EMC-მ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის შესრულების გეგმა წარადგინა

წყარო: tabula.ge

დღეს, 8 ივლისს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სარეკომენდაციო კონცეფცია წარმოადგინა, როგორ უნდა შეესაბამებოდეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას (UNCRPD) ეროვნულ კანონმდებლობა და ქვეყნის პოლიტკა.

EMC-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ავლენს სახელმწიფო პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შეუსაბამობას გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭება, ისევ სამედიცინო მოდელის მიხედვით ხდება და არ არის გათვალისწინებული პირის სხვა სოციალური ფაქტორებით გამოწვეული დაბრკოლებები. ასევე მნიშვნელოვანია ცვლილების განხორციელება მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების მოდელის გარდასაქმნელად, ვინაიდან არსებული ინსტიტუტი არ ეფუძნება პიროვნების უფლებების, ღირსებისა და მისი ნების ავტონომიურობის პრინციპებს.

მათი თქმით შშმ პირებისათვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება გარემოს, ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც უმეტეს შემთხვევაში, მათ სოციალურ იზოლაციას იწვევს. ამ მხრივ, პრობლემის მასშტაბურობა მოითხოვს სახელმწიფოს სისტემურ ხედვაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას; აგრეთვე კონვენციას ეწინააღმდეგება, მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არაპროპრციულად ზღუდავს შშმ პირთა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას; კერძოდ, მშობლის უფლებისა და ქორწინებაზე უფლების შეზღუდვას.

EMC აღნიშნავს, რომ უმაღლესი და პროფესიული განათლების მარეგულირებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ინკლუზიური განათლებას, ზოგადი განათლების სისტემა კვლავ ძალაში ტოვებს სპეციალიზებული სკოლების არსებობას ხოლო სახელმწიფოს პოლიტიკა და კანონმდებლობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შშმ პირების შრომის უფლების დაცვას, დასაქმების ხელშეწყობას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აცხადებს რომ: „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დოკუმენტია. იგი ახალი სამართლებრივი სტანდარტებისა და მიდგომების შემოტანით ცვლის შეზღუდული შესაძლებლობის გააზრებას და მას ადამიანის უფლებებს, პიროვნების ღირსებასა და ნების ავტონომიურობის პრინციპებს აფუძნებს.”

სარეკომენდაციო კონცეფცია მომზადდა პროექტის ,,გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.