სოციალური დაცვა და შეზღუდული შესაძლებლობა

CRPD-Logo1სოციალური უფლებების სათანადო რეალიზება სახელმწიფოს მიერ წინასწარ დაგეგმილი, თანმიმდევრული ღონისძიებების განხორციელებასთანაა დაკავშირებული, რაც, მათ შორის, გულისხმობს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლასაც. ხელმისაწვდომი გარემოს არარსებობა, უფლებების რეალიზების დაბალი შესაძლებლობა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები პრობლემათა უწყვეტ ჯაჭვს ქმნის, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სოციალურ იზოლაციამდე, საბოლოოდ კი სიღარიბემდე მიჰყავს. შესაბამისად, სოციალური დაცვისკენ მიმართული პოლიტიკის დაგეგმვისას, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ და შეაფასონ ის განსაკუთრებული რისკი, რომლის წინაშეც განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დგანან, სიღარიბისადმი მოწყვლადობის თვალსაზრისით.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (UNCRPD) სახელმწიფოს სოციალური დაცვის ვალდებულებას უკავშირებს სოციალურ თანადგომას და მხარდაჭერას, რომელიც მიმართული უნდა იყოს მიმღებთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და სოციალური უსაფრთხოებისაკენ. აღნიშნული მიდგომის საპირისპიროდ, საქართველოში მოქმედი სოციალური დაცვის პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ უსაფრთხოებასა და სიღარიბის პრევენციას.

სოციალური პაკეტი სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა, რომელიც მიზნად ისახავს, სოციალური დაცვის შესაბამისი სისტემის შექმნას, მოსახლეობის მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარების უზრუნველყოფისათვის. თუმცა, სოციალური პაკეტის ფარგლებში არსებული ფულადი გასაცემელი არ მიემართება ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებას და საკმარისად არ ითვალისწინებს ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა უმრავლესობის ინტერესებს.

სოციალური პაკეტის განსაზღვრა არ უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებების კვლევას. იგი არ ეფუძნება ინდივიდუალური შეფასების შედეგებს და მისი გაცემა ხდება წინასწარ განსაზღვრული ოდენობით, ყველასათვის თანაბრად. ინდივიდუალური შეფასების არარსებობის პირობებში, დამოუკიდებელი მსჯელობის საგანია თავად არსებული ფულადი გასაცემელის ადეკვატურობა და საკმარისობა სოციალური დაცვის მიზნის მიღწევის თვალსაზრისით.

საქართველოში, 2006 წლიდან მოქმედებს „ღატაკი ოჯახების სიღარიბესთან ბრძოლის მიზნობრივი სამთავრობო პროგრამა“, რომელიც სახელმწიფო ფულად მხარდაჭერას საარსებო შემწეობის სახით, მხოლოდ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ – ღატაკ (ღატაკად შეიძლება ჩაითვალოს შინამეურნეობა თუ მის წევრებს ძნელად თუ შეუძლიათ საკვების შეძენა. მათი შემოსავალი სრულად ვერ ყოფნის იმ საკვების შეძენასაც კი, რაც საჭიროა შინამეურნეობის წევრების ნორმალური კვებისათვის) და უკიდურესად ღატაკ (უკიდურესად ღატაკად შეიძლება ჩაითვალოს შინამეურნეობა თუ მის წევრ(ებ)ს მძაფრად უდგათ შიმშილის პრობლემა, სხვისი დახმარების გარეშე არ შეუძლიათ მოიპოვონ ის მინიმალური საკვები, რაც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის (სიცოცხლის) შენარჩუნებისათვის) ოჯახებზე გასცემს. სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის მოქმედი პოლიტიკა შეზღუდული შესაძლებლობის, როგორც მოცემულობის, იდენტიფიცირებას ახდენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახეზეა კონკრეტული სიღატაკის ფაქტი. იგი სათანადოდ არ უზრუნველყოფს აღნიშნული ჯგუფის დაცვას, რაც არა მხოლოდ სიღარიბის პრევენციის სპეციალური პროგრამებით, არამედ სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სფეროში გატარებული კომპლექსური პოლიტიკით მიიღწევა.
მნიშვნელოვანია, რომ სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამებში უპირატესად მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება. ამასთან, სახელმწიფომ უნდა აამოქმედოს სიღარიბესთან ბრძოლის პრევენციული მექანიზმები, რომელიც ასევე გულისხმობს სისტემური პოლიტიკის გატარებას სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, აუცილებელია სოციალური პაკეტის ოდენობის განსაზღვრა დაეფუძნოს პირის ინდივიდუალური საჭიროებების გააზრებას, ადეკვატურად პასუხობდეს მათ მოთხოვნილებებს და ახდენდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას.

 

 

ლელა გვიშიანი

ბლოგი მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ მომზადებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცვლილების სარეკომენდაციო კონცეფციის „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) იმპლემენტაციის გაიდლაინი“ საფუძველზე

 

ასევე იხილეთ :

1) ქორწინებისა და მშობლის უფლების შეზღუდვა შშმ პირებისათვის 

2) შრომის უფლების დაცვა, როგორც შესაძლებლობა განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე

3) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა იძულებითი მკურნალობა, როგორც დაშვებული უფლებაშემლახავი პრაქტიკა

4) ქმედუუნარობა, როგორც სამოქალაქო სიკვდილი