გურიაში მუსლიმთა მდგომარეობის მოკლე აღწერა

This slideshow requires JavaScript.

ნიგვზიანი

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) სოფელ ნიგვზიანში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) პოსტკონფლიქტური მდგომარეობა შეისწავლა. ადგილობრივი მართლმადიდებლებისა და აჭარელი მუსლიმების განცხადებით,  2012 წლის ბოლოს გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტის შემდეგ,სოფელში სიტუაცია დასტაბილურდა და რელიგიური თემები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.

აჭარელი მუსლიმები განსაკუთრებულ კმაყოფილებას გამოხატავენ იმ ფაქტის მიმართ, რომ კონფლიქტის მიუხედავად, მათ მაინც მიეცათ შესაძლებლობა გაეხსნათ სამლოცველო სახლი საკუთარ სოფელში. ეს გარემოება და კონფლიქტის დროს მიღებული სტრესი მუსლიმ თემში პრობლემური საკითხების მიმართ კრიტიკას ასუსტებს. მათი შეფასებით, იმისთვის რომ არ განახლდეს კონფლიქტი, ისინი ცდილობენ თავი შეიკავონ საკუთარი პრეტენზიების რაიმე ფორმით გამოხატვისგან. მაგალითად. მუსლიმი მლოცველები უთითებენ, რომ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეების დიდ ნაწილს მუსლიმები შეადგენენ, მასშტაბური და აგრესიული ინდოქტრინაციის პრაქტიკა აღმოიფხვრა, თუმცა სკოლის ინფრასტუქტურაში რელიგიური სიმბოლიკის გამოყენების პრობლემა ისევ დგას. ამასთან, ბოლო პერიოდში, დაფიქსირდა ქრისტიანი სასულიერო პირების მიერ საჯარო სკოლის კურთხევის ფაქტი. თუმცა, მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნების მიზნით, სკოლაში რელიგიური ნეიტრალიტეტის  პრინციპის ფაქტები ადგილობრივ მუსლიმებს არ გაუპროტესტებიათ. აჭარელი მუსლიმები უთითებენ, რომ მათ მიმართ ადგილობრივი ქრისტიანები ხშირად სიძულვილის ენას იყენებენ და სიტყვა „აჭარელ მუსლიმს“ სალანძღავი მნიშვნელობა აქვს.

ადგილობრივ ქრისტიანებთან საუბარი ცხადყოფს, რომ ისინი იყენებენ იმავე დისკურსს, რომელიც არსებობდა კონფლიქტის მიმდინარეობისას. მათთვის კონფლიქტის დარეგულირება მათი უკმაყოფილებისა და სურვილების დათრგუნვის ხარჯზე მოხდა, ამიტომ ძველი პრეტენზიები ადგილობრივ, ქრისტიანულ თემში კვლავაც აქტუალურია. ისინი გამოხატავენ უკმაყოფილებას პარასკევის ტრადიციული ჯუმას ლოცვის დროს, სხვადასხვა მეზობელი სოფლიდან მუსლიმი მლოცველების ვიზიტის გამო. მათი თქმით, აჭარის სოფლებიდან მუსლიმები ყოველგვარი საჭიროების გარეშე ჩამოდიან ნიგვზიანის სალოცავში, რაც მათთვის გამაღიზიანებელია. ქრისტიანები ასევე უთითებენ აჭარელი მუსლიმების თურქეთიდან დაფინანსებასა და აქედან მომდინარე რისკებზე.

ადგილობრივი ქრისტიანები უკმაყაფილებას გამოხატავენ იმ ფაქტზეც, რომ როგორც ხელისუფლება, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია, მხოლოდ მუსლიმების ინტერესებზე საუბრობენ. ასეთ პირობებში კი სწორედ ისინი არიან უმცირესობა და მათ უფლებებს სჭირდება დაცვა.

მთისპირი

EMC-ის თანამშრომლებმა მოინახულეს გურიის ერთ-ერთი სოფელი მთისპირი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), სადაც 80-მდე აჭარელი მუსლიმი ოჯახი ცხოვრობს. ქრისტიანებისა და მუსლიმების რაოდენობა სოფელ მთისპირში თითქმის თანაბარია. ადგილობრივი მუსლიმებისთვის მთავარ პრობლემას მძიმე ეკონომიკური პირობები, არასათანადო ინფრასტრუქტურა და დასაქმება წარმოადგენს. ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, მთისპირში მუსლიმისთვის დასაქმება ძალიან რთულია. სკოლებსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მუსლიმები თითქმის არ არიან დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ იგივე მდგომარეობა ფიქსირდება სოფელ ნიგვზიანსა და გურიის სხვა სოფლებშიც, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ.

მთისპირში მცხოვრები აჭარელი მუსლიმების განცხადებით, სოფელში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტის ნიშნები არ ფიქსირდება და მუსლიმები და ქრისტიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. თუმცა, მათი თქმით ხშირია „აჭარელის“ სალანძღავი მნიშვნელობით გამოყენების შემთხვევებიც.