სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის აღწერილობითი მიმოხილვა

15282_374985089343707_2877501769164773586_n2013 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, შეიქმნა ჯერ კიდევ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას დაანონსებული საკონსტიტუციო კომისია. კომისია დაკომპლექტდა 58 წევრით, სადაც განსხვავებული პროპორციით არის წარმოდგენილი საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა, აგრეთვე პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები, არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები, რომლთა მიერ წარმოდგენილმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა 2013 წლის არჩევნებში მიიღეს 3%-ზე მეტი. კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის ექსპერტები, აგრეთვე მთავრობის, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების თითო წარმომადგენელი.

საკონსტიტუციო კომისიის დებულების შესაბამისად, შეიქმნა 5 თემატური სამუშაო ჯგუფი:

  • საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
  • საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
  • ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
  • დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
  • ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.

კომისიის თითოეული წევრი უფლებამოსილია იყოს მხოლოდ ორი სამუშაო ჯგუფის წევრი. კომისიის საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს სარედაქციო საბჭო, რომელიც შედგება კომისიის თავმჯდომარის, მდივნისა და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებისგან.

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა კომისიის შექმნიდან, დაახლოებით 4 თვის შემდეგ და მიუხედავად დებულებით დადგენილი შეზღუდვის არარსებობისა, საკონსტიტუციო კომისია, კენჭისყრის გარეშე, შეჯერდა პოზიციაზე, რომ კონსტიტუციური ცვლილებები ორიენტირებული იქნება საპარლამენტო სისტემაზე.

მუშაობის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, საკონსტიტუციო სამუშაო ჯგუფებმა შეძლეს ოთხ-ოთხი სხდომის ჩატარება, რის შემდგომაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების მოტივით, სამუშაო პროცესი შეჩერდა და 5 თვის განმავლობაში არ განახლებულა.

გასათვალისწინებელია სამუშაო ჯგუფის წევრთა პასიურობა. სამუშაო ჯგუფების 24 სხდომიდან კვორუმისთვის საჭირო წევრთა რაოდენობა (ნახევარზე მეტი) მხოლოდ 6 სხდომაზე დაფიქსირდა. ეს ყოველივე პირდაპირ აისახა შედეგზე. კერძოდ, კონსტიტუციური რეფორმის მკაფიო ხედვა სამუშაო ჯგუფების უმრავლესობაში ჩამოყალიბებული არ არის.

ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, ნათელი გახდა საკონსტიტუციო კომისიის უუნარობა 2014 წლის პირველ სექტემბერს დაესრულებინა შესაბამისი  კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადება და მუშაობის პერიოდი 6 თვით, პირველ მარტამდე გახანგრძლივდა.

დაბოლოს, სამუშაო პროცესი განახლდა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. დაგეგმილი, 4 სამუშაო ჯგუფის სხდომიდან ორი გადაიდო, ჩატარებულ სხდომებზე კვორუმი კვლავაც არ ყოფილა. ამ ეტაპისთვის, ცნობილია მხოლოდ კონსტიტუციური რეფორმის ორიენტირი, რომელიც საპარლამენტო მმართველობისკენ არის გადახრილი.