განცხადება ე.წ „5 დეკემბრის ბრძანებაში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით

EMC ეხმაურება „სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2000 წლის 5 დეკემბრის ბრძანებაში განხორციელებულ ცვლილებას.

აღნიშნული ცვლილებით, სამედიცინო დაწესებულების პერსონალს მოეხსნა ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობაში მყოფი პაციენტის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება.

EMC-ის არაერთხელ აღუნიშნავს (იხ. კვლევა არაეთიკური ნარკოპოლიტიკა: ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი), რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამგვარი ინფორმაციის ავტომატური მიწოდება პაციენტს აყენებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფთხის შექმნის ან საკუთარი თავის გაცემის არჩევანის წინაშე, რაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული, თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლების დარღვევად შეიძლება განვიხილოთ.

EMC დადებითად აფასებს 5 დეკემბრის ბრძანებაში განხორციელებულ ცვლილებას, და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მის შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელება. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნორმის ჯეროვანი რეალიზება დიდწილად არის დამოკიდებული სწორი პრაქტიკის ჩამოყალიბებაზე. მას აზრი დაეკარგება თუ პოლიციისთვის ინფორმაცია მიეწოდება ალტერნატიული წყარეოებიდან (მაგ: გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ცხელი ხაზიადან). ცვლილება ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია წამალდამოკიდებული პირების და  მათი ოჯახების მიმართ ეთიკური და ჰუმანური პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად, თუმცა სხვა ბევრი საკითხი რჩება საკანონმდებლო დონეზე შესაცვლელი, რისთვისაც მხოლოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ძალისხმევა არ არის საკმარისი და მეტად კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.