არასამთავრობო ორგანიზაციები ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადებაზე რეაგირებას ითხოვენ

iakobiმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა (კონსტანტინე იაკობიშვილმა) საკვირაო ქადაგების დროს, კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა.

ქორეპისკოპოსი, საკვარაო ქადაგებისას, მრევლს მოუწოდებდა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და არ დაუშვან კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის გამარჯვება: “უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აჰყარეს ერს, მობრუნებას რომ აპირებენ ისევ ისე, რაღაცას უარი უნდა ეთქვას.“ ამასთან, ქორეპისკოპოსი იაკობი აკრიტიკებს ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკას ‘’დღეს რომ ისევ ხელისუფლებაში მობრუნება უნდათ, რას გვპირდებიან, რომ მობრუნდებიან?!“ და აკეთებს გარკვეულ მინიშნებებს იმაზე თუ რომელ პოლიტიკურ ძალას უნდა დაიჭოს მხარი ამომრჩევლმა: „არ ვლაპარაკობ, რომ რომელი ძალაც არის, ყველაფერი ისე ხდება, რომ მოსაწონია. ხალხმა ამ არჩევნებზე აჩვენა, რომ გულდაწყვეტილია, მაგრამ განსხვავებას ყველა ვხედავთ.“

აღნიშნული განცხადება წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციას – ამომრჩეველთა მოწოდებას საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერ  საჯარო მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას [და სხვა]. [1]

ყველა ადამიანს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება და უფლება საჯაროდ მხარი დაუჭიროს სასურველ კანდიდატს, კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. თუმცა,  საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტიწინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას პირდაპირ უკრძალავს რელიგიური ორგანიზაციებს.

კონკრეტულად, რომელი სუბიექტები შეიძლება განვიხილოთ რელიგიურ ორგანიზაციის წარმომადგენლად, საარჩევნო კოდექსით დადგენილი შეზღუდვის მიზნებისთვის ინტერპრეტაციის საგანია. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებისთვის ქორეპისკოპოსი აღქმულ უნდა იქნეს მართლმადიდებელი ეკლესიას წარმომადგენლად. მისი სტატუსის მქონე სასულიერო იერარქის ეკლესიასთან ამგვარი კავშირის არსებობას ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც: „ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით),“[2] რაც გულისხმობს, რომ ქორეპისკოპოსის მიერ მისი სტატუსისა და უფლებამოსილების ფარგლებში გაკეთებული საჯარო გამოხატვა უნდა აღიქმებოდეს რელიგიური ორგანიზაციის პოზიციად.

რელიგიური ორგანიზაციების ლიდერების საჯარო გამოსვლა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის საკვირაო ქადაგება, თავის თავში მოიცავს ამომრჩეველთან კომუნიკაციის კომპონენტს და წარმოადგენს საჯარო მოქმედებას, მით უფრო როდესაც  ის ფართოდ შუქდება მედია საშულებების მიერ. შესაბამისად, ქორეპისკოპოსის საჯარო მოქმედება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, აღქმული უნდა იქნას რელიგიური ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ აგიტაციად, რომელიც აკრძალულია საარჩევნო კოდექსით.[3]

საარჩევნო კოდექსის ამკრძალავი ნორმა, რომელიც მკაცრად ადგენს საარჩევნო აგიტაციის  აკრძალვის მოთხოვნას სუბიექტთა განსაზღვრული წრის მიმართ, მიზნად ისახავს, დაიცვას საარჩევნო პროცესი სასულიერო პირების ზეგავლენისგან, რისი ალბათობაც დიდია რელიგიური ორგანიზაციების მაღალი ნდობისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით. საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა დემოკრატიული და სეკულარული სახელწიფოს განვითარებისთვის.

წინამდებარე განცხადების ხელმომწერი არასამთავრობი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას –  შეისწავლოს ქორეპისკოპოსი იაკობის მიერ  წინასაარჩევნო აგიტაციაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით მონაწილეობის ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი  სამართლებრივი რეაგირება.

რეგლიგიურ ორგანიზაციების წარმომადგენლებს – თავი შეიკავონ ნებისმიერი საჯარო მოქმედებისგან, რომელიც  შეიცავს წინასაარჩევნო აგიტაციის ნიშნებს.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI);  

საქართველოსახალგაზრდაიურისტთაასოციაცია (საია); 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI

 

[1]საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მე-2 მუხლის ჰ1 ქვეპუნქტი

[2] საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ, მუხლი 1.4.

[3] „საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი