განცხადება 19 ივლისს, სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

10389986_918375931511854_6076640147812538898_nარასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, სწავლობდა 2014წლის 19ივლისს, ქალაქ თბილისის სურბ ეჩმიაძინის ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტს. შესწვალის დროს, ჯგუფმა გამოკითხა დაზარალებული პირები და რამდენიმე თავდამსხმელი. ასევე, შეაფასა ვიდეო მასალა, რომელიც კონფლიქტის ამსახველ ეპიზოდებს აღწერს. ინციდენტთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების პირველადი ანალიზი აჩვენებს, რომ კონფლიქტის მიმდინარეობის დროს, ჩანდა ეთნიკური სიძულვილის კონტექსტი, რაც ძირითადად ეთნიკური კუთვნილების გამო, სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა, თუმცა, გამოვლენილი ძალადობის მიზეზებში ეთნიკური შუღლის ან მტრობის მოტივი არ დომინირებდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა და მოწმეთა ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ კერძო ხასიათის დავა, რომელიც შემდგომში მასშტაბურ აგრესიაში გადაიზარდა უფრო მეტად ინციდენტში მონაწილე სომხური ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული, ვიდრე ზოგადად ეკლესიის ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელთა შორის, ასევე იყვნენ ეთნიკურად სომეხი წარმოშობის ადამიანები.

აღნიშნულის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების მანდატისა და რესურსების მასშტაბის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საქმეზე სიმართლის დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა აწარმოონ ყოველმხრივი გამოძიება საქმეზე და მათ შორის გამოიკვლიონ ეთნიკური სიძულვილის გავლენა მომხდარ ჯგუფურ ძალადობაზე. საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოებს მოვუწოდებთ, უზრუნველყონ დროული გამოძიების ჩატარება და მისი შედეგების გასაჯაროება. ამასთან, საზოგადოებაში არმენოფობიური განწყობებისა და 19 ივლისის ინციდენტის შემდეგ შექმნილი დაძაბული სოციალური გარემოს გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პოლიციამ მიიღოს ეფექტური პრევენციული ღონისძიებები, სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.

მიგვაჩნია, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო სამართლებრივი რეაგირების პრაქტიკა, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ ბოლო პერიოდში რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების დროს გამოჩნდა, საზოგადოებაში შეუწყნარელი განწყობებისა და დამოკიდებულებების გაზრდას უწყობს ხელს და მომავალში მან შესაძლოა რელიგიური და ეთნიკური ხასიათის კონფლიქტების რისკები გააჩინოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში, სახელმწიფომ გაიაზროს  საკუთარი როლი და ადეკვატური სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებითა და ტოლერანტობისა და თანასწორობის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადებებით აჩვენოს მისი მზადყოფნა დემოკრატიული, უსაფრთხო და შემწყნარებლური პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფისთვის. ამ მხრივ, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს არმენოფობიური განწყობების დაძლევასა და მისგან მომდინარე რისკების პრევენციას.

 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);

მედიის განვითარების ფონდი (MDF);

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);

კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

იდენტობა;

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI);

აღმოსავლეთ პარტნიონორობის უმცირესობათა ქსელი ICICC;

უმცირესობათა უფლებების ჯგუფი MRG;

საქართველოს რეფორმების ასოციაცია  GRASS;

გენდერული თანასწორობის ქსელი (GEN);

კავშირი “საფარი”;

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია;

ადამიანის უფლებათა ცენტრი;

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი;

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტი

ასოციაცია ტოლერანტი.