განცხადება მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ

დღეს, რამდენიმე საინფორმაციო პორტალმა ( მათ შორის, სააგენტო „პირველმა,“ topnews.mediamall.ge-მ, pirveliradio.ge-მ, newposts.ge-მ) 2014 წლის 17 მაისს, სასულიერო პირებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ დაგეგმილი ერთ-ერთი აქციის ორგანიზატორის ბექა ცხადაძის განცხადებაზე დაყრდნობით, გაავრცელა დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „29 მაისს ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ორგანიზებით გეგმავს “აიდაჰოს” დღის აღსანიშნავად აქციის გამართვას სახელმწიფო კანცელარიასთან.“
ბ. ცხადაძის განცხადებით, აღნიშნული აქციის საპირისპიროდ ის კონტრდემონსტრაციის გამართვას გეგმავს და საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდებს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ცალსახად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და მოუწოდებს ბექა ცხადაძეს მოერიდოს არასწორი ფაქტებისა და ცნობების გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამასთან, EMC მიმართავს საინფორმაციო სააგენტოებს, დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, მით უფრო მსგავსი ტიპის სენსიტიურ საკითხებზე. ამავე სააგენტოებს მოვუწოდებთ დროულად გაავრცელონ EMC-ის მიერ გავრცელებული უარყოფის განცხადება და გამოასწორონ მათ მიერ დაშვებული ხარვეზები.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)