შშმ ბავშთა დისკრიმინაცია – სკოლა ბორჯომის ქუჩაზე

თბილისში, ბორჯომის ქუჩაზე, არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სასწავლო და სარეაბილიტაციო დაწესებულების „თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის“ ერთ-ერთი კარი მეზობლებმა დაადუღეს. კარი ცენტრს აღმაშენებლის გამზირთან აკავშირებს და სკოლის ბენეფიციარებისთვის მოსახერხებელი სივრცეა სკოლაში შესაღწევად. მომხდარს დაწესებულების ხელმძღვანელები და მოსწავლეთა მშობლები სკოლის ბენეფიციარების მიმართ მეზობლების მხრიდან არატოლერანტულ დამოკიდებულებას უკავშირებენ. მათი განმარტებით, მეზობლების აგრესია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ სწორედ ამ ნიშნითაა განპირობებული.

დაწესებულებამდე მისასვლელად სკოლის ბენეფიციარები მეორე კარით (ბორჯომის ქუჩასთან დამაკავშირებელი) სარგებლობენ, რომელიც ტუბდისპანსერისა და კერძო მესაკუთრეთა ეზოზე გადის და ეს სკოლამდე მისაღწევი სივრცის გამოყენებას ართულებს. ამასთან, ბორჯომის ქუჩა მუდმივად გადატვირთულია და მათთვის სკოლამდე მისვლა დამატებით ბარიერებთანაა დაკავშირებული, რაც სკოლამდე დამაკავშირებელი მეორე კარის გახსნის საჭიროებას კიდევ უფრო აჩვენებს.

სკოლის კარი, რომელითაც სკოლა უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ვერ სარგებლობს, მისი არსებობის მანძილზე მხოლოდ 3 კვირის განმავლობაში – ბორჯომის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესში ფუნქციონირებდა. თუმცა, მისი დასრულებისთანავე კარი მეზობლებმა კვლავ დაადუღეს და ამ ვითარების შეცვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ მოსწავლეთა მშობლები და დაწესებულების ადმინისტრაცია.