EMC: სახელმწიფო შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს

წყარო: liberali.ge

დღეს, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) გაეროს “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის” იმპლემენტაციის სარეკომენდაციო კონცეფცია წარადგინა.

აღნიშნული სარეკომენდაციო კონცეფციის მიზანი გაეროს კონვენციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასებაა.

“პირველი მთავარი ხარვეზი, რომელიც არ შეცვლილა ის არის, რომ კანონმდებლობა ისევ სამედიცინო მოდელს ეფუძნება. ის არ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის გააზრებაში გარემო ბარიერებს და არ არის სოციალური მოდელის ნაწილი’’, ამბობს ადამიანის უფლებების პროგრამის ხელმძღვანელი ლინა ღვინიანიძე.

მისივე განმარტებით, სისტემური ცვლილებების განხორციელება პირის ქმედუუნაროდ აღიარების მოდელის გარდასაქმნელადაც მნიშვნელოვანია, რადგან პირს, ქმედუუნაროდ აღიარებისთანავე ერთმევა თითქმის ყველა სამოქალაქო უფლება – მისი ნების ჩანაცვლება ხდება მეურვით. “ეს პირის უფლებების არაპროპორციულ შეზღუდვას იწვევს. მაგალითად: ქმედუუნაროდ აღიარების შემთხვევაში პირს ქმედუუნაროდ ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ აქვს; ისევე, როგორც შვილის აღზრდის უფლება და სხვა”.

EMS-ს მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სოციალური პოლიტიკა წარმოადგენს, რაც სოციალურ დაცვასა და შშმ პირთა რეაბილიტაციას გულისხმობს.

ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება გარემოს, ინფორმაციასა და სერვისებზე პრაქტიკული ხელმისაწვდომობა, რაც ხშირად შშმ პირთა სოციალურ იზოლაციას იწვევს. გარდა ამისა, კანონმდებლობა და სახელმწიფო სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა შრომის უფლების დაცვასა და დასაქამების ხელშეწყობას.cms-image-000022380

მას შემდეგ რაც, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” მიერ შემუშავებული კონცეფცია დასრულებულ სახეს მიიღებს, განსახილველად საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცემა.