EMC ნარკოტიკული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის კონსტიტუციურობის საკითხზე მოსარჩელის ინტერესებს დაიცავს

emc2014 წლის 5 მაისს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) დახმარებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა EMC-ის თანამშრომელმა, ბექა წიქარიშვილმა. საკონსტიტუციო სარჩელი შეეხება სსკ 260-ე მუხლის, მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სანქცია არღვევს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ, თანასწორობობის, სასტიკი სასჯელის გამოყენების აკრძალვისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას და ითხოვს, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელის ინტერესების დაცვას EMC ახორციელებს.

ბექა წიქარიშვილი ბრალდებულია 260-ე მუხლის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვა), რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.

საკონსტიტუციო სარჩელი ემყარება შემდეგ სამართლებრივ არგუმენტაციას: სსკ-ის 260-ე მუხლი არ ახდენს პასუხისმგებლობის დიფერენცირებას დანაშაულის საშიშროების მიხედვით. კერძოდ, იგი ერთმანეთისგან არ მიჯნავს პასუხისმგებლობას  ნარკოტიკული საშუალებების სახეების, შეძენა-შენახვისა და გასაღების მიზნის მიხედვით, რაც ქმნის არსებითად უთანასწორო პირების თანაბარი მოპყრობის საფრთხეს, რაც დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. ამასთან, ვფიქრობთ, რომ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან თოთხმეტ წლამდე ვადით – ზედმეტად სასტიკ სასჯელად უნდა ჩაითვალოს, მითუმეტეს რომ ეს სასჯელი ერთნაირად მიემართება ყველა ტიპის ნარკოტიკულ საშუალებას, მათ შორის, მარიხუანას. კანონმდებლის არათანაზომიერად მკაცრ მიდგომაზე ცალსახად მიუთითებს სსკ-260 მუხლის მე-3 ნაწილიც, რომელიც საშუალებას იძლევა ნარკოტიკული დანაშაულისთვის (მათ შორის მარიხუანასთვის) გამოყენებულ იქნეს უვადო თავისუფლების აღკვეთაც კი.

სასჯელთან დაკავშირებული ამგვარი დისბალანსის აღმოფხვრის ერთადერთი შესაძლებლობა საპროცესო შეთანხმებაა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებული აკმაყოფილებს მასთან საპროცესო შეთანხმების დადების ყველა წინაპირობას. კერძოდ, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, მანამდე არ ყოფილა ნასამართლევი, ბრალდება ითვალისწინებს მხოლოდ შეძენა-შენახვის და არა „გასაღების“ ფაქტს, ბრალდებულს აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი და ბრალდების მხარეს გადაეცა ბრალდებულის სასარგებლო არაერთი დახასიათება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბლადებულის მიმართ არ არსებობდა ხელახალი რისკები და შესაბამისად, არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შესახებ. მიუხედავად ამისა, პროკურორი თავს იკავებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისგან, რაც სავარაუდოდ ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის ხელახალი გამკაცრებით აიხსნება.

გასული წლების განმავლობაში, “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად, მოსამართლეს ჩამოერთვა უფლებამოსილება დანიშნოს  კანონით გათვალისწინებულზე უფრო დაბალი სანქცია, თუ მხარეებს შორის არ არის დადებული საპროცესო შეთანხმება. მოსამართლის შეზღუდული უფლებამოსილება კიდევ უფრო განამტკიცებს ნარკოტიკული დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის არაპროპორციულობის რისკებს. თავის მხრივ, მკაცრი სანქციის გამოყენებით კი სადავო ნორმა ზედმეტი ინტენსივობით ზღუდავს მოსარჩელის თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს.

გამომდინარე აქედან, მოსარჩელე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნტქისთვის გათვალისწინებული სანქცია – თავისუფლების აღკვეთა, ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.