განცხადება მუსლიმი მოქალაქეებისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის შესახებ

სოფელ დუისის მაცხოვრებლები

სოფელ დუისის მაცხოვრებლები

უკანასკნელ ხანებში, საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან ხშირად გაისმის უკმაყოფილება ხელისუფლების მიერ მათი გადაადგილების თავისუფლების თვითნებურად შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის 22 თებერვალს, სოფელ დუისში მცხოვრებმა ადგილობრივმა მუსლიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ხელისუფლება პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებსა და ჩეჩნებს საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის შესაძლებლობას არ აძლევს. მათი მტკიცებით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი (ძირითადად ახალგაზრდები) შინაგან საქმეთა სამინისტროს შეყვანილი ჰყავს „წითელ სიაში“, რის გამოც მათზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის სპეციალური რეჟიმია გავრცელებული.

ამ საკითხით EMC უკვე რამდენიმე თვეა დაინტერესდა და ორგანიზაციის წარმომადგენლები სოფელ დუისში ადგილობრივ მუსლიმებთანაც იმყოფებოდნენ. მათთან საუბრისას ირკვევა, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე, ზღუდავენ მოსახლეობის უფლებას, დატოვონ საქართველოს ტერიტორია.

უფლების შეზღუდვის ნათელი მაგალითია საიხან მუზაევის საქმე, რომელმაც მიმდინარე წელს არაერთხელ სცადა სასწავლებლად ინგლისში გამგზავრება და მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა, მაინც არ მიეცა ამის შესაძლებლობა. მუზაევს ბრიტანეთში გამგზავრების ბოლო მცდელობა 15 მაისს ჰქონდა, თუმცა კვლავაც უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ საიხანს არც ერთ შემთხვევაში არ განემარტა მისი უფლების შეზღუდვის საფუძველი და ის, თუ როდისთვის ექნებოდა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. მუზაევის შემთხვევა არაა პირველი და მსგავს ფაქტებს მანამდეც ჰქონდა ადგილი. კერძოდ, 2013 წლის აგვისტოში, ფირუზ წულუკიძეს არ მისცეს ბულგარეთში გასამართი ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობა.

EMC-იმ არაერთხელ მიმართა ოფიციალური განცხადებით შსს-ის შესაბამის ორგანოებს და მოითხოვა განმარტება, თუ რა სამართლებრივი საფუძვლებით ხდებოდა საქართველოდან გასვლაზე უარის თქმა. თუმცა აღნიშნულს არც ერთ შემთხვევაში არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება. დღემდე უცნობია, რა საფუძვლით ხდება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვა. საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონი საქართველოდან დროებით გასვლის უფლების შეზღუდვის მხოლოდ ორ საფუძველს ითვალისწინებს: ა) თუ პირი არის ძებნილი, ან ბ) თუ იგი წარადგენს ყალბ, ან ძალის არმქონე საბუთებს. ჩვენ მიერ შესწავლილ არც ერთ შემთხვევაში, მსგავს გარემოებებს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი აჩვენებს, რომ შსს-ს საქართველოდან დროებით გასვლის უფლების შეზღუდვის სხვა ნორმატიული საფუძველი არ გააჩნია. შესაბამისად, მისი პოლიტიკა უკანონო და თვითნებურია.

საკითხის აქტუალურობაზე მეტყველებს ისიც, რომ საზღვრის გადაკავეთის უფლების შეზუდვის ფაქტებზე, 2014 წლის 6 მაისს, სახალხო დამცველმა სპეციალური რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა აღიკვეთოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. თუმცა, არც აღნიშნულ რეკომენდაციას მოჰყოლია ადეკვატური რეაგირება სამართალდამცავი ორგანოებიდან და კვლავ უცნობია, რა ნორმატიული საფუძვლით ხდება მოქალაქეების უფლებების შეზღუდვა.

იმ შემთხვევაშიც, თუ შსს უფლების შეზღუდვას ქვეყნის უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართ არსებული რისკებით გაამართლებს, ეს გარემოება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს არ აძლევს უფლებამოსილებას, აღნიშნული რისკების რეალურობისა და რელევანტურობის დასაბუთების გარეშე შეუზღუდოს მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების უფლება. მნიშვნელოვანია, რომ უფლების შეზღუდვის აღნიშნული პრაქტიკა რელიგიური კუთვნილების ნიშნით იდენტიფიცირებული პირების მიმართ ფიქსირდება, რაც სავარუდო დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე მიუთითებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, ოფიციალური განმარტება გააკეთოს, საზღვრის გადაკვეთის დროს, საქართველოს მოქალაქე მუსლიმი/ქისტი პირებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტების შესახებ; მიუთითოს ის ნორმატიული საფუძველი და დასაბუთება, რითაც უფლებაში ჩარევა შეიძლება იყოს გამართლებული. ამასთან, EMC მოუწოდებს შსს-ს, შეწყვიტოს და გადახედოს არსებულ პრაქტიკას, ხოლო მისი პოლიტიკა ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებთან მოვიდეს შესაბამისობაში.