EMC განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

DSC_9840“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, დეპარტამენტმა არ დაადგინა თერჯოლაში, იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის წინააღმდეგ, 2014 წლის ივნისის დასაწყისში, რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ აქციებში #2 სკოლის დირექციის, მასწავლებლების მონაწილეობისა და მათ მიერ აქციაზე მოსწავლეების ქცევის კონტროლის/ორგანიზების ფაქტი.

ადმინისტრაციულ საჩივარში EMC ამტკიცებს, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა არ შეისწავლა წარმოების ფარგლებში მისთვის წარდგენილი ის გარემოებები, რომელიც ადასტურებს აქციაში თერჯოლის #2 სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების აქტიურ მონაწილეობასა და სკოლის მიერ აქციებში მოსწავლეების ჩართულობისა და ქცევის კონტროლს. საჩივარში EMC უთითებს, რომ რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ აქციაში სკოლის დირექტორის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების სავარაუდო მონაწილეობის დადგენის მიზნით, შიდა აუდიტის დეპარტამენტი შემოიფარგლა მხოლოდ სკოლის შიდა სისტემის წარმომადგენლების გამოკითხვით. ვინაიდან ისინი სავარაუდო დისციპლინურ სამართალდამრღვევებს წარმოადგენენ, არ შეიძლება რომ ეს ადამიანები ჩაითვალონ მიუკერძოებელ, ნეიტრალურ მოწმეებად. ამდენად, მხოლოდ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების კრიტერიუმს.

შიდა აუდიტის დეპარტამენტმა არ შეისწავლა ის ვიდეო- და ფოტომასალა, რომელიც ადასტურებს სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების მონაწილოებას აქციაში. უწყებამ ასევე შეფასების გარეშე დატოვა ის ვიდეო მასალა, რომელიც აჩვენებს, რომ აქციაზე მოსწავლეების ქცევა ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა. კერძოდ, წარდგენილ ვიდეომასალაში ჩანს, რომ აქციაზე ბავშვები სასკოლო ჩანთებით იმყოფებიან, მობილიზებულ მსვლელობაში მონაწილეობენ მასწავლებლებთან ერთად და აქციაზეც ტრანსფარანტებითა და ხატებით ორგანიზებულად არიან განლაგებულნი.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეომასალა აჩვენებს, რომ აქციის ორგანიზატორი, ადგილობრივი სასულიერო პირი მადლობას უხდის თერჯოლის #2 სკოლის დირექტორს მხარდაჭერისთვის.

სკოლაში ტოლერანტობის, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის უზრუნველყოფის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-19 მუხლის, მე-10 ნაწილის შესაბამისად, EMC მიიჩნევს, რომ სამინისტროს უნდა ჰქონოდა დასაბუთებული ინტერესი სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების სიძულვილით მოტივირებულ ქცევაზე და მის წახალისებაზე.

განათლების სისტემაში რელიგიური ინდოქტრინაციისა და შეუწყნარებლობის პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კანონიერ და ეფექტურ რეაგირებას მოახდენს მოცემულ საქმეზე და უზრუნველყოფს ადეკვატური პრევენციული ზომების, მათ შორის, ტოლერანტობის და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე თერჯოლის #2 სკოლაში სპეციალური ღონისძიებების გატარებას.