არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიიღოს გადამჭრელი ზომები საყდრისის ძეგლის სრული განადგურების შესაჩერებლად

ხელმომწერი ორგანიზაციები მიესალმებიან საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას და მოუწოდებენ ხელისუფლებას, მიიღოს გადამჭრელი ზომები საყდრისის ძეგლის სრული განადგურების შესაჩერებლად

 

26 დეკემბერი, 2014 წ.

2014 წლის 13 დეკემბერის, დილის 8 საათიდან კომპანია RMG Gold-მა საყდრისის უბანზე მსხვილმასშტაბიანი სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოება დაიწყო. საზოგადოების მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, რომელიც საყდრისის კულტურულ მნიშვნელობას ასაბუთებდა და მის შენარჩუნებას  მოითხოვდა, ასევე, არაერთი სამართლებრივი ბარიერის მიუხედავად, RMG Gold-ის მოთხოვნის საპასუხოდ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, 12დეკემბერს, ერთ დღეში, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტები, რომელთა საფუძველზე საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა და კომპანიას მიეცა ობიექტის „დაშლის“ უფლება.

2014 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საზოგადოების მოთხოვნას და მიიღო საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს განადგურების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება. ეს პოზიტიურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნული ბერკეტი მხოლოდ არსებული ვითარების პოსტფაქტუმ შესწავლისა და შეფასების შესაძლებლობას იძლევა და ვერ უზრუნველყოფს საყდრისის, როგორც ძეგლის დაცვას და შენარჩუნებას. ამ თვალაზრისით, მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება – წლის დასასრულამდე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ[1] კომპანია RMG Gold-სათვის საყდრისის უბანზე ლიცენზიის გაგრძელების საკითხი უნდა განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნულზე უარი უკანასკნელი სამართლებრივი ბერკეტია საყდრისის ძეგლის სრული ნგრევის შესაჩერებლად.

საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს ათვისების უფლების მოპოვებას კომპანია RMG Gold უკანასკნელი პერიოდში აქტიურად ცდილობდა. თავდაპირველად, მისი პოზიცია ძეგლის მნიშვნელობის გაუფასურებას ეფუძნებოდა, რასაც ხელისუფლებაც ეთანხმებოდა. მოგვიანებით, არაერთი მეცნიერული თუ სამართლებრივი არგუმენტის, მათ შორის, საქმეზე მიმდინარე სასამართლო დავის არსებობის პირობებში, რომელმაც უკანონოდ ცნო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გადაწყვეტილება ძეგლისათვის სტატუსის მოხსნისთაობაზე, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა საყდრისის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მნიშვნელობის არაღიარება. ამდენად, შემდგომ, კომპანიამ მანიპულაციურ სტრატეგიას მიმართა – საწარმოში დასაქმებული ადგილობრივი კაზრეთელების სამუშაო ადგილების შენარჩუნების სანაცვლოდ, ძეგლის ტერიტორიის ათვისების უფლება მოითხოვა, რაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა და დაადასტურა მისი წარმომადგენლების საჯარო გამოსვლებში.

მივიჩნევთ, რომ სრულიად უკანონოა გადაწყვეტილება საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე, ვინაიდან ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, ძეგლის განადგურების შესაძლებლობას, საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს. შესაბამისად, იმთავითვე მცდარი და მანიპულაციურია სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც ერთმანეთს უპირისპირებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს. ამგვარი არგუმენტაცია საზოგადოებრივი განხილვის საგანი რომც ყოფილიყო, კითხვებს აჩენს სახელმწიფოს ლოიალობა იმ კომპანიის მიმართ, რომელიც წლების მანძილზე კანონდარღვევებით და უსამართლოდ ითვისებს ადამიანურ თუ ბუნებრივ რესურსებს და რეგიონის უმძიმეს სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მდგომარეობას განაპირობებს. კერძოდ:

  •   რუსული კომპანია RMG Gold (ყოფილი „კვარციტი“) და RMG Cooper (ყოფილი „მადნეული“) გამოირჩევა დაბალი სოციალური პასუხისმგებლობით. საწარმოში დასაქმებული და დაბა კაზრეთში მცხოვრები ადამიანები მუშაობენ და ცხოვრობენ უმძიმეს სოციალურ პირობებში. ხშირ შემთხვევაში, საწარმოში, არ არის დაცული შესაბამისი სამუშაო პირობები, რაც მუდმივი რისკის ქვეშ აყენებს დასაქმებულ ადამიანებს. აღნიშნულის საპასუხოდ, კაზრეთის მოსახლეობამ, მიმდინარე წლის დასაწყისში სრულმასშტაბიანი გაფიცვა მოაწყო; გაფიცვის მიზეზად მძიმე სამუშაო/სოციალურ პირობებს და უსამართლო ანაზღაურებას უთითებდნენ. გაფიცვის პერიოდში, შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტების არსებობის მიუხედავად, ხელისუფლებამ არ მიიღო გადაწყვეტილება ჩართულიყო პროცესში და გამოეყენებინა მის ხელთ არსებული მექანიზმები, კომპანიაში დასაქმებული მუშების უფლებების დასაცავად. ხელისუფლების ჩართვა და გაფიცვის მედიაციით დასრულება მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად გახდა შესაძლებელი. კომპანიას ამ დრომდე არ შეუსრულებია საბოლოოდ მიღწეული შეთანხმების ცალკეული პუნქტები; შეთანხმების იმ პუნქტებს, რომლებიც შესრულებულად ან ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს, თავად ადგილობრივების შეფასებით, მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია მათ მდგომარეობაზე და ყველა მწვავე საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას. უფრო მეტიც, გაფიცვის პერიოდისაგან განსხვავებით, სამუშაო ადგილის დაკარგვის შიშით (გაფიცვის შემდეგ გაფიცვის და საპროტესო აქციების მონაწილე 50-მდე პირმა დაკარგა სამუშაო ადგილი), დღეს კაზრეთის მოსახლეობა ღიად აღარ საუბრობს არსებულ პრობლემებზე, რაც დასაქმებულთა მდგომარეობის გაუარესების მაჩვენებელია. სახელმწიფოს მხრიდან დასაქმებულთა უფლებების დაცვის წარუმატებელმა პრეცედენტმა, მუშები საწარმოზე სრულად დამოკიდებული გახადა, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც ასუსტებს მათი უფლებების დაცვისათვის ბრძოლას და ამცირებს საწარმოზე შიდა კონტროლის მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას.
  •  RMG Gold და RMG Cooper, მუშათა გაფიცვის პერიოდში, მუშათა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასასაბუთებლად, იყენებდნენ არგუმენტებს კომპანიებში არსებული ეკონომიკური კრიზისის თაობაზე. თუმცა, არცერთ შემთხვევაში, მათ შორის, არც მედიაციის პროცესში, კომპანიებს არ წარმოუდგენიათ მათი პოზიციის, კერძოდ, კომპანიებში არსებული იმგვარი ეკონომიკური კრიზისის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც შეუძლებელს ხდიდა გათავისუფლებული მუშების აღდგენას. გაფიცვამდე (შესაბამისად, მუშათა გათავისუფლებამდე) რამდენიმე დღით ადრე, კომპანიამ ყველა მუშასთან უვადო ხელშეკრულებები გააფორმა, რაც აჩვენებს კომპანიის მსჯელობის მანიპულაციურობას, რამდენადაც შეუძლებელია ეკონომიკური კრიზისის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის კომპანიას არ ჰქონოდა ინფორმაცია. ამასთან, კომპანია საყდრისის უბნის გარდა, ფლობს, თუმცა, არ ითვისებს ფერადი ლითონების მოპოვების ლიცენზიას არაერთ სხვა უბანზე. ყურადსაღებია ასევე, რომ თითქოსდა მწვავე ეკონომიკურ კრიზისში მყოფი კომპანია, „კრიზისის“ პერიოდში აფინანსებდა არაერთ სპორტულ-გასართობ ღონისძიებას და მსხვილმასშტაბიან/ ძვირადღირებულ სარეკლამო კამპანიას.
  •  საწარმო საქართველოში გარემოს ერთ-ერთ უდიდესი დამბინძურებელია. საწარმო  აბინძურებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ნიადაგს, მდინარეს, საირიგაციო სისტემებს და ა.შ. მდინარეების კაზრეთულასა და მაშავერას წყლით მორწყვის შედეგად, მძიმე მეტალებით დაბინძურებული ბოსტნეულით მარაგდება ბოლნისი, რუსთავი, თბილისი. ამრიგად, საწარმოს საქმიანობა საფრთხესუქმნის არა მხოლოდ დაბა კაზრეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, არამედ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს[2].
  •  კაზრეთის ფერადი ლითონების მომპოვებელ-გადამამუშავებელი საწარმო, საბჭოთა პერიოდში, 1975 წელს შევიდა ექსპლუატაციაში; მისი პრივატიზება 2005 წელს მოხდა. მთელი ამ წლების განმავლობაში საწარმო საქმიანობას გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (გზნ) გარეშე ახორციელებდა და ნებართვა მხოლოდ 2009 წელს მიიღო. ნებართვის მისაღებად სამინისტროში წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშები უკიდურესად უხარისხოდ იყო შესრულებული. მიუხედავად ამისა, სამინისტრომ მაინც გასცა ნებართვები, „ანგარიში გაუწია“ რა კომპანიის სპეკულაციურ მტკიცებას, რომ ნებართვების გაუცემლობის შემთხვევაში, საწარმო გაჩერდებოდა და საფრთხე შეექმნებოდა მთელ ბოლნისის რაიონს.
  •  საწარმოს მიერ მდინარეების რეგულარულ დაბინძურებას ადასტურებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული ბიოლოგიური მონიტორინგის შედეგები, რომელიც  ნათლად აჩვენებს, რომ მდინარე მაშავერა, მდინარე კაზრეთულას შესართავიდან ქვემოთ, პრაქტიკულად ეკოლოგიურად მკვდარი მდინარეა. გარემოს ეროვნული სააგენტო[3], რომელიც მდინარე მაშავერაზე წყლის მონიტორინგს ატარებს (მაგრამ არ ახმაურებს მის შედეგებს), ამავდროულად ლიცენზიის გამცემი ორგანოცაა და ასევე, ყოველთვიურად, ე.წ. „რეგულირების გადასახადის“ სახით, საწარმოსგან ნახევარ მილიონ ლარზე მეტს იღებს[4].
  •  საწარმოების საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს არცერთხელ(!) შეუმოწმებია ნებართვებითა და ლიცენზიებით დადგენილი  პირობების შესრულების მდგომარეობა;
  •  კომპანიის მიერ ჩადენილი უხეში კანონდარღვევები და ამის საპასუხოდ სახელმწიფოს მიერ გამოჩენილი ლოიალობის შემთხვევები არაერთხელ აისახა ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებულ ანგარიშებში. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს 2012 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც, RMG Gold-სა და RMG Cooper-ს, 13 მილიონი ლარის გადახდის შეპირების სანაცვლოდ, 1994-2012 წ.წ.-ში ჩადენილი ყველა სახის დარღვევა და დანაშაული ეპატია(!), ისე, რომ არ ყოფილა შეფასებული ამ 18 წლის განმავლობაში გარემოზე მიყენებულ ზიანის ოდენობა და არც დარღვევების სხვა შედეგები. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს კანონი პარლამენტმა გააუქმა, საკონსტიტუციო სასამართლომ კი, ის უკანონოდ ცნო. ამასთან, საწარმოებთან დადებული შეთანხმების კანონიერება სახელმწიფო უწყებებს ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ.

ზემოაღნიშნული გარემოებები ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს იმ ეკონომიკური პოლიტიკის  შედეგებს, რომელმაც დამსაქმებლებს, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვაზე დაფუძნებული სამართლებრივი ჩარჩოსა და რეგულირების გარეშე, ადამიანური და ბუნებრივი რესურსების განუსაზღვრელად ათვისების შესაძლებლობა მისცა. ხელისუფლების შემწყნარებლური და პროტექციონისტული პოლიტიკის პირობებში, საწარმოების საქმიანობა ფაქტობრივად უკონტროლო გახდა. ამან განსაკუთრებულად მძიმე შედეგები დასაქმებულ ადამიანებზე, გარემოსა და კულტურაზე აჩვენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ:

  • არ უნდა იქნეს დაშვებული საყდრისის უბანზე წიაღით სარგებლობა. ასეთი გადაწყვეტილება არაერთ სამართლებრივ არგუმენტს შეიძლება დაეფუძნოს და ის წარმოადენს ერთადერთ მექანიზმს საყდრისის ძეგლის სრული განადგურების შესაჩერებლად;
  • პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ საყდრისთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესწავლის პარალელურად, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ კომპანიების RMG Gold-ისა და RMG Cooper-ის საქმიანობით, სხვა მიმართულებებითა და მათთან დაკავშირებული სახელმწიფო უწყებების ქმედებების შესაბამისობით კანონმდებლობასთან, რამდენადაც არაერთი ეპიზოდი ამგვარ შეუთავსებლობას აჩვენებს. დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენისას, უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

ამასთან, მივიჩნევთ, რომ:

  • სახელმწიფომ არსებითად უნდა გადახედოს ეკონომიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით და კულტურის პოლიტიკას და ისინი ადამიანის უფლებების, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მიზანს დააფუძნოს. მათ შორის:
  • სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს და დანერგოს ისეთი პოლიტიკა და კანონმდებლობა, რომელიც მიმართული იქნება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაზე და მინიმუმამდე შეამცირებს გარემოსათვის მიყენებულ ზიანს; ამასთან, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის საკითხებს ევროპული სტანდარტების შესაბამისად დაარეგულირებს;
  • სახელმწიფომ უნდა გადახედოს შრომის პირობებისა და უსაფრთხოების დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობას და უზრუნველყოს შესაბამისი კონტროლის მექანიზმების, მათ შორის, შრომის ინსპექციის, დანერგვა და ამოქმედება;

ხელმომწერი ორგანიზაციები:

მწვანე ალტერნატივა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

„სტეფანწმიდა“

“ძეგლის მეგობარი”

“მეოხი – 2010”

 

________________________________________

[1] სააგენტო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

[2] გისენის უნივერსიტეტის (გერმანია), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და თსუ-ს მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევების თანახმად,  მაშავერას ხეობაში ყოველწლიურად ერთ ჰექტარ სასოფლო სამეურნეო სავარგულის მორწყვისას ნიადაგში 12.4 კგ სპილენძი, 3.6 კგ თუთია და 17 გრ კადმიუმი ხვდება. ნიადაგის დაცვის გერმანული კანონმდებლობის სტანდარტებით,  ეს მონაცემები საგრძნობლად სცილდება ნორმებს: სპილენძი 36-ჯერ, თუთია და კადმიუმი კი 3-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. ტყვიის, სპილენძის, თუთიის, რკინის კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო იმ სოფლებში (მაგ.სოფ. ქვეშში) აღებული სიმინდის, ლობიოსა და კარტოფილის ნიმუშებში, სადაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სარწყავად ძირითადად მდ. მაშავერას წყალს იყენებენ http://goo.gl/lW1zc2

[3] გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი

[4] კომპანია RMG GOLD-ის დირექტორმა გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში გადაცემა „რეალურ სივრცეში“ (03.03.2014) დაადასტურა, რომ გარემოსეროვნული სააგენტო, ამ რეგულირების გადასახადით, არაფერს არეგულირებს.