გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის სარეკომენდაციო კონცეფცია

წყარო: netgazeti.ge 

დღეს, 8 ივლისს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის სარეკომენდაციო კონცეფციის პრეზენტაცია გამართა.

EMC-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ავლენს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოსა და სახელმწიფოს პოლიტიკის მთავარ ხარვეზს და განსაზღვრავს კონვენციის მოთხოვნებთან თანმხვედრი ცვლილებების შესაძლო მიმართულებებს. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ძირითადი ცნებების შინაარსი, მიუხედავად ამ მხრივ განხორციელებული გარკვეული ცვლილებებისა, კვლავ არ შეესაბამება კონვენციას, არ ითვალისწინებს მის ახლებურ ხედვებს და ცალკეულ შემთხვევებში ეწინააღმდეგება კიდეც დოკუმენტის მთავარ ღირებულებებს. photo

გარდა ამისა, ეროვნული კანონმდებლობა და პოლიტიკა კვლავ სამედიცინო მოდელს ეფუძნება. შესაბამისად, ორგანიზაციის აზრით ცვლილებებს საჭიროებს სტატუსის მინიჭების წესი, რომელიც მხოლოდ პირის სამედიცინო დიაგნოზს ებმის და არ ითვალისწინებს სხვა სოციალური ფაქტორებით განპირობებულ დაბრკოლებებს.

“არსებულმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ ხელისუფლებას ძალიან ბევრი აქვს შესაცვლელი იმისთვის, რომ კონვენციის სტანდარტებს უპასუხოს კანონმდებლობამ და დანერგოს ის მიდგომები, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს. ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის კანონმდებლობის არსებითი ცვლილება, რომელიც დღეს სამედიცინო მოდელს ეფუძნება და სოციალურ მოდელს არ სცნობს, რომელიც კონვენციის მთავარი მიღწევაა. შეზღუდული შესაძლებლობის აღქმა არ უნდა იყოს მიბმული დიაგნოზზე, დარღვევა არის ერთ–ერთი ფაქტორი და არა ერთადერთი, შეზღუდულ შესაძლებლობებს იწვევს გარემო ბარიერებთან დარღვევის ურთიერთქმედება და ეს არის მთავარი არსი, რასაც მთელი კანონმდებლობა უნდა დაეფუძნოს,”– ამბობს ლინა ღვინიანიძე, ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ორგანიზაცია მნიშნელოვნად მიიჩნევს  პირის ქმედუუნაროდ აღიარების მოდელის გარდაქმნას.

“ეს საკითხი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ქმედუნარობის არსებული მოდელი. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გააუქმებს ამ ნორმას და ცნობს შეუსაბამოდ ადამიანის უფლებებთან, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი. აუცილებელია სახელმწიფომ დაგეგმოს ალტერნატიული მხარდაჭერის მექანიზმები ამ პირთა მიერ ნების გამოვლენაში მხარდაჭერის თვალსაზრისით. ასევე, სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა უნდა იყოს სათანადო, ის უნდა პასუხობდეს ამ პირთა საჭიროებებს,”– აღნიშნავს ღვინიანიძე.

დოკუმენტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება გარემოს, ინფორმაციასა და სერვისებზე პრაქტიკული ხელმისაწვდომობა, რაც ხშირად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ იზოლაციას იწვევს.

ამავე დოკუმენტით, ეროვნული კანონმდებლობა მართლმსაჯულებაზე წვდომის ნაწილში სრულიად მოდის წინააღმდეგობაში კონვენციასთან, რადგან იმპერატიულად გამორიცხავს ქმედუუნარო პირების დაშვებას სამართალწარმეობაზე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ სამუშო ბევრია. მისივე მტკიცებით, კომიტეტი მომდევნო წელს შშმ პირების წლად გამოაცხადებს:

“ჩვენ ძლიან ბევრი გვაქვს სამუშაო. ეს პირველი ნაბიჯი იყო და ამის შემდეგ იწყება უფრო რთული საქმე, კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ეს ბევრი მიმართულებით გულისხმობს რეფორმების განხორციელებას, შშმ პირების უფლებების დაცვას, სოციალური გარემოს ადაპტირებას და სხვადასხვა ტიპის სოციალურ მხარდაჭერას. კომიტეტი ფიქრობს, რომ შემდეგი წელი შშმ პირების წლად გამოაცხადოს, რათა მათი უფლებების დაცვა პრიორიტეტად გამოცხადდეს.  ჩვენ ვაპირებთ ახალი რეკომენდაციები მივცეთ მთავრობას, თუ რა უნდა გავაკეთოთ კონვენციის იმპლემენტაციის შემდეგ შშმ პირების უფლებების უფრო მეტი დაცულობის გარანტიების შესაქმნელად და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სამუშაოა.”

EMC ასევე მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არაპროპორციულად ზღუდავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას, კერძოდ, მშობლის უფლებისა და ქორწინების უფლების ავტომატური შეზღუდვა ეწინააღმდეგება კონვენციას.

მათივე აზრით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამები არ ეფუძნება ერთიან სტატისტიკურ მონაცემებს, საჭიროებებზე დაფუძნებულ კვლევით მონაცემებს, ხოლო პროგრამათა მასშტაბები და ბენეფიციართა წრე, ხშირ შემთხვევაში, ეჭვქვეშ აყენებს მათ საკმარისობას, ადეკვატურობასა და ეფექტურობას.

“დიდი ხნის განამვლობაში მიმდინარეობდა მუშაობა შშმ პირების უფლებების, მათი ინკლუზიის, ინტეგრაციის და მათი შესაძლებლობების რეალიზაციის თვალსაზრისით. ეს კონვენცია ამის ძირითადი საფუძველია. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც ჩვენთან საშუალო დონეზეც კი არ არის შესრულებული, იგივე ამ პირების ჯანდაცვის, განათლების, სამუშაო უფლების, ადაპტირებული გარემოს საკითხები. ამიტომ პარლამენტის ამოცანაა კიდევ უფრო მეტად ეფექტური საკანონმდებლო საფუძვლები შექმნას შშმ პირების რეალიზაციისთვის. ჩვენ ამისთვის კანონმდებლობის ანალიზი დაგვჭირდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შშმ პირები თავს გრძნობდნენ ყველა უფლების მატარებლად ამ ქვეყანაში,”– ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი.

ინკლუზიური განათლების პრობლემაზე აქცენტირებს “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც”. დღეს წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, უმაღლესი და პროფესიული განათლების მარეგულირებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ინკლუზიური განათლების საკითხს, ზოგადი განათლების სისტემა კი მეინსტრიმული სკოლების პარალელურად, კვლავ ძალაში ტოვებს სპეციალიზებული სკოლების არსებობას.

“კანონდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შშმ პირების შრომის უფლების დაცვას/დასაქმების ხელშეწყობას და სხვა,” – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც EMC-მ პროექტის “გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის ხეშეწყობა საქართველოში” ფარგლებში მომზადდა, ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

2013 წლის 27 დეკებმერს პარლამენტმა 91 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ რატიფიკაცია მოახდინა.