უსახლკარო ოჯახების დასახლება ხელვაჩაურში [photo]

This slideshow requires JavaScript.









ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ხელვაჩაურის ცენტრში, ყოფილი 53-ე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლა.

აღნიშნული ტერიტორია სოციალურად დაუცველმა უსახლკარო ოჯახებმა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაიკავეს. მათმა ნაწილმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობები დაიკავა, ნაწილმა კი მუყაოებით, ფიცრებითა და რკინის ჯიხურებით ააწყო მცირე საცხოვრისები.

დასახლებაში მცხოვრები პირების განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 900-მდე ოჯახს აქვს განთავსებული საცხოვრისი. ზოგიერთი მათგანი ამ დროისთვის უფუნქციოა, თუმცა, ოჯახების დიდი ნაწილი დასახლებაში მუდმივად ცხოვრობს.

დასახლებაში არსებული საცხოვრებელი პირობები უმძიმესია. ერთი წლის განმავლობაში დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია. მხოლოდ პროტესტის შედეგად, რამდენიმე თვის წინ მოახერხდა დასახლებაში ელექტროენერგიის გაყვანა. დასახლებას წყალი გრაფიკით მიეწოდება. ამასთან არ ფუნქციონირებს კანალიზაცია. იმის გამო, რომ დასუფთავების სამსახური არ სთავაზობს სერვისს, დასახლებაში დიდი ნაგავსაყრელია განთავსებული, რომელიც ანტისანიტარიის წყაროა.

დასახლებაში 300-მდე ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის, 150 ბავშვი სკოლამდელი ასაკისაა. 20-მდე ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს. აღნიშნული ოჯახების უსახლკარობის მიზეზები სხვადასხვა. მოსახლეობის განცხადებით, დასახლებაში მცხოვრები ოჯახების დიდი ნაწილი (დაახლოებით 60%) ეკომიგრანტია. საცხოვრებლის დაკარგვის მიზეზებში შორის ვლინდება მაღალმთიან აჭარაში დიდი ოჯახების გაყოფისა და მცირემიწიანობის, მარტოხელა ქალების, ძვირადღირებული ჯანდაცვის სისტემის, უსამართლო საბანკო პოლიტიკის პრობლემა. აღსანიშნავია, რომ დასახლებაში მცხოვრები ოჯახების უმრავლესობას აჭარელი მუსლიმები წარმოადგენენ.
დასახლების მაცხოვრებლების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და მხოლოდ საარსებო შემწეობით ცხოვრობს. ოჯახები მუნიციპალიტეტების მიერ გახსნილ უფასო სასადილოებში იკვებებიან. მათი უმრავლესობა დაუსაქმებელია. უსამართლო სოციალური დახმარების სისტემის პირობებში, მათთვის დროებითი დასაქმებაც კი სოციალური დახმარების შეწყვეტას განაპირობებს.ამიტომაც, უწევთ არჩევანის გაკეთება და არასტაბილური დასაქმების პირობებში უარის თქმა დამოუკიდებლად მიღებულ მცირე შემოსავლზეც კი.

დასახლების მაცხოვრებლების სახელმწიფოსთან მიმდინარე წერილობითი კომუნიკაცია აჩვენებს, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებს უკანონოდ შეჭრილებად განიხილავს და მათ ტერიტორიის გათავისუფლებას სთხოვს.