჩაგვრის პრობლემები მეორე ტალღის ფემინისტებმა არ მიიღეს მხედველობაში, ამიტომაც დაიმსახურეს მათ ბელ ჰუქსის კრიტიკა. “ქერათმიან ფემინისტებს” დაავიწყდათ, რომ არიან შავკანიანი ქალები, რომელთაც მხოლოდ ის არ ადარდებთ, რომ კაცები და საზოგადოება მათგან “იდეალურ ქალობას” მოითხოვს, არამედ ისიც, რომ აქვთ ორმაგი პრობლემები. ისინი არიან კლასობრივად ჩაგრული შავკანიანი ქალები, რომელთაც სამმაგი პრობლემები აქვთ, მათი სამსახოვანი იდენტური მახასიათებლების გამო. რისი ბრალია? პასუხი ერთია – ეგოიზმის.

ეგოიზმი როგორც სოლიდარობის ანტონიმი

ასეთი კომპლექსური ჩაგვრის აღმოფხვრა ლოგიკურად, მხოლოდ კომპლექსური მიდგომითდ არის შესაძლებელი.

იმისათვის, რომ არ არსებობდეს ჩაგვრა კლასების საფუძველზე, საჭიროა კლასების ეკონომიკური გათანაბრება. იმისათვის, რომ არ არსებობდეს რასის საფუძველზე ჩაგვრა, საჭიროა რომ საზოგადოება გახდეს “განსხვავებათმოყვარული” (DIFFERENT LOVERS) და ა.შ. ამგვარი მოცემულობის პირობებში, თითოეულის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, წინასწარი წარმოდგენებით მოქმედება არის ერთგვარი გამოსავალი.

თუმცა მანამდე…

…აუცილებელია, რომ დაიძლიოს კოლექტიური თუ ინდივიდუალური ეგოიზმი.

ამისათვის, უნდა გამოხვიდე შენი პრობლემის ნაჭუჭიდან, “ჩაგრულის” როლიდან და გაანალიზო, რომ “მჩაგვრელი” შეიძლება თვითონვე იყო. ამაში კი დაგეხმარება სხვადასხვა (გენდერული, რასობრივი, კლასობრივი, ასაკობრივი…) სათვალის მორგება, რითაც დაინახავ სხვადასხვა ჯგუფის წევრების პრობლემებს.

ფემინიზმი იმისთვიაა საჭირო, რომ შეიქმნას ნიადაგი ადამიანთა თანასწორობისა და სამართლიანობისთვის. ფემინიზმი არაა კაცების წინააღმდეგ ბრძოლა. ფემინიზი, პირიქით, უარსებოა კაცების გარეშე. ფემინიზმის მიზანი, ჰარმონიული საზოგადოების შექმნა, ერთიანობის გარეშე ვერ მიიღწევა.

ქალთა თემი კი მანამ არ იქნება ძლიერი, სანამ ქალები ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან და ერთმანეთის წინააღმდეგ ულმობელი ომი ექნებათ გაჩაღებული.

მაშინ, მოდი, კიდევ ერთხელ დავიწყოთ ფემინისტური მოძრაობა.

ანა კაკალაშვილი – EMC-ის სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმა