გვინდა თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?

ავტორები:

გიორგი ბურჯანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი,
ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორი

მერი კოჭლამაზაშვილი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იდეა დაძველდა… რაღა დროს ნაფიცი მსაჯულები არიან… ვიღაც მოქალაქემ როგორ უნდა გადამიწყვიტოს საქმე… იურისტებმა ამდენი წელი იმიტომ ვისწავლეთ, რომ მერე საქმე უბრალო მოქალაქემ გადაწყვიტოს? რა იციან მაგათმა სამართალი… ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ბევრი დრო მიაქვს… არამარტო დრო, ფულიც ბევრი ჭირდება… ძალიან ადვილია ნაფიცი მსაჯულების მოსყიდვა და მათი ზეგავლენა … აუ, მაგრად მეზარება ნაფიც მსაჯულად რომ გამომიძახონ… ნაფიცმა მსაჯულებმა რამდენ მკვლელს გადაუკვალიფიცირეს მკვლელობის ბრალდება, იცი?! … უამრავი ქვეყანა უარს ამბობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე…

ეს არის მოკლე სია იმ არგუმენტებისა, რომელსაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინააღმდეგ გაიგონებ. ზოგიერთ მათგანს მართლაც აქვს რაღაც საფუძველი, ნაწილი კი მხოლოდ პირადი შეხედულებაა. იდეალური შეიძლება ძალიან ცოტა რამ იყოს ამ ქვეყნად, განსაკუთრებით სამართალში. ნებისმიერი კანონი გათვლილია უამრავ ადამიანზე და მან უნდა გაითვალისწინოს შეძლებისდაგვარად ყველას ინტერესი და დაადგინოს სამართლიანი რეგულირება კონკრეტული საკითხის გარშემო. შესაბამისად, ნებისმიერი ნორმა შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ რისკს, მაგრამ მთლიანობაში მისი სარგებლიანობა უნდა აღემატებოდეს იმ შესაძლო საფრთხეებს, რომლებსაც იგი შეიცავს.

10578058_545213648939050_573162555_nდღეს, მეტნაკლებად იკვეთება, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმას აპირებენ “კონსტიტუციის მომავალი დედ-მამები”, არადა სულ 5 წელიც კი არ არის, რაც ეს სისტემა ამოქმედდა საქართველოში. შესაძლო უარყოფის მიზეზები პირველ აბზაცშია წარმოდგენილი. ხელისუფლებისთვის ალბათ მთავარ პრობლემად რჩება რამდენიმე შემთხვევაში გამართლებული პირი ანდა ბრალდებულის სასიკეთოდ შეცვლილი ბრალდებები. შესაბამისად, სავარაუდოდ, მთავარი პროკურატურა ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია იმისა, რომ გაუქმდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

ახლა, დარწმუნებული ვარ, ამ პოსტის წამკითხველი ბევრი პროკურორი ან სამართალდამცველი გაბრაზდება. მათიც მესმის. ამდენს მუშაობენ. უყენებენ პირს ბრალდებას. თანაც მძიმეს. შემდეგ კი ნაფიცი მსაჯულები დგებიან და ამბობენ, რომ პირი უნდა გამართლდეს ან გამტყუნდეს ისეთი მუხლით, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა არის საკმაოდ მცირე. გარკვეული ფრუსტრაცია გასაგებია და შეიძლება სრულიად დამსახურებულადაც ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ცუდია. ასევე წარმომიდგენია ამ დროს რა გრძნობა შეიძლება ჰქონდეს იმ დანაშაულის მსხვერპლის ოჯახის წევრებს, რომელთა ნათესავის მკვლელიც გაამართლეს.

ამ ყველაფრის შემდეგ, პასუხი უნდა გავცეთ შეკითხვას  – გვინდა თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სიტემა და უნდა ვიბრძოლოთ თუ არა მისთვის? საქართველოს კონსტიტუცია და რეგიონული თუ უნივერსალური ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტები არ აღიარებენ მას სამართლიანი სასამართლოს უფლების აუცილებელ კომპონენტად. შესაბამისად, აქ ადამიანის უფლებათა სამართალი არ გამოგვადგება არგუმენტაციაში. ამ ინსტიტუტის პრაგმატულობა უნდა დავუპირისპიროთ იმ შესაძლო უარყოფით მხარეებს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თან შეიძლება ახლდეს.

უცნაურია, 2000 წლიდან მოყოლებული, უამრავი დებატი და მსჯელობა წარიმართა ნაფიც მსაჯულთა ავკარგიანობის შესახებ. წესით, თითქოს ყველაფერი უნდა გვქონდეს გათვითცნობიერებული და აწონილ-დაწონილი. მხოლოდ ზედაპირულად არ უნდა ვიმსჯელოთ და მხოლოდ ერთ მხარეს არ უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას. უნდა გავიაზროთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, გარანტიები კანონმდებლობაში და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ გვინდა თუ არა იგი.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მთავარი სიძნელეები შემდეგია:

  • ბევრი დრო და შესაბამისი რესურსი იხარჯება ამ ტიპის პროცესზე;
  • ნაფიცი მსაჯულები არ იცნობენ კანონმდებლობას, მაშინ როცა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივ ნორმებს ეფუძნება;
  • სასამართლო შეცდომის რისკი მაღალია, რასაც ამძაფრებს ის საკითხი, რომ ფაქტობრივ საკითხზე აპელაცია არ ხდება.

ტერმინი „სიძნელე” სპეციალურად გამოვიყენე „პრობლემის” ნაცვლად. იგი უკეთ ასახავს სათქმელს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სახეზე არ არის საგანგაშო ტიპის მდგომარეობა. სიძნელე შეიძლება დაძლიო, მაშინ როცა პრობლემა უფრო მეტ „ქირურგიულ ჩარევას” საჭიროებს. ცალ-ცალკე მივყვეთ თითოეულს.

ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ჩატარებული პროცესი დიდ დროს და დანახარჯს მოითხოვს. რა თქმა უნდა, ასეა. აუცილებელია მსაჯულობის კანდიდატების მოწვევა, მათი გამოკითხვა, შერჩევა, დასაბუთებული და დაუსაბუთებელი აცილებების გაცხადება, საბოლოო ჟიურის ფორმირება და სხვა მრავალი ტექნიკური დეტალი. ასევე ნაფიცი მსაჯულების მიერ საკითხის გადაწყვეტისას, გათვალისწინებულია მათი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა. მაგრამ ამ ლოგიკას თუ გავყვებით და მის საფუძველზე დავიწუნებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მაშინ უარი უნდა ვთქვათ ე.წ. „რთულ საქმეებზეც”, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობენ. ზოგიერთ საქმეში იმდენი მოწმე შეიძლება იყოს დასაკითხი, იმდენი ნივთიერი მტკიცებულება იყოს გამოსაკვლევი, რომ მათზე დახარჯული ფული უფრო მეტი იყოს, ვიდრე რამდენიმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის განკუთვნილი თანხა. რესურსების დაზოგვა და ეფექტურად გამოყენება მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოვახდინოთ მართლმსაჯულებაზე უარის თქმა იმიტომ, რომ იგი ძვირია. უფრო მძიმე ფასის გადახდა შეიძლება მოუწიოს საზოგადოებას, თუკი მართლმსაჯულება არ განხორციელდება. ფულის ხარჯვის მოტივით არავინ ამბობს უარს მართლმსაჯულებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში, როდესაც ე.წ. გამარტივებული სამართალწარმოებით ხდება მრავალი საქმის დასრულება. საპროცესო შეთანხმება საქართველოს და მრავალი სხვა ქვეყნის სისხლის სამართლის სიტემაში იკავებს 80%-ზე მეტ ხვედრით წილს. მხოლოდ იმ საქმეების განხილვა და გადაწყვეტა ხდება არსებითად, სადაც რეალურად ბრალდების და დაცვის მხარე დაობს გარკვეული საკითხის გარშემო. ამ შემთხვევაში, სასამართლო წყვეტს მათ შორის მტყუან-მართალს. იმ რეალობაში, როდესაც ცოტა საქმე იხილება არსებითად სასამართლოებში და ამათთაგან მხოლოდ რამდენიმეა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართული, რესურსის საკითხი არ შეიძლება რელევანტური იყოს, რადგან იგი მთლიან ხარჯვით ნაწილში საკმაოდ მცირე სახით იქნება წარმოდგენილი.

„ნაფიცი მსაჯულები არ არიან პროფესიონალი იურისტები“. ეს სიმართლეა, მაგრამ მათ არ მოეთხოვებათ რაიმე განსაკუთრებული ცოდნა. მხოლოდ საღი აზროვნება და ზოგადი უნარები არის მნიშვნელოვანი. სასამართლო პროცესზე მოსამართლე განუმარტავს ნაფიც მსაჯულებს და უხსნის იმას, თუ რა არის აკრძალული სისხლის სამართლის კოდექსით. მოსამართლე განმარტავს, თუ რა იგულისხმება ამ ცნებაში, რა ქმედება უნდა განხორციელდეს, რომ იგი ჩაითვალოს კონკრეტულ დანაშაულად, მნიშვნელობა აქვს თუ არა ამ ქმედების შედეგს, საჭიროა თუ არა პირს ჰქონდეს განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობითაც შეიძლება პირის დასჯა, მოსალოდნელი სასჯელი კონკრეტული დანაშაულისთვის და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს მოსამართლე განუმარტავს ნაფიც მსაჯულებს მათთვის გასაგებ ენაზე. იგი წერილობით და ზეპირად უხსნის ამ საკითხებს მსაჯულებს. მოსამართლე განმარტავს იმას, თუ რა არის მაგალითად „მკვლელობა”.  დეტალურად ხსნის ზემოაღნიშნულ საკითხებს და შემდეგ აძლევს სხვა განმარტებებს (მაგალითად, როგორ უნდა დადგინდეს პირის სუბიექტური განზრახვა). ამ ყველაფერზე ნაფიცი მსაჯულები იღებენ წერილობით და ზეპირ განმარტებებს. თუ გაუგებარი იქნება მაინც რამე, კიდევ დამატებით განმარტებებს მიიღებენ. მარტივი, გასაგები ენით მათ იციან დანაშაულისა და შესაბამისი პროცედურული საკითხების შესახებ. ამ პირობებში ნებისმიერი საღად მოაზროვნე პირი მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ დროს პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა. იურიდიული მეცნიერების ცოდნა მოეთხოვება მხოლოდ მოსამართლეს, რომელმაც უნდა მოახდინოს ნაფიც მსაჯულთა ჯეროვანი ინფორმირება. როცა გეუბნებიან, რომ A+B=C და განგიმარტავენ თითოეულის მნიშვნელობას, შემდეგ ძალიან მარტივია გამოიყენო ეს ფორმულა რეალურ ცხოვრებაში და დაადგინო, თუ A და B სახეზეა, მაშინ C მოხდა.

ნაფიცი მსაჯული გადაწყვეტილებას იღებს მარტივი საკითხის გარშემო. შეცდომა მან ისევე შეიძლება დაუშვას, როგორც ნებისმიერმა მოსამართლემ. თუ ყალბი მტკიცებულება იქნა წარდგენილი და მეორე მხარემ ვერ შეძლო ამ სიყალბის გამოაშკარავება, პროფესიონალი მოსამართლეც შეიძლება მოტყუვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ საჩივრდება, მაინც შეიძლება სასამართლო შეცდომის გამოსწორება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სამართალწარმოების განახლებით.

ვფიქრობ, შედარებით ნათელია ის, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვისას წარმოშობილი ყველა შესაძლო სიძნელე დაძლევადია. ამ ფონზე, ასევე საინტერესოა ის, თუ რა სარგებლობა მოაქვს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს? 

ხშირად, ტელევიზორში რომ ხედავთ პოლიტიკოსს, რომელმაც თავი მოგაბეზრათ, სხვა ცუდ რამეებთან ერთად, ალბათ ფიქრობთ – არჩევნებზე მე ამას ხმას აღარ მივცემ. მართლაც ესეა. პოლიტიკური თანამდებობები ანუ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მოსახლეობის უმრავლესობის პოლიტიკური სურვილის შესაბამისად იცვლება. მაგრამ, სასამართლოს მიმართ იგივე მიდგომა არ გამოიყენება. აქ ხალხის მონაწილეობა მინიმალურია და საკმაოდ ირიბია. პირდაპირი დემოკრატიის გზით შერჩეული ხელისუფლების წარმომადგენლები (პარლამენტის წევრები, პრეზიდენტი და სხვა) ირჩევენ სპეციალურ ორგანოს (საქართველოს შემთხვევაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს) და შემდეგ ის ნიშნავს მოსამართლეებს. ეს არის საკმაოდ ირიბი გზა ლეგიტიმაციის მისაღებად. მე არ მინდა ვთქვა, რომ ეს ცუდია. რა თქმა უნდა, სასამართლო უნდა იყოს პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული და მიუკერძოებელი სახელისუფლებლო შტო. არავის არ უნდა ჰქონდეს რაიმენაირი გავლენა მათზე, მათ შორის არც ხალხს. მოსამართლემ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, სადაც ის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას დაუპირისპირდება, თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველია სახეზე.

მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა სასამართლოს მიმართ. ეს განსაკუთრებით საჭიროა საქართველოს მსგავს ახალი დემოკრატიის ტიპის ქვეყნებში, სადაც სასამართლო სისტემა ნორჩია, სადაც ზოგმა მოსამართლემ ბოლომდე ვერ გააცნობიერა, რომ მათ უფროსი არ ჰყავთ და არავის დირექტივას არ უნდა მიჰყვნენ, სადაც მოსამართლეები არ ირწევიან „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“. ამ პირობებში, საჭიროა ხალხის ნდობის დამატებითი მექანიზმის შემოტანა. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ყველაზე კარგი გამოსავალია ამგვარ სიტუაციაში. სანამ სასამართლოს მიმართ ნდობა არ იქნება საკმაოდ მაღალი, მანამდე საჭიროა ხელისუფლების ამ შტოს მიმართ ნდობის ნაფიცი მსაჯულების მეშვეობით გამყარება. ამ შემთხვევაში, ხალხის პირდაპირი მონაწილეობის უზრუნველყოფა ხდება ნაფიც მსაჯულთა განხილვის პროცესში წარმოდგენით. გადაწყვეტილებას იღებს ხალხი. ამ ხალხს არჩევს ბრალდების და დაცვის მხარე ერთად. შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლებაზე ინსტიტუციური დატვირთვა ნაკლებია და მართლმსაჯულებისადმი ნდობა მაღლდება.

ასევე, ჩემი აზრით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო წარმოადგენს “სისხლის სამართლის რეალურ ცხოვრებას”. უფრო დეტალურად, მაგალითად, პარლამენტმა მიიღო კანონი და მიიჩნია ქმედება საზოგადოებრივი საფრთხის შემცველად. მაგრამ მოსახლეობას, თუკი განსხვავებული აზრი აქვს, მაშინ იგი ყოველთვის უგულებელყოფს ამ კანონს (ე.წ. კანონის ნულიფიკაცია). ამ პირობებში, მოქალაქე სამართალშემოქმედების და შეფარდების პროცესის ეპიცენტრში ექცევა, რაც მის სამოქალაქო შეგნებას უდავოდ ზრდის. ასევე, როცა ნაფიცი მსაჯულები ამართლებენ პირს, რომელსაც ბრალად ედება მძიმე დანაშაულის ჩადენა, მათ გათვითცნობიერებული აქვთ ის, რომ ეს პირი მათ გვერდით იცხოვრებს. თუკი დამნაშავე პირს გამოუშვებენ, მათ ან მათ ახლო ნათესავებს საფრთხე დაემუქრებათ. ამ პირობებში, ისინი ყოველთვის ეცდებიან გამოიტანონ დაბალანსებული გადაწყვეტილებები და ერთი მხრივ, მათი და საზოგადოების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, პირის თავისუფლების უფლება დაუპირისპირონ ერთმანეთს. სწორედ ეს არის სისხლის სამართალი – საზოგადოება თავს იცავს გარკვეული პირებისგან და ცდილობს გაუღვივოს მათ მართლწესრიგისადმი ნდობა. მოქალაქე, როცა ამ გადაწყვეტილებას თავად იღებს, მას მაღალი სამოქალაქო შეგნება უყალიბდება.

ცუდი მაგალითის მოყვანა ბევრგან შეიძლება. ოჯეი სიმპსონი და მრავალი სხვა არსებობს და დიახაც დაუშვეს შეცდომა მსაჯულებმა. მაგრამ ამის გამო ვერ ვიტყვით, რომ მთლიანად იდეა არის ცუდი. დღესდღეობით სასამართლო სისტემის არსებობისთვის აუცილებელია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. სასამართლო ხელისუფლებას არ აქვს მაღალი ნდობა და ხელისუფლების სავარაუდო გავლენის რისკი სასამართლო კორპუსზე, კვლავინდებურად ქმნის იმის აუცილებლობას, რომ ნაფიცი მსაჯულების სისტემა შევინარჩუნოთ. შეცდომა საქართველოში ყველა ინსტიტუტმა დაუშვა, მაგრამ ისინი არ გაგვიუქმებია.

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგჯერ, აღმასრულებელი ხელისუფლებაც შეიძლება არ ენდობოდეს სასამართლოს. დაახლოებით 1 წლის წინ, დღეს მოქმედმა ხელისუფლებამ ნაფიც მსაჯულთა იურისდიქცია გააფართოვა გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, რადგან ნდობა არ ჰქონდათ მოსამართლეების. მოტივაცია იმ შემთხვევაში მთლად კარგი არ იყო და ალბათ ამიტომაც არ მოხდა კანონპროექტის მიღება პირვანდელი სახით, მაგრამ თავისთავად ეს შემთხვევა ნათლად წარმოაჩენს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მრავალმხრივ საჭიროებას.

ლიბერალური მიდგომით, რაც შეიძლება ნაკლები ფული უნდა იხარჯებოდეს ხელისუფლების შენახვაში და მეც ასე ვფიქრობ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკმაო რესურსი სჭირდება, მაგრამ დღევანდელ რეალობაში საჭიროა სასამართლო სისტემის მხარდაჭერა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შენარჩუნებით. ათეული წლები დაჭირდება საქართველოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და სხვა ღონისძიებებთან ერთად, რომ მხოლოდ პროფესიულ მოსამართლეთა სისტემაზე გადავიდეს და მოსახლეობის მაღალი ნდობა დაიმსახუროს. მერე შეიძლება მასზე უარის თქმაც და ფულის და სხვა რესურსის დაზოგვა. მანამდე კი, ძალიან გვჭირდება მოქალაქეთა კორპუსი სასამართლო პროცესებზე და ამ მიდგომაზე უარის თქმა, სასამართლო სისტემის მშენებლობის პროცესში ნამდვილად უკან დახევა იქნება.

———

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის არ გამოხატავს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ან Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ)-ის პოზიციას.