UNCRPD-ის იმპლემენტაციის სარეკომენდაციო კონცეფციის პრეზენტაცია

IMG_6207ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საჯაროდ წარადგენს „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) იმპლემენტაციის გაიდლაინს(კანონმდებლობისა და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცვლილების სარეკომენდაციო კონცეფცია).

გაიდლაინის მიზანია, შეაფასოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა კონვენციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის შეიმუშავოს კონვენციის იმპლემენტაციის სარეკომენდაციო კონცეფცია.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დოკუმენტია. იგი ახალი სამართლებრივი სტანდარტებისა და მიდგომების შემოტანით ცვლის შეზღუდული შესაძლებლობის გააზრებას და მას ადამიანის უფლებებს, პიროვნების ღირსებასა და ნების ავტონომიურობის პრინციპებს აფუძნებს.

EMC-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ავლენს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოსა და სახელმწიფოს პოლიტიკის მთავარ ხარვეზებს და განსაზღვრავს კონვენციის მოთხოვნებთან თანმხვედრი ცვლილების შესაძლო მიმართულებებს, რომელთაგანაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი მიგნებები:

  • ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ძირითადი ცნებების შინაარსი, მიუხედავად ამ მხრივ განხორციელებული გარკვეული ცვლილებისა, კვლავ არ შეესაბამება კონვენციას, არ ითვალისწინებს მის ახლებურ ხედვებს და ცალკეულ შემთხვევებში, ეწინააღმდეგება  კიდეც დოკუმენტის მთავარ ღირებულებებს;
  • ეროვნული კანონმდებლობა და პოლიტიკა კვლავ სამედიცინო მოდელს ეფუძნება. შესაბამისად, ცვლილებას საჭიროებს სტატუსის მინიჭების წესი, რომელიც მხოლოდ პირის სამედიცინო დიაგნოზს ებმის და არ ითვალისწინებს სხვა სოციალური ფაქტორებით განპირობებულ დაბრკოლებებს;
  • მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილების განხორციელება პირის ქმედუუნაროდ აღიარების მოდელის გარდასაქმნელად, ვინაიდან მოქმედი ინსტიტუტი არ ეფუძნება პიროვნების უფლებების, ღირსებისა და მისი ნების ავტონომიურობის პრინციპებს;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება გარემოს, ინფორმაციასა და სერვისებზე პრაქტკული ხელმისაწვდომობა, რაც ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ იზოლაციას იწვევს. ამ მხრივ, პრობლემის მასშტაბურობა მოითხოვს სახელმწიფოს სისტემურ ხედვაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას;
  • ეროვნული კანონმდებლობა მართლმსაჯულებაზე წვდომის ნაწილში სრულად მოდის წინააღმდეგობაში კონვენციასთან, ვინაიდან ის იმპერატიულად გამორიცხავს ქმედუუნარო პირების დაშვებას სამართალწარმოებაზე;
  • მოქმედი კანონმდებლობა არაპროპორციულად ზღუდავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას; კერძოდ, მშობლის უფლებისა  და ქორწინებაზე უფლების ავტომატური შეზღუდვა ეწინააღმდეგება კონვენციას;
  • ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამები არ ეფუძნება ერთიან სტატისტიკურ მონაცემებს, საჭიროებებზე დაფუძნებულ კვლევით მონაცემებს, ხოლო პროგრამათა მასშტაბები და ბენეფიციართა წრე, ხშირ შემთხვევაში, ეჭვქვეშ აყენებს მათ საკმარისობას, ადეკვატურობასა და ეფექტურობას;
  • სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის მოქმედი პოლიტიკა შეზღუდული შესაძლებლობის, როგორც მოცემულობის, იდენტიფიცირების ახდენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახეზეა კონკრეტული სიღატაკის ფაქტი და სათანადოდ არ უზრუნველყოფს აღნიშნული ჯგუფის დაცვას;
  • უმაღლესი და პროფესიული განათლების მარეგულირებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ინკლუზიური განათლების საკითხს, ზოგადი განათლების სისტემა კი მეინსტრიმული სკოლების პარალელურად, კვლავ ძალაში ტოვებს სპეციალიზებული სკოლების არსებობას;
  • კანონმდებლობა და სახელმწიფოს პოლიტიკა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომის უფლების დაცვას/დასაქმების ხელშეწყობას და სხვა;

„გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) იმპლემენტაციის გაიდლაინი – კანონმდებლობისა და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცვლილების სარეკომენდაციო კონცეფცია“ მომზადდა პროექტის ,,გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობა საქართველოში’’ ფარგლებში, რომელიც ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.