ქმედუუნარობა, როგორც სამოქალაქო სიკვდილი

CRPD-Logo1ჩვენ ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც კანონის ძალით ეკრძალებათ:

  • სამოქალაქო ქორწინება;
  • შვილის აღზრდა;
  • არჩევნებსა თუ რეფერედუმში მონაწილეობა;
  • სამართლებრივ ურთიერთობებში ნების გამოვლენა;
  • სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის განხორციელება;
  • სასამართლოსა თუ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვა;
  • საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა და სხვა.

სწორედ ასეთია პირის ქმედუუნაროდ აღიარების შედეგი. ეროვნულ კანონმდებლობაში დამკვიდრებული სამართლებრივი ქმედუნარიანობის დღეს მოქმედი მოდელი არ შეესაბამება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თანამედროვე სტანდარტებს. მოქმედი ინსტიტუტი მთლიანად გამორიცხავს ქმედუუნარო პირის მონაწილეობას საკუთარი უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ნაცვლად მხარდაჭერის სისტემის ამოქმედებისა, სუბიექტის სამართლებრივ ნებას სრულად ანაცვლებს მეურვის ნებით.

დღესდღეობით, საქართველოში არ მოქმედებს მეურვეობის ალტერნატიული სამსახურები, როგორიცაა დამხმარის ან მხარდამჭერის მექანიზმები, რაც პირისათვის საჭიროების შესაბამისი მოცულობის და შინაარსის მხარდაჭერას განხორციელებას უზრუნველყოფს. ამგვარი მეთოდის შეთავაზების ნაცვლად, მეურვეობის აღწერილი მოდელი არის ერთადერთი პასუხი სახელმწიფოს მხრიდან იმ პირების მიმართ, რომელთაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

პირის ქმედუუნაროდ აღიარებისა და მისთვის მეურვის დანიშვნის პროცედურა ქმნის სივრცეს თავად ამ პირის პროცესის მიღმა დატოვებისთვის, რაც გულისხმობს პროცედურის წარმართვის შესაძლებლობას მისი სათანადო მონაწილეობის გარეშე.

მოქმედი კანონმდებლობა პირის ქმედუუნარობის საფუძვლად „ჭკუასუსტობას“ ან „სულით ავადმყოფობას“ მიიჩნევს. ქმედუუნაროდ აღიარება კი ხდება სასამართლოს მიერ პირის ოჯახის წევრების, კანონიერი წარმომადგენლის, მეურვისა და მზრუნველობის ორგანოს ან ფსიქიატრიული დაწესებულების განცხადების საფუძველზე, რომელიც ეფუძნება პირის ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხი მიეკუთვნება უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეს, რაც დავის საგნის არარსებობას ნიშნავს. პირი ვისი ქმედუუნარობის საკითხიც განიხილება, არ სარგებლობს „მხარის“ სტატუსით მიმდინარე პროცესში. ამასთან, კანონი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, სავალდებულოდ არ ადგენს თავად ქმედუუნაროდ საცნობი პირის მონაწილეობას პროცესში და პირის სხდომაზე მოწვევის საკითხი წყდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც სასამართლოს შეფასებას ექვემდებარება ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში.

შესაბამისად, ქმედუუნაროდ საცნობი პირის პროცესში ჩართულობის კანონით შემოთავაზებული მექანიზმები, შესაძლებელს ხდის მისი მონაწილეობის სრულად გამორიცხვას, მის მიმართ მისაღები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პროცესში. ქმედუუნაროდ ცნობილ პირს კი გადაწყვეტილების გამოტანისთანავე ერთმევა შესაძლებლობა გაასაჩივროს ის.

ქმედუუნაროდ ცნობის პროცედურა აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ იმ პირობებში, როდესაც პირის ქმედუუნაროდ ცნობა არ მომხდარა და ასეთის საჭიროებაზე შესაძლოა მხოლოდ გონივრული ვარაუდი არსებობდეს, კანონმდებლობა მოქმედებს „პირის ქმედუუნარობის პრეზუმფციით“.

ქმედუუნარო პირს ასევე ეზღუდება უფლება, გაასაჩივროს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილება მეურვის დანიშვნის შესახებ. ასევე, უგამონაკლისოდ შეზღუდულია ქმედუუნარო პირის სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, მისი ფაქტობრივი გამოჯანმრთელების შემთხვევაშიც კი, რაც ქმედუუნარობის გაუქმების საფუძველია. ქმედუუნარო პირის სტატუსის ქვეშ მყოფ პირს არ შეუძლია მიმართოს სასამართლოს და იგი დამოკიდებული ხდება სხვა პირთა მხრიდან ამგვარი ნების გამოვლენაზე.

პროცესის შედეგად, რომელიც, თავის მხრივ, ვერ უზრუნველყოფს ქმედუუნარო პირის სათანადო მონაწილეობასა და მისი ინტერესების წარმოდგენას, პირი აღარ მიიჩნევა ღირსების, ნებისა და სურვილების მქონე სუბიექტად, რაც ლახავს მის უფლებებსა და მნიშვნელოვნად ზრდის მის მიმართ ძალადობისა და უხეში მოპყრობის რისკებს.

 

ლელა გვიშიანი

ბლოგი მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ მომზადებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცვლილების სარეკომენდაციო კონცეფციის „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) იმპლემენტაციის გაიდლაინი“ საფუძველზე

 

 ასევე იხილეთ :

1) ქორწინებისა და მშობლის უფლების შეზღუდვა შშმ პირებისათვის 

2) შრომის უფლების დაცვა, როგორც შესაძლებლობა განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე

3) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა იძულებითი მკურნალობა, როგორც დაშვებული უფლებაშემლახავი პრაქტიკა

4) სოციალური დაცვა და შეზღუდული შესაძლებლობა