შსს: შავი ყუთი

გამოქვეყნდა liberali.ge-ზე

გურამ იმნაძე

 

თომას ჰამერბერგის 2013 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი 40 000-მდე თანამშრომლით ქვეყანაში ყველაზე დიდ სახელმწიფო სტრუქტურას წარმოადგენს. ეს ანგარიში ფაქტობრივად ერთადერთი წყაროა, რომელიც შსს-ს მასშტაბებსა და მოცულობას მიახლოებით მაინც ასახავს. სხვა მხრივ, სამინისტროს დეპარტამენტების თანამშრომელთა რაოდენობის გარკვევა შეუძლებელია და თითქმის ყველა მნიშვნელოვან სტრუქტურულ ქვედანაყოფში დასაქმებულთა რიცხვს გასაჯაროებისგან საიდუმლო საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება იცავს.

imnadze_guramამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეალურ ძალაუფლებაზე, მოცულობასა და რესურსებზე საუბარი მხოლოდ ვარაუდებითაა შესაძლებელი და სისტემის გარედან დაკვირვების პირობებში, კონკრეტული დასკვნების გამოტანა უტოპიას წარმოადგენს.

შს სამინისტროს დახურულობის მიზეზი, ერთი მხრივ, მისი ყველა ძირითადი ქვესტრუქტურის საქმიანობის წესების გასაიდუმლოებაა. დღეს დახურულია ისეთი მნიშვნელოვანი სამსახურების დებულებები, როგორიცაა ცენტრალური კრიმინალური პოლიცია, კონტრტერორისტული ცენტრი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი, ანტიკორუფციული სააგენტო, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი.

ისეთი სამსახურების საქმიანობის წესები, ორგანიზება და სტრუქტურა, როგორიცაა კონტრტერორისტული ცენტრი ან კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, შესაძლოა მართლაც დაექვემდებაროს გარკვეულწილად გასაიდუმლოებას. თუმცა, როდესაც გასაიდუმლოებას მასშტაბური და აბსოლუტური ხასიათი აქვს და როცა გრიფის მინიჭების საკითხი ბლანკეტურია, ეს სისტემის მიმართ მომეტებულ უნდობლობას იწვევს. კიდევ უფრო შორსაა ლოგიკისგან ისეთი საპოლიციო სამსახურების დებულებებისა და შიდამარეგულირებელი ნორმების გასაიდუმლოება, როგორიცაა კრიმინალური პოლიცია, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო, ან ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი. აღნიშნული სამსახურები ყველაზე ხშირად არიან უშუალო შეხებაში მოქალაქეებთან. მათი მუშაობის მთავარი პრინციპი კანონიერებასთან ერთად, გამჭვირვალობა და განჭვრეტადობაც უნდა იყოს.

რაც შეეხება შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რომლის მთავარ მიზანსაც საზოგადოებაში სამართალდამცავებისადმი ნდობის ამაღლება წარმოადგენს, ლოგიკურად, მოქალაქეებთან ღია და პირდაპირ ურთიერთობაზე ორიენტირებული ორგანო უნდა იყოს.  თუმცა სამსახურის შიდამარეგულირებელი ნორმები, რომლებიც მის სტრუქტურას, მუშაობის წესსა და მოქალაქეებისთვის მინიჭებულ გარანტიებს განსაზღვრავს, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და, ცხადია, მისი საქმიანობაც გარე ზედამხედველობის მიღმა რჩება.

მისტიფიკაციამდე მისული საიდუმლოება და დახურულობა რამდენიმე მიზეზის გამო სისტემისთვისვეა მოსახერხებელი: ასეთ პირობებში, წარმოუდგენლად რთულდება სამინისტროს საქმიანობაზე ეფექტური მონიტორინგი და პრობლემათა დიდი ნაწილი გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება; საიდუმლოება და იდუმალება უნარჩუნებს სისტემას სტატიკურ ხასიათს და ასეთ პირობებში მისი გარდაქმნა-გაკეთილშობილება წარმოუდგენლად რთული ხდება. გარეშე თვალისთვის კი შესამჩნევია მხოლოდ ერთეული, მძაფრი პრობლემები და სისტემური ხარვეზები კვლავაც განაგრძობს შავ ყუთში დაფარულად არსებობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაანონსებული რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის სწორი დიაგნოზების დასმაა საჭირო, რაც შეუძლებელია შავი ყუთის პირობებში, როდესაც ეს ყუთი დახურულია და არ ვიცით რა დევს იქ, მისი რა ფრაგმენტებია პრობლემური და რა საჭიროებს გაუმჯობესებას. იმისათვის, რომ რეფორმა რეალურად განხორციელდეს და მას პოზიტიური შედეგები ჰქონდეს, პირველ და აუცილებელ ნაბიჯად უნდა დაისახოს ყველა მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტის გასაჯაროება, რათა შავ ყუთში მოქცეულმა ყველა პრობლემამ მზის სინათლე იხილოს და მოხდეს მათი ადეკვატური შეფასება.

 

ამავე თემაზე: შსს: რეფორმის პერსპექტივები